100-მდე ამერიკელი, რომელსაც ავღანეთის დატოვება სურს, კვლავ თალიბანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთავარი პრობლემა ამ ადამიანების ევაკუაციაში თალიბანის "არაპროგნოზირებულობაა".
"ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, რაც ჩვენი მოქალაქეების და სხვების გამოყვანას უკავშირდება, რა თქმა უნდა, კვლავ თალიბანის არაპროგნოზირებულობაა იმასთან დაკავშირებით, ვის მისცემენ ქვეყნის დატოვების უფლებას",- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
მეორე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად კი სახელმწიფო დეპარტამენტში კომერციული ფრენების არ არსებობას ასახელებენ, რის გამოც, მოქალაქეებისთვის შეუძლებელია მოგზაურობის დაგეგმვა და ავღანეთის დატოვება.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამერიკის დაახლოებით 100 მოქალაქე ელოდება ახლა ევაკუაციას.
სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ისინი "მუდმივ კომუნიკაციაში" არიან იმ კერძო ჯგუფებთან, რომლებიც თავიანთ საევაკუაციო ფრენებს ახორციელებენ. ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები ასევე ეკონტაქტებიან ავღანეთის მთავრობაში მყოფ თალიბანსაც, რათა ამერიკელების ევაკუაცია მოახერხონ.
ავღნეთიდან, ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი საჰაერო ევაკუაციის დროს, დაახლოებით 124,000 ადამიანი გაიყვანეს ავღანეთიდან. თუმცა, ქვეყანაში ათასობით მსურველი რჩება, ვისაც ავღანეთის დატოვება სურს.
ამერიკისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა ავღანეთი 31 აგვისტოს დატოვეს და მას შემდეგ ქვეყანაზე კონტროლი თალიბანს აქვს.
Facebook Forum