სამშაბათს, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ, ქვეყანაში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი ჯგუფის ლიკვიდაციის ორდერი გამოსცა. გადაწყვეტილება იმ კანონის საფუძველზეა მიღებული, რომელიც ჯგუფებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტი“. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა კრემლის კრიტიკოსების დევნის წელიწადი, რომლის მსგავსი საბჭოთა პერიოდის შემდეგ არავის უნახავს.
ჯგუფ „მემორიალის“ დაკეტვა ამთავრებს წელიწადს, რომელშიც კრემლის მთავარი კრიტიკოსი ციხეში გამოკეტეს, მისი პოლიტიკური მოძრაობა აკრძალეს და ბევრი მისი მკავშირე აიძულეს ქვეყნიდან წასულიყო. მოსკოვი აცხადებს, რომ ის უბრალოდ აღასრულებს კანონებს, რათა არ დაუშვას ექსტრემიზმი და ქვეყანა უცხოური გავლენისგან დაიფაროს.
სამშაბათს, საბოლოო მოსმენის დროს, „მემორიალის“ ერთ-ერთმა ადვოკატმა მარი ეისმონტმა თქვა, რომ ჯგუფის დაკეტვას რუსეთში „ტოტალური რეპრესიის“ რისკის გაზრდა შეეძლება.
„მემორიალმა“ სასამართლო საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. სააგენტო „ინტერფაქსის" მიხედვით, ორგანიზაციის ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება რუსეთშიც გასაჩივრდება და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც.
ცნობილი დისიდენტების, მათ შორის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ ანდრეი სახაროვის მეუღლის მიერ „გლასნოსტის“ პერიოდში დაარსებული „მემორიალი“, თავდაპირველად ყურადღებას სტალინისტური პერიოდის დანაშაულების დოკუმენტირებაზე ამახვილებდა. ჩეჩნეთის ორი ომის დროს, 1990-იანებში, რუსეთში მთავარ უფლებადამცველ ჯგუფს წარმოადგენდა და ბოლო დროს, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებს აპროტესტებდა.
Facebook Forum