ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესში აინტერესებთ, რატომ არ მოუწოდა ტრამპმა ამბოხების შეწყვეტისკენ მთელი 3 საათი


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები: ბენი ტომპსონი, ლიზ ჩეინი და ჯეიმი რასკინი (მარცხნიდან მარჯვნივ)
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრები: ბენი ტომპსონი, ლიზ ჩეინი და ჯეიმი რასკინი (მარცხნიდან მარჯვნივ)

2021 წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმში ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეთა შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, წარმომადგენელთა პალატის სპეციალური კომიტეტი მოვლენების გამოძიებას აგრძელებს. კონგრესის კომიტეტს ამ ეტაპზე აინტერესებს, თუ რატომ არ იღონა ტრამპმა არაფერი 3 საათზე მეტი ხნის მანძილზე, რათა საკუთარი მხარდამჭერები შეეჩერებინა. ამბოხებულებმა გასულ წელს კონგრესის შენობა დაარბიეს. მომხდარ ძალადობას რამდენიმე ადამიანი შეეწირა და ბევრი დაშავდა, რომელთა შორის 100-ზე მეტი პოლიციელია.

დემოკრატმა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენს" უთხრა, რომ ამჟამად გამოძიების ფოკუსშია ის, თუ რას აკეთებდა ყოფილი პრეზიდენტი "უმოქმედობის 187 წუთის" დროს. ეს ის წუთებია, როცა პრეზიდენტის თვალწინ, მისივე მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ. ამბოხი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და გამოძიების მონაცემებით, პრეზიდენტი მას თვალს თეთრი სახლის ოვალური ოფისის გვერდით მდებარე, სასადილო ოთახიდან ადევნებდა. ამ დროს "ჩვენ საკუთარი დემოკრატიის დაკარგვის ზღვარზე ვიმყოფებოდით" - ამბობს ტომპსონი.

კონგრესმენი ტომპსონი 2019 წლიდან წარმომადგენელთა პალატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა და 6 იანვრის საგამოძიებო კომიტეტსაც ის ხელმძღვანელობს. ტომპსონის თქმით, ტრამპი სასამართლოში ჩივის და "ცდილობს ხელი შეგვიშალოს გავეცნოთ ჩანაწერებს" მისი სატელეფონო ზარების, ტექსტური შეტყობინებების შესახებ, მაშინ როცა მისი შვილი ივანკა ტრამპი, რესპუბლიკელი კანონმდებლები და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალური წევრები, პრეზიდენტს სთხოვდნენ, გაეკეთებინა მოწოდება, რომ მის ასობით ამბოხებულ მხარდამჭერს კაპიტოლიუმი დაეტოვებინა.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, ლიზ ჩეინის თქმით, პრეზიდენტს შეეძლო ამბოხებულებისთვის "მოეწოდებინა, რომ ისინი შეჩერებულიყვნენ". მაგრამ, მან ეს არ გააკეთა მთელი სამი საათის მანძილზე. ლიზ ჩეინიც საგამოძიებო კომიტეტის წევრია. ის ტრამპის ცნობილი კრიტიკოსია.

ბოლოს და ბოლოს, ტრამპმა აქციის მონაწილეებს ვიდეოს საშუალებით მიმართა და კონგრესის შენობის დატოვებისკენ მოუწოდა. თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მათი ესმის, რადგან მათ არჩევნები გაუყალბეს და ხმა წაართვეს. "მაგრამ, ახლა შინ უნდა წახვიდეთ. ჩვენ მშვიდობა გვინდა" - უთხრა პრეზიდენტმა მხარდამჭერებს. ბოლოს კი მათ ასე მიმართა: "ჩვენ თქვენ გვიყვარხართ. თქვენ ძალიან გამორჩეულები ხართ".

ვაშინგტონის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თეთრ სახლში გაკეთებული ამ დღის ჩანაწერები კონგრესის საგამოძიებო კომიტეტისთვის "სასიცოცხლოდ" მნიშვნელოვანია. თუმცა, ამის შემდეგ ტრამპმა გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეთრი სახლის დოკუმენტები გასაიდუმლოებულია და კანონითაა გასაჯაროებისგან დაცული.

2021 წლის 6 იანვარს, არჩევნებზე დამარცხებული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებით, ვაშინგტონში მისი მხარდამჭერების მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. პრეზიდენტმა შეკრებილებს საკუთარი უფლებების დასაცავად "ჯოჯოხეთური ბრძოლისკენ" მოუწოდა. ამის შემდეგ ტრამპის მომხრეები თეთრი სახლიდან კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შტურმით შეიჭრნენ კონგრესის სხდომაზე, რათა ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვების დამტკიცების ფორმალური პროცესი ჩაეშალათ.

კაპიტოლიუმის დემონსტრანტებისგან გაწმენდის შემდეგ, კონგრესის წევრები ისევ შეიკრიბნენ და მათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვება მოგვიანებით, 7 იანვარს დაამტკიცეს. ტრამპი აღარ დაესწრო 20 იანვარს გამართულ ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას და თვეების მანძილზე დაბეჯითებით აცხადებდა, რომ არჩევნები მის საწინააღმდეგოდ გაყალბდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG