20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბორის ელცინმა პრემიერ მინისტრის პოსტსზე ვლადიმირ პუტინი წარადგინა. ამ დროისთვის, პუტინზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი. ის პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენდა. თუმცა ყურადღება მან მალევე მიიპყრო. ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ლიდერმა, საგარეო და საშინაო ფრონტზე, ქვეყანა მნიშვნელოვნად შეცვალა.
1999 წლის სექტემბერში მოსკოვში, ბოლგოდონსკსა და ბუინაკსკში საცხოვრებელი სახლების აფეთქებებს 300 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 800-ზე მეტი დაშავდა. აფეთქება, ერთი ვერსიით, სწორედ პუტინის ხელისუფებაში მოსვლას ემსახურებოდა მიზნად და თავად სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული. „არსებობს ამის მრავალი მტკიცებულება. აფეთქებების სერია პუტინის ხელისუფლებაში მოსასვლელი სტრატეგიის ნაწილი იყო და ამან იმუშავა“, - ამბობს დევიდ სატერი, ავტორი და მკვლევრი.
მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ეს მოსაზრება სიმართლეს, აფეთქებებმა პუტინს პოპულარობა მოუტანა. „აფეთქებების სერიამ პუტინი ხელისუფლებაში მოიყვანა. აფეთქებებამდე, მცირე იყო შანსი რომ ან პუტინი, ან ვინმე, ვისაც ელცინი მხარს უჭერდა, გახდებოდა რუსეთის მომავალი პრეზიდენტი. თუმცა, აფეთქებებმა ჩეჩნეთში მეორე ომის გარშემო მოსახლეობის გაერთიანება გამოიწვია. ომის წარმატებამ, კი პუტინის სტატუსი გაზარდა და მისცა სრულიად უცნობ ადამიანს საშუალება პრეზიდენტი გამხდარიყო. მას არ ექნებოდა პრეზიდენტობის არანაირი შანსი, რომ არა ჩეჩნეთის მეორე ომი“, - განმარტავს სატერი.
პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე, ლადიმირ პუტინს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა, იქამდე კი ის სანქტ-პეტერბურგში, ანატოლი სობჩაკთან ერთად მოღვაწეობდა. პუტინის კარიერა „სუკის“ აგენტობიდან დაიწყო, ის საბჭოთა კავშირის დაშლამდე აღმოსავლეთ გერმანიაში იყო მივლენილი. ბორის ელცინი 1999 წლის ახალი წლის ღამეს მოულოდნელად გადადგა და ის ვლადიმირ პუტინმა შეცვალა. „მუდამ მთვრალი ელცინის მერე, ის ახალგაზრდა ლიდერი იყო, რომელსაც სწორ ხაზზე გავლა შეეძლო“, - ასე აღწერა პიტერ პომერანცევმა პუტინის ხელისუფლების სათავეში გამოჩენა.
პუტინის ხელისუფლებაში მოსვლაში კრიტიკული როლი ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ ითამაშა. ბერეზოვსკის საკუთრებაში მყოფი ტელეკომპანია „ო-ერ-ტე“ 2000 წლის არჩევნებზე პუტინის „პიარსა“ და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი იარაღი იყო. თუმცა ამ ორის გზა, მალევე გაიყარა. ბერეზოვსკი, პუტინს საჯაროდ პირველად პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე კვირაში დაუპირისპირდა. ის პუტინის საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ხელისუფლების ცენტრალიზაციას ახდენდა, აუქმებდა გუბერნატორების არჩევნებს და აძლევდა კრემლს უფლებას დაენიშნა ისინი. ბერეზოვსკი 2013 წელს ინგლისში, ბერკშირში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაასახელა.
ბერეზოვსკი არ იყო ერთადერთი, ვის მიმართაც პუტინმა მალევე მიიღო ზომები. მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთის მეორე ომში, რუსეთის ქმედებებს ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“ კრიტიკულად შეხვდა, ტელეკომპანიის სათაო ოფიში პოლიცია შეიჭრა. „ენ-ტე-ვეს“ რეიდს მედიის სახელმწიფოს ხელში მონოპოლიზება და 90-იანი წლების ოლიგარქების წინააღმდეგ დევნის კამპანია მოჰყვა. 2003 წელს, პრეზიდენტთან შეხვედრისას, ოლიგარქმა მიხაილ ხადარკოვსკიმ პუტინი გააკრიტიკა, ის მალევე დააკავეს და ნავთობ-წარმოებაში მისი აქტივები ჩამოართვეს. ხოდორკოვსკიმ ციხეში 10 წელი დაჰყო.
ოლიგარქთა პირველი თაობის გაქრობას, ახლების დაბადება მოჰყვა. მათ ერთი რამ აერთიანებდათ - მათი ხატი პრეზიდენტი იყო. პუტინმა შექმნა რეჟიმი, სადაც მისდამი ერთგულება ერთადერთი გზაა ბიზნესსაქმიანობისთვის, თუ მედია ბაზარზე დასარჩენად. ოლიგარქების საკუთრებაში მყოფი ტელეარხები ახლა უკვე პუტინის სამსახურში ჩადგნენ. „პუტინი ტელე-გმირია. როცა ის პრემიერი გახდა ის არაფერს წარმოადგენდა. პირველი, რაც მან გააკეთა, ტელევიზიებზე კონტროლის მოპოვება იყო. ის ტელეპროექტია“, - უთხრა პიტერ პომერანცევმა „ამერიკის ხმას“.
რუსული მედია პუტინს წარმოაჩენს, როგორც ძლიერ და მტკიცე ლიდერს -- ცხენზე ამხედრებულს, წელზევით შიშველს, სპორტულს თუ პოპულარული სიმღერის „ბლუბერი ჰილზ“-ის შემსრულებელს. 90-იანების არასტაბილურობის შემდეგ, რუსი ამომრჩევლისთვის ახალგაზრდა, ძლიერი ლიდერი, რომელით მაც უფრო მეტ კეთილდღეობას და დიდებას პირდებოდა, წარსულთან რადიკალურ კვეთას წარმოადგენდა. პუტინის ერთ-ერთი მიღწევა სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. „პუტინმა რუსეთი უფრო მდიდარ ქვეყანად აქცია, თუმცა დიქტატურად“, - ამბობს დევიდ სატერი. „შიდა პოლიტიკის კუთხით, მან დიქტატურა შექმნა, სადაც ყველა ძალაუფლება რეჟიმის ხელშია. ამ რეჟიმის ძალა კი ერთ ადამიანშია მოქცეული. რუსეთში ძალაუფლების განადანაწილება 1993 წლიდან გაქრა, როცა ელცინმა რუსეთის პარლამენტი გაანადგურა. პუტინმა ეს პროცესი დაასრულა, მან გააქრო ძალაუფლების ყველა დამოუკიდებელი ცენტრი“, - თქვა მან.
მოგვიანებით, პუტინმა საერთაშორისო არენაზე გავლენის მოპოვების მიზნით სახელმწიფო უცხოენოვანი ტელეარხები „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“ შექმნა, რომლებიც საქართველოსთან ომის შემდგომ გააქტიურდნენ. საგარეო დაპირისპირება პუტინს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის გაერთიანებაში ეხმარებოდა. საქართველოსთან და უკრაინასთან ომების შემდეგ პრეზიდენტის რეიტინგი საგრძნობლად იმატებდა. უკრაინის შემდეგ, პუტინი სირიაში, ასადის რეჟიმის გადასარჩენად ჩაერთო.
აგრესიულ საგარო პოლიტიკასთან ერთად, პუტინის რეჟიმს ოპონენტებისადმი ანგარიშსწორება გაყვება ხაზად. 2006 წელს, ლონდონში „სუკის“ ყოფილი აგენტი ალექსანდრე ლიტვინენკო ჩაიში გარეული იშვიათი საწამლავით, „პოლონიუმ-200“-ით, მოწამვლით გარდაიცვალა. ლიტვინენკოს მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, საკუთარი სახლის ლიფტში ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, თითქმის 10 წლის შემდეგ კი, მოსკოვში კრემლთან ახლოს ოპოზიციის ლიდერი ბორის ნემცოვი გამოასალმეს სიცოცხლეს.
რეჟიმის მთავარი „მიღწევა“ განსხვავებული აზრის, დამოუკიდებელი და თავისუფალი სივრცეების ჩახშობაა. პუტინმა ხელისუფლების საკუთარ ხელში მოქცევა მოახერხა. “ყველაზე ცუდი, რაც პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა, საქართველოსთან და უკრაინასთან ომის გარდა, სამოქალაქო ინსტიტუტების დანგრევააა. ეს საშიშია, რადგან მათი აღდგენა რთული იქნება. მართალია, რუსეთში ეს ინსტიტუტები არასდროს ჩამოყალიბებულა, თუმცა ისინი ნელნელა ვითარდებოდნენ. პუტინი, რომ ხელისუფლებაში მოვიდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 10 წელი იყო გასული და არ იყო საკმარისი დრო მათ შესაქმნელად. პუტინმა გაანადგურა ყველა მათგანი: სასამართლო, კანონის უზენაესობა, მედია - რომელიც მართალია ოლიგარქებს ეკუთნოდა, თუმცა ერთმანეთთან კონკურენციაში იყო“,- ამბობს კარინა ორლოვა. „რუსეთში დღეს არცერთი ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს და ეს არის პუტინის ყველაზე საშინელი მემკვიდრეობა“, - ამბობს ის.
სახელმწიფო და დამოუკიდებელი ინსტიტუტების დასუსტების კვალდაკვალ, პუტინის ხელისუფლებამ სხვა ინსტიტუტები გააძლიერა, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესია პუტინმა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების საშუალებად აქცია და მას, პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტი მნიშვნელოვანი როლი მისცა. 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში დაბრუნდა, მან თავი ტრადიციული ღირებულებების, ოჯახის დამცველად და სექსუალური უმცირესობების უფლებების წინააღმდეგ მებრძოლად გამოაცხადა. პუტინს ეს რიტორიკა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე და განსაკუთრებით პოსტ-საბჭოთა სივრცეში გავლენის მოპოვებისთვის ეხმარება, სადაც ის რელიგიურ თუ კულტურულ კავშირებს იყენებს მოსკოვისთვის კეთილგანწყობის შესაძენად.
თუმცა, ორ ათწლეულთან ერთად, ქვეყნის შიგნით და გარეთ გახშირდა საუბარი იმაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს პრეზიდენტის მემკვიდრე. ხელისუფლება ცოტა ხნის წინ, ძალადობრივად შეეცადა ოპოზიციონერი ალექსანდრე ნავალნის მიერ გამართული აქციების ჩახშობას. კრემლი ძალადობრივად გაუსწორდა 2011-12 წლებში „ბოლოტნაის გამოსვლებს“. პერიოდული საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, ქვეყნის ოპოზიცია კვლავ დანაწევრებული და სუსტია.
„მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 20 წლის განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა, თუმცა უკანასკნელი 3-4 წელია ვხედავთ და რუსეთში დემონსტრაციებზეც გამოჩნდა, რომ მან ფაქტობრივად ხელისუფლება ძალადობრივად დაიპყრო. ეს გამოიხატება „ძალოვნების“ გაძლიერებაში - ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის, უშიშროების საბჭოს და სახელმწიფო გვარდიის გაძლიერებაში“, - ამბობს კარინა ორლოვა „მოსკოვის ეხოს“ ჟურნალისტი. „პუტინს დაიმახსოვრებენ, საქართველოსთან, უკრაინასთან ომით და ყირიმის ანექსიით, თუმცა ასევე, მისი მმართველობის უკანასკნელი წლებით. ის უკან ვეღარ დაიხევს. ნათელია, რომ ეს მისი დაისია”,- ამბობს ის.
დემონსტრანტები მოსკოვის 8 სექტემბრის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების დაშვებას ითხოვდნენ. კრემლმა შეძლო აქციების მუხტის შესუსტება. თუმცა რამდენ ხანს მოახერხებს რუსეთის პრეზიდენტი 20 წლის მანძილზე დაგროვებული უკმაყოფილების შეკავებას, ღია კითხვად რჩება.
Facebook Forum