ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ანჯელა სტენტი ამბობს, რომ აშშ-ში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის დიდი რესურსი არსებობს, მაგრამ ამ მხარდაჭერის ხარისხი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენადაა გავრცელებული კორუფცია ქვეყანაში, როგორ ექცევა მთავრობა ოპოზიციას და როგორია ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან. სტენტი ამბობს, რომ ამერიკაში უნდა სჯეროდეთ, რომ ორ ქვეყანას შორის ერთმანეთის მიმართ თანასწორი პასუხისმგებლობა არსებობს და საქართველო ყოველთვის მზად არის ამერიკასთან გულახდილი და პატიოსანი დიალოგისთვის. ანჯელა სტენტს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ანჯელა სტენტი ამბობს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვა არ სურს. „არ მგონია ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ თუ რუსეთთან დამოკიდებულებას შეცვლიან, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. 6 იანვარს კაპიტოლიუმში ბრბოს შეჭრამდე რუსები იმეორებდნენ შეთქმულების თეორიებს, რომ ამერიკაში არჩევნები გაყალბდა. მათ ასევე, ბოლო წუთამდე არ აღიარეს ბაიდენის არჩევნებში გამარჯვება“, აცხადებს სტენტი.
შეკითხვაზე, თუ რა მოლოდინი აქვს მას ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით, სტენტი ამბობს, რომ „ეს ადმინისტრაცია ზოგადად უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს და უკრაინას, ვიდრე ეს წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში იყო. ბაიდენის ადმინისტრაციაში საქართველოს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. საქართველოს ასევე აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ დემოკრატების მხარდაჭერა. ვფიქრობ, საქართველოსთან ჩართულობა გაგრძელდება. მაგრამ ამ ქვეყანაში არის კითხვები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ქართველების რუსეთთან ურთიერთობის შესახებ. ზოგადად კი, საქართველოს მხარდაჭერისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა არ შეცვლილა და ის კვლავ ძალაში დარჩება“.
ბაიდენის ადმინისტრაცია უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს პანდემიის, თუ შიდა სოციალური, რასობრივი და პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. ამ სირთულეებიდან გამომდინარე, ხშირარდ ისმის კითხვა იმაზე, თუ რამდენად ეყოფა ადმინისტრაციას ყურადღება და ენერგია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. სტენტი იმედს იტოვებს, რომ ეს შესაძლებელი იქნება.
„იმედი მაქვს ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცი. ამერიკა ეცდება ყურადღების სათანადოდ განაწილებას, მაგრამ თავიდან დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.
თეთრ სახლთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების და ამერიკასთან მეტად დაახლოების მიზნით, სტენტის აზრის, საქართველომ „ბაიდენის ადმინისტრაციასთან ჩართულობა და კომუნიკაცია უნდა გააგრძელოს. ასევე კარგია იმის ცოდნა, რომ საქართველოს მიმართ ამერიკაში ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. მაგრამ ამ მხარდაჭერის ხარისხი იმაზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ იქცევა საქართველო ქვეყნის შიგნით. ამაში ის საკითხები შედის, რომლებიც უკვე დიდი ხანია ვიცით, მაგალითად, რამდენადაა გავრცელებული კორუფცია ქვეყანაში, როგორ ექცევა მთავრობა ოპოზიციის წარმომადგენლებს, როგორია ქვეყნის ურთიერთობა რუსეთთან და არის, თუ არა ეს ურთიერთობა რაც შეიძლება გამჭვირვალე. საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის დიდი რესურსი არსებობს. მაგრამ, ამერიკაში უნდა სჯეროდეთ, რომ ორ ქვეყანას შორის ერთმანეთის მიმართ თანასწორი პასუხისმგებლობა არსებობს და საქართველო ყოველთვის მზად არის ამერიკასთან გულახდილი და პატიოსანი დიალოგისთვის".
Facebook Forum