ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ


ევროპარლამენტარებმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს დავიდ სასოლის მიმართეს.

"2021 წლის 1 ოქტომბერს პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და მაშინვე დააპატიმრეს იმ სასჯელისთვის, რომლისთვისაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს. ბრალდებები ცნობილია, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. სააკაშვილი ერთ-ერთი იყო ათეულობით ყოფილ თანამდებობის პირს შორის, რომლებიც გაასამართლეს მათმა მემკვიდრეებმა. სააკაშვილის ბრალი საერთაშორისოდა რაა აღიარებული და არავის განუხორციელებია მისი ექსტრადირება საქართველოში. ის განაგრძობდა მუშაობას და მოგზაურობას საზღვარგარეთ, რადგან ეს ბრალდებები ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური დევნის დამკვიდრებული ნიმუშის ნაწილი,”- აღნიშნულია წერილში.

ევროპელი კანონმდებლების განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.

„ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც საქართველო ბოლო წლებში იმყოფება უკიდურესი პოლარიზაციის გამო, რაც გამოწვეულია თავისუფალი მედიის კონტროლის მცდელობით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტების და უცხოელი დიპლომატების დაშინებისა და ფარული თვალთვალის მცდელობების, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელისუფლების მხრიდან სივრცისა და რესურსების შეზღუდვით.

ყოველი დღე, როდესაც საქართველოს მთავრობა აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას მისი პოლიტიკური კონკურენტებისა და წინამორბედების მიმართ, არის კიდევ ერთი დღე, რომელიც აუარესებს საქართველოში უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის ციკლს, რაც შეუძლებელს ხდის პოლიტიკური ძალების ერთიანობას სტრატეგიული ეროვნული პრიორიტეტების ირგვლივ. უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაცია ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესო დაცვაა იმ საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ქვეყანა კვლავ დგას. ჩვენ ვიცით, სად მიდის ეს მოდელი. ახლა დუმილი არ შეიძლება”, - ვკითხულობთ წერილში.

წერილის ავტორების განცხადებით, სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეჩერდეს მანამ, ვიდრე ის წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG