ევროპელი დიპლომატები ბირთვული მოლაპარაკების ფარგლებში ირანის პოზიციების გამო შეშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ ირანელი დიპლომატები ახალ მოთხოვნებს აყენებენ, რაც „ძვირფასი დროის“ დაკარგვას იწვევს. მათივე განცხადებით, საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის „დრო იწურება“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ დიპლომატია ჯერ ისევ საუკეთესო არჩევანია, რომელიც ყველა სხვა ალტერნატივას სჯობს.
ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ხელშეკრულების მოლაპარაკება გასულ კვირას განახლდა.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებმა თეირანს სთხოვეს, მოლაპარაკების მაგიდასთან „რეალისტური შემოთავაზებებით“ დაბრუნებულიყო. მოლაპარაკების წინა რაუნდებზე თეირანმა ისეთი ახალი პირობები წამოაყენა, რომლებიც ხელშეკრულების სხვა მონაწილე ქვეყნებისთვის მიუღებელი იყო.
ირანთან 2015 წელს დადებული ხელშეკრულებიდან შეერთებული შტატები 2018 წელს გავიდა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა თეირანს ხელშეკრულების საფუძველზე მოხსნილი სანქციები განუახლა. ამის შემდეგ ირანმა ხელშეკრულების პირობების შესრულება შეწყვიტა. ამერიკა ირანთან ხელახალი შეთანხმების მიღწევას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით ცდილობს.
Facebook Forum