ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი ამბობს რომ პუტინს პირადი სანქციები „არ დააზარალებს“


ვლადიმირ პუტინი / ჯო ბაიდენი
ვლადიმირ პუტინი / ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, რომ თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება პუტინისთვის პირადი სანქციების დაწესება იგეგმება, კრემლში უპასუხეს. პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვის თქმით, სანქციები ვლადიმირ პუტინს „არ დააზარალებს“, თუმცა ეს იქნება „პოლიტიკურად დესტრუქციული“ ქმედება.

პესკოვი ამის მიზეზებსაც განმარტავს და ამბობს, რომ რუსეთში ახალი კანონი მოქმედებს, რომლის თანახმად მაღალი თანამდებობის პირებს აკრძალული აქვთ საზღვარგარეთ აქტივების, ქონების ან სულაც საბანკო ანგარიშების ქონა. კრემლში ამბობენ, რომ თუ დასავლეთი ასეთი ტიპის სანქციებს მიიღებს, ეს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს.

ის, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთის პრეზიდენტისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს, განცხადება ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სანქციები იქნება მკაცრი და მყისიერი, რაც რუსეთს ძალიან დააზარალებს.

რუსეთს ამ დროისთვის 170 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან, თუმცა მოსკოვი უარყოფს, რომ უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს. პარალელურად, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე შეიარაღებას ზრდის და ბალტიისპირეთში დამატებით შეიარაღებასა და სამხედრო ძალას გზავნის. აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაში საჭიროების შემთხვევაში 8000-ზე მეტი ამერიკელი სამხედროც ჩაერთვება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის შეიარაღება, რომლითაც მოსკოვს ფართომასშტაბიანი შეტევის განხორციელება შეეძლება. დმიტრო კულება ამბობს, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში სამხედრო ძალის ეს რაოდენობა რუსეთმა საზღვართან შეკრიბოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG