6 იანვარს, კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ 1 წლის თავზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. განცხადება ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში გააკეთა, მაშინ როცა 6 იანვრის შესახებ მოსახლეობას მიმართა.
„ჩვენ ვიქნებით ერი, რომელიც ცხოვრობს არა სიმართლის, არამედ სიცრუის ჩრდილში? ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ უფლება საკუთარ თავს, რომ ასეთი ერი ვიყოთ. წინსვლის გზა არის სიმართლის აღიარება და ამ სიმართლით ცხოვრება,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ „რუსეთსა და ჩინეთში ფიქრობენ, რომ დემოკრატიის დღეები დათვლილია,“ თუმცა ეს ასე არ არის.
ჯო ბაიდენს გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპი სახელით არ მოუხსენიებია, თუმცა მის შესახებ რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება. ბაიდენმა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა „გაეუქმებინა არჩევნების შედეგები.
პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებებს მალევე გამოეხმაურა ამერიკის 45-ე პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის დაყოფაში დაადანაშაულა.
„ბაიდენმა, რომელიც ანადგურებს ჩვენს ერს, ღია საზღვრების გიჟური პოლიტიკით, კორუმპირებული არჩევნებით, დამღუპველი ენერგეტიკული პოლიტიკით, არაკონსტიტუციური მანდატებითა და სკოლების დამღუპველი დახურვით, დღეს ჩემი სახელი გამოიყენა ამერიკის შემდგომი გაყოფის მცდელობისთვის. ეს კი პოლიტიკური თეატრი არის,“- წერს ტრამპი.
განცხადებაში დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჯო ბაიდენმა ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი მარცხი განიცადა.
2021 წლის 6 იანვარს, მაშინ როცა კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცების კონსტიტუციური პროცესი მიმდინარეობდა, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მათ საკონსტიტუციო პროცესის ჩაშლა სცადეს. პროცესი საკანონდმებლო ორგანოში 4 საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი, თუმცა სამართალდამცავებმა წესრიგი მალევე აღადგინეს და საკონსტიტუციო პროცესი განახლდა. მაიკ პენსმა და ამერიკელმა კანონმდებლებმა კი არჩევნებში გამარჯვებულად და ამერიკის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამაოცხადეს.
მანამდეც და მას შემდეგაც ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა. არ არის გამორიცხული ტრამპმა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭიც იყაროს.
Facebook Forum