აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სამშაბათს დაამტკიცა "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის გამაძლიერებელი, მესამე დოზა. ე.წ. ბუსტერის ადმინისტრაციის ნებართვა საგანგებო გამოყენების ავტორიზაციის აქტის საფუძველზე გაიცა და ის მოსახლეობის განსაზღვრული ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.
გადაწყვეტილებას დღეს დიდი ალბათობით, მწვანე შუქს აუნთებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრთან (CDC) მოქმედი დამოუკიდებელ მრჩეველთა საბჭო. კენჭისყრაზე დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, "ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზა ამ ჯგუფებისთვის დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი.
ე.წ. ბუსტერზე ავტორიზაცია შეერთებულ შტატებში რამდენიმე ჯგუფზე გაიცა. ესენია: 65 წლის ზევით ამერიკელები; ვისაც სუსტი იმუნიტეტის გამო მწვავე დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვს და ასევე ის ადამიანები, ვისაც ინფიცირების წყაროსთან უფრო ხშირი შეხება უწევს. ამ უკანასკნელში შედიან ჯანდაცვის მუშაკები, თუ სკოლებში, სასურსათო მაღაზიებში, თავშესაფრებში, პენიტენციალურ დაწესებულებებში დასაქმებულები.
გასულ კვირას სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ხმის დიდი უმრავლესობით არ დაუჭირა მხარი თეთრი სახლის გეგმას, ბუსტერები მოსახლეობის ზრდასრული ნაწილისთვის მთლიანად დაემტკიცებინათ. ამ საკითხზე პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ერთი თვის წინ გაკეთებულ წინააღმდეგობრივ განცხადებას, დამოუკიდებელი პანელის ზოგიერთი წევრის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
სპეციალისტებმა გასულ კვირას თქვეს, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ კვლევებში საკმარისი მონაცემები არ იყო. მაშინ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა გამაძლიერებელი დოზა მხოლოდ 65 წლის ზევით ადამიანებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე ამერიკელებისთვის დაამტკიცა.
ჯანდაცვის ექსპერტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ახლა მთავარი ყურადღება იმ ადამიანებისთვის პირველი დოზის გაკეთებაზე უნდა მახვილდებოდეს, ვინც საერთოდ არ აცრილა. ამერიკაში კოვიდ-19-ის გართულებებით ბოლო თვეებში გარდაცვლილთა უდიდესი უმრავლესობა აუცრელია.
ამ ეტაპზე შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ზე სრულად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 55%-ს შეადგენს. დელტა ვარიანტის სწრაფად გავრცელების შედეგად, ამერიკაში სიკვდილობის ყოველდღიური მაჩვენებლები მარტის შემდეგ, ყველაზე მაღალია. სტატისტიკური მონაცემები ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის რესურსების ცენტრს ეკუთვნის.
Facebook Forum