ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელარუსის საზღვარზე ევროკავშირთან ვითარება კვლავ დაძაბულია


ქვეყნები, რომლებიც ბელარუსს ესაზღვრებიან, აცხადებენ, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისი შესაძლოა სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. პარალელურად, უკრაინა გეგმავს დამატებით ათასობით სამხედროს განათავსებას მისი საზღვრის დასაცავად.

ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია აცხადებენ, რომ ბელარუსი ევროკავშირის უსაფრთხოებას სერიოზულ რისკს უქმნის და განზრახ ცდილობს სიტუაციის გამწვავებას, სანქციების საპასუხოდ მიგრანტების გამოყენებით.

„ეს ზრდის პროვოკაციების და სერიოზული ინციდენტების შესაძლებლობას, რაც შეიძლება სამხედრო სფეროში გადავიდეს“, - ნათქვამია სამი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროების განცხადებაში.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პოლონეთის მხრიდან საზღვარზე სამხედროების განთავსების პასუხად, მან „შესაბამისი ზომები“ უნდა მიიღოს, დამოუკიდებლად და სტრატეგიულ მოკავშირე, რუსეთთან ერთად.

პარალელურად, უკრაინა, რომელიც ცდილობს თავიდან აირიდოს მსგავსი კრიზისის საკუთარ საზღვარზე განვითარება, აცხადებს, რომ ბელარუსთან ქვეყნის ჩრდილოეთის საზღვარზე, 8 500 სამხედროს განათავსებს.

ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე გავლებული მავთულხლართების გასწვრივ, ევროკავშირში მოხვედრას ათასობით ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტი ცდილობს. პოლონელი მესაზღვრეები კი მათ შეჩერებას ცდილობენ.

ევროკავშირსა და პოლონეთში, მიგრანტების ამ ტალღას, ლუკაშენკოს რეჟიმის მცდელობას უკავშირებენ, რომელიც ამ გზით პასუხობს ბრიუსელის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

საიმიგრაციო კრიზისის გამო, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და კრემლს ბელარუსის ლიდერზე მისი გავლენის გამოყენება სთხოვა.

კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, უკვე თვეებია გრძელდება. ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გადასვლას ცდილობენ. ბელარუსი უარყოფს ევროკავშირის ბრალდებას, რომ მინსკი კრიზისს ხელოვნურად ქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG