ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შუალედური არჩევნები ამერიკაში და მოვლენების შესაძლო სცენარი


ჯო ბაიდენი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი

თუ მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნებით, წარმომადგენელთა პალატაში ან/და სენატში უმრავლესობას რესპუბლიკელები მოიპოვებენ, სპეციალისტების ნაწილის აზრით, საზოგადოება გამოძიებების მთელ რიგს და პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტის მცდელობას იხილავს.

აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე დაახლოებით 10 თვეა დარჩენილი, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და მოკავშირეები უკვე მსჯელობენ შესაძლო სცენარზე, რომლის მიხედვით წარმომადგენელთა პალატაში, სენატში ან ორივეში უმრავლესობა რესპუბლიკელების ხდება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობისთვის, გამოძიებათა სერიას იწყებენ.

კანონმდებლები, კონგრესის თანამშრომლები და სტრატეგები, უკვე საუბრობენ გამოძიებათა სერიაზე, რომლებიც შეიძლება ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ იყოს მიმართული. ეს რეალური განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გახდება, თუ ყოფილი პრეზიდენტის, დონალ ტრამპის ერთგული რესპუბლიკელები, წამყვან კომიტეტებში მოიპოვებენ ადგილებს.

გამოძიების დაწყებისკენ ისწრაფვის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე რესპუბლიკელი წევრი. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობენ კონგრესმენები მეთ გეიტსი, ჯეიმს კომერი და ბობ გიბსი. ეს უკანასკნელი ავღანეთიდან ამერიკის ძალების გამოყვანის პროცესის გამო, ბაიდენის იმპიჩმენეტის პროცესის დაწყებას სექტემბრიდან ითხოვს. კომერის სამიზნეში კი ისეთი თემები შედის, როგორიცაა პრეზიდენტის ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის საკითხი; მომარაგების ჯაჭვის პრობლემები და სავალდებულო ვაქცინაცია.

თეთრი სახლი კი უკვე დგამს ნაბიჯებს, რაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აგრესიული გამოძიებისგან დაიცავს. ამისთვის ადმინისტრაციამ უკვე დაიქირავა მრჩეველი, ნიუ-ორლეანის ყოფილი მერი, მიტჩ ლანდრიუ. ის ტრილიონიანი ღირებულების ინფრასტრუქტურის კანონის იმპლემენტაციას გაუწევს ზედამხედველობას, რომელსაც რესპუბლიკელები სავარაუდოდ თაღლითობის მუხლით გამოძიების დაწყებისთვის გამოიკვლევენ. თეთრმა სახლმა ასევე გააძლიერა იურიდიული მრჩევლის ოფისი. ის ავღანეთიდან ქაოუტური გამოსვლის შედეგებს გაუწევს ზედამხედველობას.

2020 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბაიდენის გარდამავალმა გუნდმა თეთრი სახლის მრჩეველთა ოფისი იმ მოლოდინით ჩამოაყალიბა, რომ რესპუბლიკელები სენატს მოიგებდნენ და გამოძიებას განაგრძობდნენ, - ამბობს გუნდის ერთ-ერთი წევრი. თუმცა, 2021 წლის იანვარში, ჯორჯიის შტატში გამართულმა მეორე ტურმა, სენატის კონტროლი დემოკრატებს შეუნარჩუნა. „ჩვენ ყველას საფუძველი გვქონდა გვერწმუნა, რომ რესპუბლიკურ სენატს მივიღებდით. თავდაპირველი გეგმის შემუშავებისას ეს გათვალისწინებული იყო“ - ამბობს ენდი რაითი, გარდამავალი გუნდის სამართლებრივი პოლიტიკის დირექტორი.

სტრატეგები ფიქრობენ, რომ თეთრმა სახლმა გამოძიებებზე ფოკუსირებისთვის, შესაძლოა ახალი მკვლევრები, იურისტები და კომუნიკაციის სპეციალისტები დაიქირაოს. ბენ ლაბოლტი, პრეზიდენტ ობამას ყოფილი სპიკერი ამბობს, რომ ობამა-კლინტონის თეთრ სახლს დაახლოებით იგივე ზომის ექსპერტთა ჯგუფი ჰყავდა, რა ზომისაც კონგრესის ის კომიტეტებია, რომლებიც გამოძიებებს აწარმოებს.

„საჭიროა თეთრ სახლში პარალერული სტრუქტურა გქონდეს, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს თავდასხმებს და მათზე პასუხებს“ - ამბობს ლაბოლტი.

იმ საკითხებს შორის, რომლებიც შესაძლოა რესპუბლიკელმა წამოწიონ, 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ, კაპიტოლიუმზე განხორციელებული თავდასხმის გამოძიებაა, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტი აწარმოებს. იუსტიციის დეპარატამენტისა და გამოძიების ფედერალური ბიუროს საქმიანობის შესაძლო გამოძიების შესახებ, 6 იანვრის მოვლენებზე საუბრისას, რესპუბლიკელმა მეტ გეიტსმა განაცხადა.

იმპიჩმენტი და ჰანტერ ბაიდენი

ზოგიერთი რესპუბლიკელი, პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტის სურვილზე უკვე მიანიშნებს. ბობ გიბსის ხელმძღვანელობით, ოთხკაციანმა ჯგუფმა დაიწყო იმპიჩმენტის საჩივრებზე მუშაობა ორი მიმართულებით - აშშ-მექსიკის საზღვარზე იმიგრაციის საკითხებზე და ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის პროცესზე.

გიბსს უერთდებიან წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე სხვა რესპუბლიკელი წევრი. პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ფიცის დადების შემდეგ, იმპიჩმენტის საჩივრები დამოუკიდებლად წარადგინა მარჯორი ტეილორ გრინმა.

სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, კონგრესის რესპუბლიკელი თანამშრომელი ამბობს, რომ თუ უმცირესობის ამჟამინდელი ლიდერი, შუალედური არჩევნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდება, მასზე დიდი ზეწოლა იქნება.

„თუ ის იქნება სპიკერი, კევინ მაკკარტიზე პირველივე დღიდან დიდი ზეწოლა იქნება, რომ პირველივე დღიდან ბაიდენის იმპიჩმენტზე მუშაობა დაიწყოს. თუ მას ექნება სურვილი, შეინარჩუნოს სპიკერის თანამდებობა, დიდი არჩევანი არ ექნება“ - ეუბნება „როიტერს“ წყარო, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან აქვს კავშირი.

თუ რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ, პალატის ამჟამინდელი სპიკერის ნენსი პელოსის მემკვიდრე, სწორედ მაკკარტი უნდა გახდეს.

ინაუგურაცია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:11:52 0:00

2020 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპის და რესპუბლიკელების სამიზნე გახდა. საქმე ეხება ეპიზოდს, როცა ჰანტერ ბაიდენი უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის მმართველ საბჭოში მუშაობდა. თუმცა, ამ მიმართულებით, რაიმე დანაშაულებრივი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა, პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი ორჯერ დააყენეს. პირველად, უკრაინის საკითხების, მეორედ კი 6 იანვრის მოვლენების დროს, მისი ქმედებების გამო. თუმცა, თუმცა ორივე შემთხვევაში, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმა ტრამპი გაამართლა.

XS
SM
MD
LG