ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელებისა და თალიბანის წევრების პირისპირ შეხვედრის დეტალები ცნობილია 


ქაბულის დაცემიდან დაახლოებით 2 თვის თავზე, ვაშინგტონის წარმომადგენლები დოჰაში თალიბანის წევრებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. შეხვედრა მხარეებს შორის პირველი იყო და მასზე არაერთი საკითხი განიხილეს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერ ნედ პრაისს, არ დაუკონკრეტებია, იყო თუ არა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული შეხვედრაზე.

ოფიციალური ცნობებით, მათ განიხილეს ტერორიზმის საკითხები და ავღანელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიმართულება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ქალთა უფლებები.

„დისკუსიები იყო გულწრფელი და პროფესიონალური. ამერიკული დელეგაციის წევრები ფიქრობენ, რომ თალიბანი პასუხისმგებელია არა მხოლოდ სიტყვებზე, არამედ საკუთარ ქმედებებზე“- აცხადებს პრაისი.

ნედ პრაისის განცხადებით, თალიბანთან პირველი შეხვედრის დროს საუბრის წამყვანი თემა ამერიკის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებს მოიცავდა, იმას, რომ მათ არ უნდა შეეზღუდოთ თავისუფლება და მოგზაურობა.

ამ დრომდე ვაშინგტონს თალიბანი ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად არ უღიარებია. თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში ეს კითხვა ქაბულის დაცემის შემდეგ არაერთხელ დაისვა, თუმცა ოფიციალური პირები ამ მიმართულებით საუბრისგან სხვადასხვა მიზეზით იკავებენ თავს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც თალიბანის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოუწოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისკენ. თალიბანის ლიდერები ვაშინგტონისგან ეკონომიკურ დახმარებას, კერძოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ითხოვდნენ. დღეს თალიბანში აცხადებენ, რომ ისინი შეხვედრით კმაყოფილი არიან და მიესალმებიან ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებას. თალიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ თალიბანი ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებს.

თალიბები ამბობენ, რომ ეს შეხვედრა ამერიკასთან ახალი და კარგი დიპლომატიური ურთიერთობების შექმნის წინაპირობა უნდა გახდეს. თალიბანის წარმომადგენლები ამერიკისგან სანქციების მოხსნასაც ითხოვენ.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG