რუსეთმა მიანიშნა, რომ მზადაა გააგრძელოს დასავლეთთან საუბარი უკრაინის საზღვარზე მოსკოვის მიერ შექმნილი კრიზისის განსამუხტად. რუსეთს უკრაინის საზღვარზე 130,000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
სატელევიზიო საუბარში, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიმართა, თუ არსებობს იმის შანსი, რომ რუსეთის უსაფრთხოების შეშფოთებები გათვალისწინებული იყოს. ლავროვმა უპასუხა: "ჩვენ უკვე გავაფრთხილეთ [დასავლეთი], რომ არ დავუშვებთ დაუსრულებელ მოლაპარაკებებს შეკითხვებზე, რომლებსაც დღეს უნდა გაეცეს პასუხი“.
რუსეთი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. ვაშინგტონი კი აცხადებს, რომ მოსკოვი შესაძლოა უკრაინაში „ნებისმიერ დღეს“ შეიჭრას. ორშაბათს ბრიტანეთის პრემიერმა სიტუაცია „ძალიან, ძალიან საშიშად“ შეაფასა.
დღესვე, დასავლეთის 7-მა წამყვანმა ეკონომიკამ რუსეთი „მასიური“ ეკონომიკური სანქციების შესახებ გააფრთხილა, თუ ის უკრაინაში შეიჭრება და კიევს დახმარებას დაპირდა.
პარალელურად, ვაშინგტონის გაფრთხილების კვალდაკვალ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM, უკრაინაში ფრენები შეწყვიტა. ფრენებს შეწყვეტას გეგმავსგერმანული "ლუფთანზა" და ასევე ჩანს, რომ "ბრიტანეთის ავიახაზები" ცდილობს უკრაინის საჰაერო სივრცეს მოერიდოს.
უკრაინულმა საერთაშორისო ავიახაზებმა კი განაცხადა, რომ სადაზღვევო კომპანიები უცხადებენ, რომ მის ფრენებს უკრაინის საჰაერო სივრცეში არ დაფარავენ.
დღესვე, ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა უკან წაიღო ნათქვამი, რომ კიევმა შეიძლება ნატოში გაწევრიანებას გადახედოს, რაც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. მან აღნიშნა, რომ კიევი მზადაა დათმობებისთვის, თუმცა „ეს არ უკავშირდება ნატოს, რადგან [წევრობის მისწრაფება] კონსტიტუციაშია გაწერილი“.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, კიევში მართავს მოლაპარაკებებს, რის შემდეგაც ის სამშაბათს მოსკოვს ეწვევა, რუსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. შულცმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არ არსებობს „რაციონალური საბაბი“ რუსეთის უკრაინის საზღვარზე მობილიზებისა და რუსეთმა დიპლომატიის გზა უნდა აირჩიოს. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 150,000 მილიონი ევროს კრედიტს მისცემს. ზელენსკიმ თავისს მხრივ განაცხადა, რომ უკრაინას კვლავ სურს ნატოში გაწევრიანება.
კიევი ბერლინს აკრიტიკებდა კრიზისზე სუსტი პასუხის გამო. ბერლინმა თავადაც უარი თქვა და სხვა ქვეყნებსაც აუკრძალა გადაეცათ მის მიერ წარმოებული შეიარაღება უკრაინისთვის. უკრაინა წარსულში ასევე პროტესტს გამოთქვამდა „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ გაზს გერმანიას უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.
ბერლინმა, ორშაბათს დაიწყო საკუთარი ჯარების გაგზავნა ლიეტუვაში, რათა რუსეთთან ნატოს საზღვრის გამაგრებაში მონაწილეობა მიიღოს.