იმ დროს, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს ეკონომიკურ მუქარებს, რათა კრემლს უკრაინაში შეჭრა გადააფიქრებინოს, არის ერთი ვარიანტი, რომელიც გავრცელებული ცნობების მიხედვით, ერთ-ერთ პირველ შესაძლებელ ვარიანტად ითვლება. ეს არის რუსეთის გამორთვა გლობალური ელექტრონული გადახდების შეტყობინების სისტემიდან, რომელიც ცნობილია როგორც SWIFT.
ეს მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული უმაგალითო ნაბიჯი იქნებოდა.
თეთრ სახლს არ დაუდასტურებია, რომ რუსულ ბანკებს SWIFT-იდან გამორთვით ემუქრება. SWIFT იშიფრება როგორც: Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication (ბანკთა შორის მსოფლიო ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება).
თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ გავრცელებულ ხმებს დეკემბერში ხელმოსაჭიდი არგუმენტი დაუმატა, როცა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე თავდასხმას თუ გადაწყვეტს, შეერთებული შტატები და მოკავშირეები მის ქვეყანას „ამ დრომდე არნახულ“ სანქციებს დაუწესებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების აზრით, ასეთი ნაბიჯი რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ ტკივილს მიაყენებს, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ქვეყნის SWIFT-იდან მორთვის შედეგების შეფასება, სხვადასხვა მიზეზების გამო, გაზვიადებულია.
რა არის SWIFT და რატომ არის მნიშვნელოვანი?
SWIFT დაცული კომუნიკაციების პლატფორმაა, რომელსაც ბანკები, საბროკერო ფირმები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ინფორმაციის გასაგზავნად და მისაღებად იყენებენ, როგორიცაა საზღვარგარეთ ფულის გაგზავნა ან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული გადახდები.
სისტემა სინამდვილეში ფულს ან ფასიან ქაღალდებს არ გზავნის, ან ინახავს.
მაგალითად, გერმანული კომპანია ყიდულობს რუსულ ბუნებრივ გაზს და მას საფასურის გადახდა სჭირდება. მას შეუძლია ფული თავისი გერმანული ბანკის ანგარიშიდან, რუსული ფირმის რუსულ ბანკს, მიმღების ანგარიშის ნომრის და SWIFT-ის კოდის შეყვანით გაუგზავნოს. როდესაც თანხა ელექტრონული ფორმით გადავა, რუსულ კომპანიას ფულის გამოტანა შეეძლება.
SWIFT - ის მიერ ინსტრუქციებისთვის სტანდარტიზებული კოდების გამოყენება, ბანკებს გადახდების სწრაფად გაფორმების საშუალებას აძლევს.
SWIFT-ს 200-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე, დაახლოებით 11 ათასი ფინანსური ინსტიტუტი იყენებს. პლატფორმას წელიწადში 10 მილიარდზე მეტი შეტყობინების დამუშავება შეუძლია და ქვეყნებს შორის ტრილიონობით დოლარის მოცულობის გადახდებს შუამავლობს.
SWIFT-ის შექმნამდე, როდესაც ბანკებს ფინანსური ინფორმაციის გადაცემა სურდათ, ტელეგრაფის წრედებზე დაფუძნებულ სისტემა „ტელექსს“ (telex) იყენებდნენ, რომელიც ნელი, მოუქნელი და დაუცველი იყო.
ამიტომ, 1973 წელს შეიქმნა SWIFT, რომელსაც გადახდების ხუთ წუთზე ნაკლებ დროში შესრულება და ოპერაციების საწყისი წერტილიდან ბოლო წერტილამდე თვალყურის დევნება შეუძლია.
ვინ არის SWIFT-ის მფლობელი?
ბელგიაში ბაზირებულ კოოპერატივს მისი წევრი ბანკები ფლობენ და მას მართავს 25-წევრიანი დირექტორთა საბჭო, რომელშიც ამჟამად რუსეთის ერთი მოქალაქეც შედის. ორგანიზაციაზე მეთვალყურეობას ახორციელებს დიდი ათეულის - ბელგიის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ჰოლანდიის, დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატების, შვეიცარიის, შვედეთის ცენტრალური ბანკები და მათთან ერთად - ევროპის ცენტრალური ბანკი.
SWIFT-ის პლატფორმიდან ქვეყნის გამორთვა ოდესმე თუ მომხდარა?
ბრაიან ო’ტული, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ამბობს, რომ 2012 წელს, შეერთებული შტატების მხრიდან წნეხის შედეგად, ევროკავშირმა ირანის ბანკები „შავ სიაში“ მოახვედრა და ისინი სისტემიდან გამორთეს. თუმცა, ირანი გლობალური ფინანსური ქსელიდან მეტწილად იზოლირებული იყო და ამის გამო ზოგადი შედეგი ნაკლებად შესამჩნევი აღმოჩნდა.
შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს SWIFT-ს რუსეთის გამორთვა აიძულოს?
ო’ტული ამბობს, რომ SWIFT ბელგიის და ევროპის კანონებს ექვემდებარება, ამიტომ „სინამდვილეში შეერთებული შტატების კარნახის მიღება არ ევალება“.
თუმცა, შეერთებულ შტატებს აქვს ძალა, რომ თავად პლატფორმის წინააღმდეგ სანქციების მუქარით SWIFT-ს „ხელები გადაუგრიხოს“ ისევე, როგორც ეს ირანის შემთხვევაში გააკეთა.
რა მოხდება, თუ რუსეთს SWIFT-იდან გამორთავენ?
რუსეთს, ირანთან შედარებით, ბევრად უფრო დიდი ეკონომიკა აქვს და გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში ღრმადაა ინტეგრირებული. ამიტომ, სისტემიდან გამორთვის შედეგები შეიძლება უფრო დიდი იყოს, ვიდრე ირანის შემთხვევაში იყო.
ვაშინგტონში ბაზირებული საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტის ეკონომისტი ელინა რიბაკოვა ამბობს, რომ შესაძლოა, რუსეთი გარკვეული დროის განმავლობაში, სანამ ახალ პლატფორმებს მოერგება, მნიშვნელოვანი ეკონომიკური რღვევის წინაშე აღმოჩნდეს, განსაკუთრებით - საერთაშორისო გადახდების კუთხით.
რიბაკოვა ამბობს, რომ შესაძლოა შეფერხებამ რუსეთის ეკონომიკის შეკუმშვა და ხანმოკლე დროით რუბლის ვარდნა გამოიწვიოს, მაგრამ რუსეთის წამყვანი საექსპორტო საქონელი, ნავთობი და ბუნებრივი გაზი, ევროპის ცხოვრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ორივე მხარე საკითხის სწრაფად მოგვარებას შეეცდება.
რიბაკოვა ასევე ამბობს, რომ შესაძლოა შედეგი ნაკლებად შესამჩნევი იყოს, რადგან რუსეთი ფინანსური შეტყობინებების საკუთარ სისტემას ქმნიდა.
2014 წელს, უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, იყო მოწოდებები რუსეთი SWIFT-ისგან გამოერთოთ და კრემლმა თავდასაცავად საკუთარი, შიდა პლატფორმის შემუშავებას შეუწყო ხელი.
რუსულ პლატფორმაზე, რომელიც ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის სახელით არის ცნობილი (SPFS- System for Transfer of Financial Messages), 400 წევრი ბანკია გაერთიანებული, მათ შორის ორი ათეული ბანკი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან. 2020 წლისთვის ამ სისტემამ ყველა შიდა ფინანსური კომუნიკაციის მეხუთედი დაამუშავა.
გამოდის რომ რუსეთი დაცულია?
სრულად არ არის დაცული: რუსულ სიტემას თავისი სუსტი მხარეები აქვს.
მარია შაგინამ, ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრის მკვლევარმა, მიმდინარე წლის დასაწყისში დაწერა, რომ SWIFT 24 საათის განმავლობაში მუშაობს, SPFS-ს გადახდის შეტყობინებების გაგზავნა მხოლოდ კვირის დღეებში, სამუშაო საათებში შეუძლია და შეტყობინებების ზომის ზღვარი უფრო მოკლეა.
რიბაკოვამ თქვა, რომ SWIFT-იდან გამორთვის შემთხვევაში, რუსეთს „ტექნიკურად“ შეუძლია მოახდინოს გადასვლა, „როგორც ეს 2014 წელს მოხდა“ თუმცა, გარკვეული ხნის მანძილზე, „ეს სისტემისთვის მაინც მასშტაბური შოკი იქნება.
ო’ტული ამბობს, რომ რუსეთმა შეიძლება სცადოს SPFS საერთაშორისო მასშტაბით განავრცოს, როგორც საზღვარგარეთ გადახდის შესაძლო საშუალება.
ჩინეთიც, რომლის ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე ბევრად დიდია, SWIFT-ის ალტერნატივის შემუშავებითაა დაკავებული. 2015 წელს, პეკინმა საკუთარი ვალუტის -იუანის- საერთაშორისოდ გამოყენების წასახალისებლად, საზღვარგარეთ ბანკთაშორისი გადახდის სისტემა (CIPS-Cross-Border Interbank Payment System) აამუშავა.
ზოგიერთმა ჩინელმა ოფიციალურმა პირმა, SWIFT-ის CIPS-ით ჩანაცვლებისკენ მოუწოდა, რათა ქვეყნის ბანკები გათიშვის საფრთხისგან დაიცვან.
არის თუ არა საბანკო სანქციები უფრო დამანგრეველი?
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა SWIFT-ს „უკიდურესი“ ვარიანტი უწოდა, ო’ტული ამბობს, რომ ეს გადაჭარბებაა. რუსეთს კომუნიკაციის სხვა პლატფორმების მეშვეობით საერთაშორისო ოპერაციების ჩატარების ნება მაინც მიეცემა, თუმცა ეს ნაკლებად ეფექტური საშუალებები იქნება.
„თუ SWIFT-ს რუსეთის საბანკო სისტემიდან ჩახსნი და სხვას არაფერს გააკეთებ, ამით მხოლოდ აიძულებ, რომ (SWIFT-ის) კონკურენტებით ისარგებლოს. ოპერაციებს არ კრძალავ. უბრალოდ ოპერაციებს უფრო შემაწუხებელს ხდი და ადამიანებისთვის ართულებ“, თქვა ო’ტულმა.
ის ამბობს, რომ თეთრმა სახლმა ყურადღება რუსული ბანკებისთვის სანქციების დაწესებაზე უნდა გაამახვილოს. შეერთებულ შტატებს შეუძლია მიზანში ამოიღოს რუსეთის ელიტასთან დაკავშირებული სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა VEB და რუსული პირდაპირი ინვესტიციების ფონდი. ამ ორ ბანკზე სანქციების დაწესებას უფრო მეტი შედეგი ექნება, ვიდრე SWIFT-იდან რუსეთის მთელი საბანკო სისტემის გამორთვას.
ო’ტულმა თქვა, რომ წამყვანი სამომხმარებლო ბანკების, „სბერბანკის“ და VTB-ს სამიზნედ ამოღება უფრო რთული იქნება. მათ სანქცირებას „დიდი ეკონომიკური ღრძობის“ გამოწვევა შეეძლება, რადგან ბაზრის მასიური წილი უკავიათ და შესაძლოა უბრალო რუსი მოქალაქეების სამიზნედ გადაქცევა მოხდეს.
ბრიტანეთის სამეფოს გაერთიანებული სამსახურების ინსტიტუტის, ფინანსური დანაშაულის და უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის დირექტორმა ტომ კიტინგმა განაცხადა, რომ „SWIFT-ის გამორთვა“ კარგი საგაზეთო სათაურია, მაგრამ სინამდვილეში გაოცებული იქნება, თუ რუსეთის უკრაინაში შემდგომი შეჭრის შემთხვევაში, ასეთი ღონისძიება ერთ-ერთი პირველი იქნება: „იმ ქვეყნების ბანკები, რომლებიც რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციებს მხარს არ დაუჭერენ, რა თქმა უნდა, რუსულ ბანკებთან კავშირისთვის შესაძლოა SWIFT-ის სისტემას იყენებდნენ და ამასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს. თუმცა, რუსეთის ფინანსური სისტემის კავშირების შეზღუდვა სხვა გზებითაც შეიძლება. ამასთან ერთად, ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის ბანკებთან ჰქონდათ კავშირი, შეუძლიათ მათთან კავშირის სხვა სისტემები შექმნან.“
რუსეთს შეუძლია თუ არა ამ არეულობის გაძლება?
2014 წლის შემდეგ, რუსეთი აშშ-ის უფრო მძლავრი სანქციების საფრთხისგან თავდაცვისთვის ემზადებოდა. SWIFT-ის, „ვიზა“ და „მასტერქარდის“ გადახდის დამუშავების ალტერნატივის შემუშავების გარდა, რუსეთის მთავრობა ხარჯვას მკაცრად აკონტროლებდა, ბიუჯეტის პროფიციტებსაც კი აქვეყნებდა, რაც დასავლურ დემოკრატიებში იშვიათობაა.
მთავრობამ ასევე შექმნა უცხოური ვალუტის და ოქროს რეზერვები, რომლის მოცულობამაც 620 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და ინდოეთის რეზერვებს გაუტოლდა, რომელიც ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. ამ თანხაში შედის დაახლოებით 200 მილიარდი დოლარი „შავი დღისთვის“, ანუ ეროვნული კეთილდღეობის ფონდი.
რიბაკოვა ამბობს, რომ სანქციებს თუ არ გავითვალისწინებთ, მომავალ წელს რუსეთის რეზერვების 20 მილიარდი დოლარით გაზრდა იქნებოდა შესაძლებელი. რუსეთის მთავრობას „ყოველთვის აქვს მეტი სანქციების ასეთი დამოკლეს მახვილი მის თავს ზემოთ და ვფიქრობ მათი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ყველა ასპექტი ამით არის გაჟღენთილი“, თქვა მან.
„ეს „ციხე-სიმაგრე რუსეთი“ სტრატეგიის ნაწილია და ისინი ამას მიჰყვებიან, რადგან ამან მათთვის კარგად იმუშავა“, თქვა რიბაკოვამ.