შეერთებული შტატების სენატში, სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინა. ინიციატივით სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის უკრაინის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი, რობ პორტმანი გამოვიდნენ.
რეზოლუციას მხარს ასევე უჭერენ: სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი, ბობ მენენდესი; კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში; სენატის უმრავლესობის ლიდერი დიკ დურბინი და რესპუბლიკელი სენატორი, ჯონ კორნინი.
რუსული ჯარი უკრაინის საზღვართან რჩება. ამ კვირაში გავრცელებული ცნობები, რომ კრემლს ჯარების ნაწილი ტერიტორიიდან გაჰყავს, ნატოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ფონზე, სენატორი შაჰინის თქმით, შეერთებულ შტატებს სურს აჩვენოს, რომ ორივე პარტია ერთიანია კიევის მხარდაჭერის საქმეში.
ჩვენ ერთიანი ვართ იმ საკითხზე, რომ საჭიროა უკრაინას სამხედრო დახმარებაჯინ შაჰინი
„იმ ფონზე, როცა უკრაინა დგას რუსეთის შეჭრის საფრთხის წინაშე, ჩვენ ერთიანნი ვართ იმ საკითხზე, რომ საჭიროა უკრაინას სამხედრო დახმარება გავუწიოთ, რათა მან თავი დაიცვას და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ახლოს ვიმუშაოთ, რათა ვიყოთ მზად მივიღოთ დამსჯელი ზომები, თუ პუტინი ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა შაჰინმა. „ჩვენი რეზოლუცია პირდაპირი გზავნილია უკრაინისა და რუსეთის მიმართ, თუ რა პოზიცია აქვს შეერთებულ შტატებს“, - თქვა სენატორმა.
რეზოლუცია ადასტურებს ამერიკის ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, გმობს 2014 წელს ყირიმის აგრესიას, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მიმდინარე კონფლიქტის და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის მთავრობას მისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, პოლიტიკური დიპლომატიური თუ სამხედრო კუთხით.
ამერიკის სენატი „მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ თუ რუსეთის მხრიდან დამატებით შეჭრას, ან სხვა მავნე ქმედებებს ექნება ადგილი, რაც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს, შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა იხმაროს ყველა ღონე, რათა რუსეთის ფედერაციას მნიშვნელოვანი საფასური გადაახდევინოს და აღადგინოს მშვიდობა ევროპაში“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საქმეში. რეზოლუცია გვაძლევს საშუალებას ერთხმად დავგმოთ რუსეთის ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვარზე და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, ჩვენი ორპარტიული ერთგულება რუსეთზე საფასურის დაწესების კუთხით, თუ ისინი ჩვენ მოკავშირეს თავს დაესმხებიან“, - განაცხადა სენატორმა რესპუბლიკელმა რობ პორტმანმა.
რეზოლუცია ნატოს მოკავშირეებს უკრაინის მიმართ სოლიდარობისკენ მოუწოდებს და გმობს რუსეთის ქმედებებს შავ ზღვაში.
კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის საქმეშირობ პორტმანი
„[ამერიკის სენატი] გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო საზღვაო სამართლის განგრძობით დარღვევას, შავი ზღვის ნაწილების და აზოვის ზღვის დაბლოკვით, რაც ზღუდავს ნავიგაციის თავისუფლებას და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა უკრაინის ეკონომიკაზე“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
მოსკოვი აცხადებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, თუმცა კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთი ომის დასაწყებად, შესაძლოა საბაბს ეძებდეს.
„მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწვეტილებას მიიღებს რუსეთი, ნათელია, რომ [პრეზიდენტმა ვლადიმირ] პუტინმა ვერ მიაღწია მის მიზანს, დაეყო დასავლეთი. ძლიერმა პასუხმა მის სამხედრო მობილიზაციაზე, აჩვენა, რომ ნატო უფრო ძლიერია, ამერიკა და ევროპის ალიანსი უფრო ძლიერია და ერთად ჩვენ კვლავ წინ აღვუდგებით სუვერენული ქვეყნების უსამართლო ბულინგს“, - ამბობს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ბობ მენენდესი. მისი თქმით, რეზოლუცია ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხზე ორი პარტიის ერთიანობას კიდევ ერთხელ აჩვენებს.
ნათელია, რომ პუტინმა ვერ მიაღწია მის მიზანს, დაეყო დასავლეთი.ბობ მენენდესი
თეთრი სახლის თქმით, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მოსკოვი ომისთვის ემზადება. უკრაინის საზღვარზე 150,000-ზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსკოვს მოუწოდებს, არ გადადგას ეს ნაბიჯი და აცხადებს, რომ თუ კრემლი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრება, მას მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს.