ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

12 იანვარს ნატოს და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მომავალ კვირას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოკავშირე სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრას გეგმავს. ნატოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ალიანსს სურს თავიდან აიცილოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ღია აგრესია და კიდევ ერთი კონფლიქტი.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს აშფოთებს, თუმცა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გადაიდო. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ოქტომბერში ჯაშუშობასთან დაკავშირებული უთანხმოება იყო.

საბჭოს შეხვედრები, რომელიც ამ ფორმატით 2002 წლის შემდეგ პერიოდულად იკრიბებოდა, 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ დროებით და 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეწყდა. 12 იანვარს დაგეგმილი შეხვედრა, პირველი იქნება ბოლო 8 წლის განმავლობაში.


მოსკოვი ბრიუსელისგან კვლავ გარანტიებს ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და საქართველოსა და უკრაინასთან სამხედრო თანამშრომლობას შეწყვეტს. მოსკოვი ასევე უარყოფს, რომ ის უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრას გეგმავს და თავად კიევს ადანაშაულებს სამხედრო სამზადისში.

ნატოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი მოკავშირეების ერთობლივი პოზიციიდან და ალიანსის აღმოსავლელ პარტნიორებთან კონსულტაციით გაიმართება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ნატოს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი რიაბკოვი და რუსეთის წამყვანი დიპლომატები ბრიუსელში მოლაპარაკებებს, ჟენევაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან შეხვედრის შემდეგ დაესწრებიან.

13 იანვარს მოლაპარაკებები უფრო ფართო ფორმატით, ეუთოს ფარგლებში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ამერიკა, ნატოს მოკავშირეები, რუსეთი, უკრაინა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ლიდერები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG