ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მერკელი ევროკავშირის საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისის შესახებ პუტინს ესაუბრა


ბელარუსის და პოლონეთის საზღვარზე გავლებული მავთულხლართების გასწვრივ, ათასობით მიგრანტი ცდილობს, ევროკავშირში მოხვედრას. პოლონელი მესაზღვრეები კი მათ შეჩერებას ცდილობენ. პოლონური რადიოს „RMF”-ის ინფორმაციით, უკანასკნელ 24 საათში, საზღვრის გადაკვეთა, 260 ადამიანმა სცადა. პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ათობით მიგრანტი დააკავეს. ისინი ცდილობენ ამ ნაბიჯით მიგრანტების შეშინებას და ტალღის შეჩერებას.

ევროკავშირსა და პოლონეთში, მიგრანტების ამ ტალღას, ლუკაშენკოს რეჟიმის მცდელობას უკავშირებენ, რომელიც ცდილობს ასე უპასუხოს ბრიუსელის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

საიმიგრაციო კრიზისის გამო, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი კი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა და კრემლს ბელარუსის ლიდერზე მისი გავლენის გამოყენება სთხოვა.

„მიგრანტების გამოყენება ბელარუსის რეჟიმის მიერ არაჰუმანური და მიუღებელია“, - უთხრა მერკელმა, პუტინს, მისი პრესსპიკერის, სტეფენ ზაიბერტის განცხადებით.

კრემლმა ცალკე განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ პუტინმა გერმანიის მხარეს განუცხადა, რომ ევროკავშირი „პირდაპირ კონტაქტზე“ უნდა გავიდეს ბელარუსის ლიდერთან.

კრიზისი ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე, უკვე თვეებია გრძელდება. ახლო აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტები პოლონეთში, ლატვიასა და ლიტვაში გადასვლას ცდილობენ. ბელარუსი უარყოფს ევროკავშირის ბრალდებას, რომ მინსკი კრიზისს ხელოვნურად ქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG