ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადმინისტრაციის უფროსს კონგრესმა ბრალი წაუყენა


წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო ჯგუფმა კენჭი უყარა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი მარკ მედოუსისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდების წაყენებას. კონგრესმენების ჯგუფი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრას იძიებს. გამოძიებამ ცოტა ხნის წინ გამოავლინა, რომ მედოუსმა ტექსტური შეტყობინებები მიიღო, რომლებიც ცხადყოფს, რომ თეთრმა სახლმა იცოდა, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიმდინარეობდა.

მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოძიებას თავად მედოუსმა გადასცა და ამის შემდეგ კონგრესის გამოძიებასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მიმოწერებიდან ჩანს, რომ კონგრესის ზოგიერთი წევრი, ტელეკომპანია „ფოქსის“ რამდენიმე წამყვანი და თავად პრეზიდენტ ტრამპის ვაჟი დონალდ ტრამპ უმცროსი, მედოუს სთხოვდნენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან სწრაფი მოქმედებისკენ ებიძგა და კაპიტოლიუმზე თავდასხმა შეეჩერებინა.

კონგრესმენების ჯგუფმა 9-0 თანაფარდობით უყარა კენჭი მედოუსისთვის კონგრესის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალის წაყენებას. ეს იმას ნიშნავს, რომ კონგრესი საქმეს ახლა იუსტიციის დეპარტამენტს გადასცემს, რომელიც გადაწყვეტს გაასამართლოს თუ არა თეთრი სახლის აპარატის ყოფილი უფროსი.

„ოვალური კაბინეტიდან მიმართვა გვინდა“, წერია ერთ-ერთ შეტყობინებაში, რომელიც ტრამპის ვაჟმა მედოუსს გაუგზავნა მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესში შეიჭრნენ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების სერთიფიცირების დროს. „მან ლიდერობა ახლა უნდა გამოაჩინოს. ეს ძალიან შორს წავიდა და კონტროლს გასცდა. მან ეს [უხამსი სიტყვა] უნდა დაგმოს“, მიწერა დონალდ ტრამპ უმცროსმა მედოუსს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG