ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი უკრაინაში მყოფ ამერიკელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს


უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო წვრთნები, ხარკოვის რეგიონი, უკრაინა
უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო წვრთნები, ხარკოვის რეგიონი, უკრაინა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ის ამერიკელებს რუსეთთან შესაძლო სამხედრო კონფლიქტის თაობაზე აფრთხილებს.

ამერიკულ სატელევიზიო არხ "ენ-ბი-სისთვის" (NBC) მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა. "ჩვენ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმიის პირისპირ. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ვითარება შესაძლოა ძალიან მალე დამძიმდეს".

ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის არ აპირებს უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რუსეთის შეჭრის შედეგად, ამერიკელთა ევაკუაცია გახდება საჭირო.

"ეს მსოფლიო ომია. როცა ამერიკელები და რუსები ერთმანეთის მიმართ სროლას დაიწყებენ, ჩვენ უკვე ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვიქნებით", - თქვა პრეზიდენტმა.

მსგავსი გზავნილი ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, რომელიც ავსტრალიაში იმყოფება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში პეკინის ოლიმპიადის მიმდინარეობისას შეიჭრას. ზამთრის ოლიმპიური თამაშები 20 თებერვალს სრულდება.

"ჩვენ იმ პერიოდში ვართ, როცა შეჭრა შესაძლოა ნებისმიერ დროს მოხდეს, სინამდვილეში, ოლიმპიადის დროსაც კი", - თქვა ბლინკენმა.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. დასავლეთი შიშობს, რომ კრემლი ქვეყანაში მეორედ შეჭრას გეგმავს. მოსკოვი უარყოფს ბრალდებებს, თუმცა ნატოსგან ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

XS
SM
MD
LG