ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტრასბურგმა რუსეთი ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლად ცნო


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია 2006 წელს, ლონდონში უშიშროების ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში.


43 წლის ლიტვინენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსო იყო. ის 2006 წლის 1 ნოემბერს ავად გახდა - მიზეზი ძლიერი რადიოქტიური იზოტოპოთ, პოლონიუმ-210-ით მოწამლული ჩაის დალევა იყო. რამდენიმე დღის შემდეგ ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბრიტანეთში გამოძიებამ 2016 წელს დაადგინა, რომ დაზვერვის ოპერაცია ლიტვინენკოს მკვლელობის მიზნით, სავარაუდოდ, ვლადიმირ პუტინთან იყო შეთანხმებული. გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ორი მოქალაქე, როგორც მთავარი ეჭვმიტანილები - დმიტრი კოვტუნი და ანდრეი ლუგოვოი, რომელიც ახლა კანონმდებელია.

21 სექტემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლო განმარტავს, რომ მან “გონივრულ ეჭვს მიღმა” დაასკვნა, რომ მკვლელობა ლუგოვოის და კოვტუნის მიერ იყო ჩადენილი, და რომ არ არსებობს იმის საწინააღმდეგო არგუმენტები, რომ ისინი ლიტვინენკოს მოწამვლისას რუსეთის სახელმწიფო აგენტების მანდატით არ მოქმედებდნენ. ორივე მათგანი, ისევე, როგორც კრემლი, ლიტვინენკოს სიკვდილთან კავშირს უარყოფს. კრემლმა სასამართლოს გადაწყვეტილებას "დაუსაბუთებელი" უწოდა.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თითქმის არ აქვს უფლებამოსილება და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდეს. ამ გამოძიების შედეგები კვლავ არ არსებობს და ამგვარი დასკვნის გაკეთება, სულ მცირე, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა", - განაცხდა კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა კი, ლუგოვოიმ თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

უშიშროების ფედერალური სამსახურის, იგივე "ეფ-ეს-ბეს" ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრ ლიტვინენკო რუსეთიდან 1999 წელს გაიქცა, მას შემდეგ, რაც უწყების მიერ კრემლის კიდევ ერთი კრიტიკოსის, ბორის ბერეზოვსკის სავარაუდო მკვლელობის გეგმის შესახებ განაცხადა.

XS
SM
MD
LG