ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მნიშვნელოვანი პროგრესი არ გვაქვს" - რუსული მხარე ნულანდთან შეხვედრებს აფასებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი მოსკოვში ჩავიდა. ნულანდის ორდღიანი ვიზიტისთვის, საჭირო გახდა, რომ რუსეთს ამერიკული მხარისთვის დაწესებული სანქციები მოეხსნა და შესაბამისი ვიზები გაეცა. შეერთებული შტატები დათანხმდა ანალოგიურ ნაბიჯს ამერიკის მხრიდანაც.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრებისას ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს შეეხო საუბარი, თუმცა ვიზიტი ორ ქვეყანას შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში იმართება და არც პროგრესის ნიშნები ჩანს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ საელჩოებისა და დიპლომატიური მისიების თემაზე „საგულისხმო პროგრესს“ მოლაპარაკებებისას ვერ მიაღწიეს. მან ურთიერთობებში კიდევ მეტი დაძაბულობის რისკზეც ისაუბრა.


„არ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ მიმართულებით. ვიზები, დიპლომატიური მისიების ფუნქციონირების პირობები, დიპლომატიური პერსონალის როტაცია, მთლიანობაში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლობის მუშაობა ამ ორ ქვეყანაში - კვლავ ინარჩუნებს მნიშვნელოვან კრიზისულ პოტენციალს და არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ კვლავ მოსალოდნელია მეტი დაძაბულობა. ამის შესახებ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს პირდაპირ ვუთხარით", - ავრცელებს რიაბკოვის შეფასებას სააგენტო "ინტერფაქსი". ამერიკულ მხარეს შეხვედრის შემდეგ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კონგრესში არსებული შეთავაზება 300 რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე, შეიძლება იმის წინაპირობა გახდეს, რომ რუსეთში ამერიკული დიპლომატიური ობიექტები დაიხუროს. რიაბკოვის თქმით, ვიქტორია ნულანდთან საუბარი ღია და პროდუქტიული იყო, მიუხედავად მკვეთრად განსხვავებული პოზიციებისა.

მოსკოვში არ გამორიცხავენ, რომ ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების მუშაობა დროებით შეჩერდეს, თუმცა ამბობენ, რომ „ამის თავიდან აცილება სასურველი იქნებოდა“. ამის შესახებ რიაბკოვის განცხადებებზე დაყრდნობით, სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს.

რიაბკოვის თქმით, ვიზებისა და დიპლომატების საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება, თუმცა კონკრეტული თარიღები არ დასახელებულა. ითქვა ისიც, რომ არსებობს სხვა საკითხები, რომელთა შესახებაც ორმხრივი თანამშრომლობის და დიალოგის გააქტიურების პერსპექტივა არსებობს და პროფილური უწყებები განაგრძობენ თემატურ მოლაპარაკებებს. რიაბკოვის განმარტებით, საუბარი შეეხო ავღანეთსაც და რუსულმა მხარემ ცხადად თქვა, რომ პასუხისმგებლობა ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ამერიკასა და მის მოკავშირეებს ეკისრებათ და ამასთან, ცენტრალურ აზიაში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა მოსკოვისთვის მიუღებელია.

„ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტის“ რუსეთისა და სტრატეგიული სტაბილურობის დეპარტამენტის დირექტორი დონალდ ჯენსენი "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციასთან საუბარში ამბობს, რომ ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, იქნებოდა თუ არა ეს შეხვედრები "დიალოგის ახალი ფორმის" დასაწყისი, და ამგვარი მოლოდინი ზედმეტად ოპტიმისტური შეფასება იქნებოდა. თუმცა მისი აზრით, თავად დიალოგის ფაქტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, ავღანეთის, უკრაინის, ნატოსა და სხვა საკითხებთან ერთად, გლობალურ არენაზე ჩინეთის საკითხის გათვალისწინებაც აუცილებელია.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ჩინეთი. ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსული აგრესიის მიღმა, ასევე საქმე აქვს ჩინეთის მზარდ საერთაშორისო ავტორიტეტთან და აგრესიულ გავლენასთან. ეს ართულებს იმას, თუ როგორ ვჭრით ამ ჩამოთვლილ პრობლემებს, ამიტომ ადრეა საუბარი [რუსეთთან] დიალოგის ახალ ფორმაზე", - ამბობს ჯენსენი.

ნულანდის ვიზიტის პარალელურად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მკვეთრადაა დაძაბული. უთანხმოების თემებს შორისაა კიბერთავდასხმები ამერიკულ ინფრასტრუქტურაზე და ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის განაჩენი.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2014 წლის, რუსეთის მიერ უკრაინის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. წელს, აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ ურთიერთობა ახლა ცივი ომის შემდეგ ყველაზე უარეს ეტაპზეა. ბაიდენი და პუტინი ერთმანეთს ივნისში ჟენევაში შეხვედნენ, თუმცა დაძაბულობის შემცირება ვერ მოხერხდა და არც ამის შემდეგ ყოფილა დიდი პროგრესი. პირიქით, ორივე ქვეყანამ დიპლომატიური პერსონალის ნაწილი გააძევა, დაიხურა საკონსულოები. რუსეთმა კი წელს ამერიკის საელჩოს უცხოელების დაქირავება აუკრძალა და ის "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანა.

ამერიკის ელჩი რუსეთში ამბობს, რომ სავიზო მომსახურების დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდული ან გაუქმებულია სწორედ იმიტომ, რომ საელჩოს საკმარისი პერსონალი არ ჰყავს. რიაბკოვმა და ნულანდმა კი პროგრესს სწორედ ამ კუთხით ვერ მიაღწიეს. თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებამ განაცხადა, რომ რიაბკოვმა ნულანდს დიპლომატიურ მისიებზე ყველანაირი სანქციის მოხსნა შესთავაზა. ამ შეთავაზების დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, თუმცა სავარაუდოდ ის მერილენდსა და ნიუ-იორკში ორი დიპლომატიური პოსტის აღდგენას გულისხმობს, რომლებიც 2016 წელს ამერიკის სადაზვერვო სამსახურების მოთხოვნის საფუძველზე დაიხურა. ამერიკის უწყებები მაშინ ამბობდნენ, რომ რუსული დიპლომატიური პოსტები სადაზვერვო ცნობების შეგროვების მიზნით გამოიყენებოდა. 2017 წელს ამერიკამ სან-ფრანცისკოში რუსეთის საკონსულოს დახურვა და ასევე, ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში ორი დიპლომატიური დაწესებულების დახურვა მოითხოვა.

ამ ფონზე, ცოტა ხნის წინ, ამერიკელ კანონმდებელთა ნაწილმა შეერთებული შტატებიდან 300 რუსი დიპლომატის გაძევება მოითხოვა, თუკი რუსეთი ადგილობრივების დასაქმებაზე დაწესებულ შეზღუდვას არ მოხსნის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამბობს, რომ ამ ნაბიჯს რუსეთში ამერიკის ყველა დიპლომატიური დაწესებულების დახურვა მოჰყვება შედეგად.

XS
SM
MD
LG