ამერიკელი ფიგურული მოციგურავე და ოლიმპიელი ჩემპიონი ადამ რიპონი ამბობს, რომ რუსი მოციგურავე კამილა ვალიევასთვის ოლიმპიადაზე შეჯიბრში მონაწილეობის უფლების მიცემა არის "აბსოლუტურად სახეში სილის გაწნა" სხვა ათლეტებისთვის.
რუს მოციგურავე კამილა ვალიევას, რომელიც "რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის" წარმომადგენელია, აკრძალული ნივთიერების გამოყენებას ედავებოდნენ და მისი დაჯილდოების ცერემონია "სამართლებრივი მიზეზების" გამო გადაიდო.
რუსული მედია გასულ კვირას წერდა, რომ ვალიევას აკრძალულ ნივთიერებაზე დადებითი პასუხი მოუვიდა. "კომერსანტი" და RBC ნივთიერებასაც ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ტრიმეტაზიდინია, ანგინის სამკურნალოდ გამოსაყენებელი პრეპარატი. ამ პრეპარატის გამოყენება ოლიმპიელებისთვის აკრძალილია. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი და რუსი მოციგურავეები ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა რეპორტიორებს უთხრა, რომ ინფორმაციის წყარო მხოლოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეიძლება იყოს და მოსკოვი არ შეუერთდება ამ "ხმაურს" საკუთარ ათლეტებზე, ვალიევას კი მხოლოდ ოქროს მედლების მოპოვებას უსურვებს.
სააგენტო "როიტერთან" რიპონმა თქვა, რომ 15 წლის ვალიევასთვის აკრძალული ნივთიერების გამოყენების მიუხედავად, შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლების მიცემა, არასამართლიანია სხვა სპორტსმენების მიმართ.
"ეს საოცრად სამწუხარო სიტუაციაა და ასევე უპრეცედენტოც, როდესაც ვიღაც, ვინც სტეროიდებზე ტესტი ვერ ჩააბარა, კვლავ დაშვებულია თამაშებში", - ამბობს ამერიკელი სპორტსმენი.