ამერიკაში აპრილიდან ივლისამდე, მაშინ როცა ქვეყანაში დელტა ვარიანტი დომინირებდა, კოვიდ-19-ის ვაქცინებმა 18-დან 74 წლამდე ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის პრევენციაში 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ეს ინფორმაცია ორშაბათს გაავრცელა.
ცენტრის მეცნიერმა ექიმმა სარა ოლივერმა ვაქცინაციის მრჩეველთა კომიტეტს ახალი ანგარიში წარუდგინა. კვლევის მიხედვით, 75 წლის და ზევით ასაკობრივ ჯგუფებში, შეერთებულ შტატებში დამტკიცებული ვაქცინების ეფექტურობა იკლებს. თუმცა, ეფექტიანობის მაჩვენებელი მაინც მაღალია და 80%-ს აღემატება. საუბარია კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, რომლებსაც 3 კომპანია აწარმოებს: "ფაიზერი", "მოდერნა" და "ჯონსონი და ჯონსონი".
ექიმ ოლივერის თქმით, დროთა განმავლობაში ვაქცინების ეფექტიანობა იკლებს ინფიცირების და საშუალო სიმძიმის სიმპტომების პრევენციის მხრივ, რაც შესაძლოა ვაქცინის მოქმედების დასუსტებას უკავშირდებოდეს. ამის მიზეზი სავარაუდოდ დელტა ვარიანტიც არის, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის პირველადი ვარიანტები.
დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მრჩეველთა კომიტეტს მოსახლეობის ფართო ნაწილთან მიმართებაში გამაძლიერებელი დოზის, ე.წ. ბუსტერის ადმინისტრირება ჯერ არ გადაუწყვეტია. შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის ვაქცინის მესამე დოზა ჯერ მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებშია ნებადართული. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მარეგულირებლებმა "ფაიზერის" ან "მოდერნას" ვაქცინის ბუსტერზე გადაწყვეტილება შესაძლოა სექტემბერში მიიღონ.
პარალელურად, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა გაზარდა იმ ქვეყნების სია, სადაც ამერიკელებს წასვლას არ ურჩევენ. CDC-იმ 7 სახელმწიფო დაამატა კოვიდ-19-ის 4 კატეგორიის შემცველ გაფრთხილებას. მეოთხე, კორონავირუსის ყველაზე მაღალი გავრცელების კატეგორიაში გადასულებს დაემატა ესტონეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ჩრდილოეთ მაკედონია, პუერტო-რიკო, კარიბის ზღვის კუნძულები და გუამი.
საქართველო ამ სიაში 19 მაისის შემდეგ ფიგურირებს. ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც მეოთხე კატეგორიის ქვეყნებში წასვლას გეგმავენ, მთავრობა აფრთხილებს, რომ იქ ინფიცირების "ძალიან მაღალი" რისკია, რომ მათთვის აჯობებს მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ან იქ სრულად აცრილები წავიდნენ.
Facebook Forum