სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, თავდაცვის მინისტრი შეცვალ. ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებით თანამდებობა დატოვა არშაკ კარაპეტიანმა, მინისტრის სავარძელს კი სურენ პაპიკიანი დაიკავებს, რომელიც ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
გადაწყვეტილება ფაშინიანმა აზერბაიჯანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე მიიღო.
დღეს გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ აზერბაიჯანული ჯარები სომხეთის აღმოსავლეთ საზღვარზე შეიჭრნენ და დაარღვიეს ქვეყნის სუვერენიტეტი. ამ დრომდე ბაქო ერევნის განცხადებას არ გამოხმაურებია.
2020 წელს 44 დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დროთა განმავლობაში ვითარება იძაბება, მხარეები ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებენ საზღვრის უკანონო დარღვევასა და ცეცხლის გახსნაში.
საბრძოლო მოქმედებები გასული წლის 10 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე შეწყდა. თუმცა დოკუმენტს როგორც სომხეთი ასევე აზერბაიჯანი არღვევს და ამის შესახებ ურთიერთბრალდებები დროთა განმავლობაში ისმის.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, თუმცა 1994 წელს სეპარატისტული ომის შემდეგ ტერიტორიას სომხური ძალები აკონტროლებდა. 2020 წლის ომის დროს აზერბაიჯანმა ტერიტორიების დიდ ნაწილზე კონტროლი აღადგინა და ამას მხარეებს შორის გაფორმებული სამშვიდობო ხელშეკრულებაც ადასტურებს.
ხელშეკრულების მიხედვით რეგიონში როგორც რუსი, ასევე თურქი სამხედროებიც განთავსდნენ. წაგებული ომის შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები გაიმართა რის გამოც ქვეყანაში ვადამდელი არჩევნებიც გაიმართა. არჩევნებში კვლავ დიდი უპირატესობით ნიკოლ ფაშინიანმა გაიმარჯვა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შეინარჩუნა.
Facebook Forum