ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ დემოკრატია საფრთხეშია


შეერთებული შტატებში გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა საფრთხის ქვეშაა.

„სი-ბი-ეს ნიუსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც კვირას გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 66 პროცენტმა თქვა, რომ დემოკრატია გარკვეულწილად საფრთხის ქვეშაა ან დიდი საფრთხის ქვეშაა, 33 პროცენტი კი ამბობს, რომ დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება.

გამოკითხვა, აშშ-ის კაპიტოლიუმზე 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის ერთ წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა.

გამოკითხულთა შორის, 83 პროცენტმა თქვა, რომ არ იწონებს იმ ადამიანების საქციელს რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.

გამოკითხულთა უმრავლესობამ ამაში ჩარეულ ადამიანთა ქმედება ამბოხებად, აშშ-ს მთავრობის დამხობის მცდელობად, იმის მცდელობად დაახასიათა, რომ არჩევნების შედეგი შეეცვალათ და ტრამპი ხელისუფლებაში დაეტოვებინათ. ეს ასევე ზღვარგადასულ პროტესტად შეაფასეს.

იმ დროს, როდესაც ქვეყანა კონგრესში არჩევნებისთვის ემზადება, 68 პროცენტმა თქვა, რომ 6 იანვრის თავდასხმას, ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის ზრდის ნიშნად აღიქვამს. გამოკითხულთა 62 პროცენტმა თქვა, რომ 2024 წელს, შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, წაგებული მხარისგან ძალადობას მოელის.

გამოკითხულთა ორმა მესამედმა თქვა, რომ ბაიდენს 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურ გამარჯვებულად მიიჩნევს. ეს დაახლოებით იგივე რიცხვია, რომელიც „ვაშინგტონ პოსტ“- მერილენდის უნივერსიტეტის მიერ შაბათს გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა.

გამოკითხულთა 45 პროცენტი ამბობს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი ტრამპს ეკისრება, 28 პროცენტი ამბობს, რომ მას არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

გამოკითხვამ ასევე გამოავლინა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც თქვეს, რომ მოქალაქეების მიერ მთავრობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობა ხანდახან გამართლებულია. ამ კითხვაზე „დიახ“ თქვა გამოკითხულთა 34 პროცენტმა. 2015 წელს ეს რიცხვი 23 პროცენტი იყო და 1995 წელს 13 პროცენტი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG