ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იუკნევიჩიანე - თუ მიხეილ სააკაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის


ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის საპატიმროში ყოფნა არადემოკრატიული პროცესის მაჩვენებელია. ევროპარლამენტარს კითხვები აქვს იმ ბრალდებებთანაც, რაც სააკაშვილს წაუყენეს.

"მე ვხედავ, რომ ახლანდელი მთავრობა იგივე დემოკრატიულ პროცესებში არ არის ჩართული, როგორიც ეს მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო“.

„ნათელია, რომ ეს არ არის ძალიან დემოკრატიული სიტუაცია, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ასეთი ტიპის ბრალდებებიც [რაც სააკაშვილს აქვს წაყენებული], ხშირად არ გვესმის ხოლმე. ალბათ, ნებისმიერი პრეზიდენტის „დადანაშაულება“ შეიძლება იმაში, რომ სტუმრებისთვის ლანჩისა და სადილისთვის გარკვეული თანხა დახარჯა. როგორც ვხვდები, ბრალდებამ ესეც დაითვალა.

რა თქმა უნდა, სხვაგანაც ხდება, წინა მთავრობის წარმომადგენლებისთვის ბრალის წაყენება. მაგრამ მეორეს მხრივ, საქართველოში რევანშიზმის და ყოფილი მეტოქეებისადმი ასეთი ბრალდებების წაყენების ტრადიციაა და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის ევროპაში. სააკაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქვეყნის რეფორმირებისთვის და პრემიერ ღარიბაშვილისგან იმის მოსმენა, რომ ვარდების რევოლუცია ცუდი ყოფილა, ჩემთვის ნამდვილად შოკი იყო. გავოცდი, როდესაც მოვისმინე, რომ ქვეყნის დემოკრატიზაცია, არასწორი ნაბიჯი, ან რამე მსგავსი იყო.

მე ვხედავ, რომ ახლანდელი მთავრობა იგივე დემოკრატიულ პროცესებში არ არის ჩართული, როგორიც ეს მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო“,- ამბობს იუკნევიჩიანე.

"ყველა ქვეყანაშია დაძაბულობა და პრობლემები, მაგრამ ასეთ სიძულვილის ენაზე დაფუძნებული, ასეთ ბრაზზე დაფუძნებული პოლიტიკა დემოკრატია არ არის."

ევროპარლამენტარი ”ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, დაბრუნებულიყო საქართველოში, არ არის კმაყოფილი. მისი აზრით, მესამე პრეზიდენტს სხვანაირად მოქცევაც შეეძლო, თუმცა იმ რეალობაში, რომელიც ახლა საქართველოშია, მას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები უფრო აშფოთებს. იუკნევიჩიანე ამბობს, რომ მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებები მიხეილ სააკაშვილის საქმეს პოლიტიკურ ელფერს სძენს.

„კმაყოფილი არ ვიყავი [სააკაშვილის გადაწყვეტილებით], მაგრამ ესაა ის მოცემულობა რაც გვაქვს. მეორეს მხრივ, გაცილებით უარესია ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილი სხვაგვარად უნდა მოიქცეს, თორემ ბრალი დაემატება. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია. აქამდეც გვქონდა ეჭვები და ახლა, პრემიერის საქციელი, ნამდვილად არ შეესაბამება ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის საქციელს. როდესაც პრემიერი ასე საუბრობს, ამაში არაფერი ევროპული არ არის. თუ არსებობს რაიმე ბრალდებები, ან კრიმინალური დარღვევები, რაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა, მაშინ ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა პრემიერის. ასე რომ ეს პრობლემური საკითხია და კითხვას აჩენს ქართული სასამართლოსადმი - არის თუ არა ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე კი ფიქრიც კი წარმოუდგენელია ევროპული ოჯახის წევრობაზე“.

რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ გამოსავალი ახლა წარსულის დავიწყება და მომავალზე ფოკუსირებაა. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ თუ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლაა, საქართველო, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებს დემოკრატიული, ევროპული პოლიტიკური სისტემის შექმნას.

"გაცილებით უარესია ის, რაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სააკაშვილი სხვაგვარად უნდა მოიქცეს, თორემ ბრალი დაემატება. ეს აჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე უკვე პოლიტიკურია".

„თქვენ ბევრი პოლიტიკოსი გყავთ ყველა მხარეს, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებიც, ვეჭვობ, რომ არ არიან კმაყოფილი იმ პოლიტიკური სიტუაციით, რომელიც ახლა არსებობს საქართველოში. მე არ მინდა რომ ისინი წარსულის ტყვეები იყვნენ, არ მინდა იმ ლიდერების ტყვეები იყვნენ, ვინც მხოლოდ ერთმანეთს ებრძვიან და მეტს არაფერს აკეთებენ. ეს არის საქართველოს პრობლემა და არ ვიცი აქვს თუ არა ამ ქვეყანას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური სისტემის ოდნავ მსგავსი მაინც იქნება. ყველა ქვეყანაშია დაძაბულობა და პრობლემები, მაგრამ ასეთ სიძულვილის ენაზე დაფუძნებული, ასეთ ბრაზზე დაფუძნებული პოლიტიკა დემოკრატია არ არის. ასე რომ, არ იყოთ წარსულის ტყვეები, მომავლისკენ იყურეთ. პოლიტიკოსებს ორივე მხარეს მოვუწოდებ, რომ გაიაზრონ ეს“,- ამბობს იუკნევიჩიანე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის საქართველოს პროკურატურას ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული.

სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად თვლის და პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG