"ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის საფრთხის გამო, აშშ-მა და მოკავშირეებმა დღეს ავღანელებს მოუწოდეს, დატოვონ ქაბულის აეროპორტი. შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები განაგრძობენ ძალისხმევას იმისთვის, რომ 31 აგვისტომდე, ავღანეთის დედაქალაქიდან, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდეს.
მოახლოებული დათქმული ვადა ზრდის ზეწოლას, ათობით ათასი უცხოელისა და იმ ავღანელების ევაკუაციის პროცესზე, ვინც 20 წლიანი ომის დროს დასავლეთს თალიბების წინააღმდეგ ეხმარებოდნენ.
დღესვე, სააგენტო „როიტერს“ იტალიის თავდაცვის უწყებიდან წყარომ განუცხადა, რომ ქაბულიდან აფრენილ იტალიურ სამხედრო თვითმფრინავს უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. წყარო ამბობს, რომ თვითმფრინავი არ დაზიანებულა.
ბორტზე მყოფი იტალიელი ჟურნალისტი Sky 24-თან საუბრისას ამბობს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი აფრენიდან რამდენიმე წუთში გაუხსნეს. ამ დროს ბორტზე 100-მდე ევაკუირებული ავღანელი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა.
ოთხშაბათს, ქაბულში აშშ-ის საელჩომ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ აეროპორტში გამგზავრებას. ამასთან, პოტენციური „საფრთხეების“ მოტივით, საელჩომ აეროპორტის მისადგომებთან მყოფ ადამიანებსაც თხოვა ტერიტორია დაეტოვებინათ.
მოწოდება ქაბულის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების შესახებ ბრიტანეთმაც გაავრცელა. შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ჯეიმს ჰეპეიმ თქვა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელების თავდასხმის შესახებ საფრთხე „ბევრად უფრო გამყარებული“ გახდა.
„საფრთხე დამაჯერებელია, ის გარდაუვალია, ის მომაკვდინებელია.“ - აცხადებს ჰეპეი, BBC-სთან საუბრისას. მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა ავსტრალიამ მაშინ, როცა ბელგიამ ევაკუაციის მისია დაასრულა.
დღეს სავარაუდოდ ასევე ბოლო საევაკუაციო ფრენას განახორციელებს ნიდერლანდები. გერმანიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეს ევაკუაციის პროცესის ყველაზე საშიში ეტაპი იყო.
„სიცოცხლის რისკი“
თალიბანი, რომლის მებრძოლები აეროპორტის მიღმა მიმდებარე პერიმეტრს იცავენ, „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანელი მოკავშირეების „ისლამური სახელმწიფო ხორაშანის“ მტრებად მიიჩნევიან.
„ჩვენი მესაზღვრეები, საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ. „ისლამური სახელმწიფო“ საფრთხეს მათაც უქმნის“ - აცხადებს ანონიმურობის დაცვით, თალიბანის ოფიციალური წარმომადგენელი.
მებრძოლები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფო - ხორაშანის“ ერთგულები არიან, აღმოსავლეთ ავღანეთში პირველად 2014 წლის ბოლოს გამოჩდნენ. მაგრამ, ულტრარადიკალური სუნიტური მოძრაობა მალევე გაფართოვდა პაკისტანის საზღვართან ახლოს.
დასავლური დაზვერვის სამსახურების მიხედვით, დაეშის სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ, რეპუტაცია უკიდურესი სისასტიკით შეიქმნა. დაჯგუფება თალიბანს, როგორც იდეოლოგიური მიზეზებით, ასევე ადგილობრივი კონტრაბანდისა და ნარკოტიკების მარშრუტზე კონტროლის მოპოვების მიზნით ებრძოდა.
ამ ფონზე, საფრთხის მიუხედავად, მოქალაქეები ქაბულის აეროპორტთან შეკრებას განაგრძობენ, - ამბობს ქაბულის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენელი, აჰმედულა რაფიქზაი.
„ხალხს გადაწყვეტილი აქვს, რომ ქვეყანა დატოვოს და ამისთვის ისინი სიკვდილსაც კი არ უშინდებიან“ - აცხადებს „როიტერთან საუბრისას რაფიქზაი.
„ნატოს“ წევრი ქვეყნის დიპლომატი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომავალი საფრთხის უგულვებელყოფა დაუშვებელია.
„დასავლურ ძალებს არავითარ შემთხვევაში არ სურთ იყვნენ ისეთ პოზიციაში, რომ ვინმეს წინააღმდეგ შეტევა, ან თავდაცვითი შეტევა დაიწყონ“ - აცხადებს დიპლომატი.
მიუხედავად ევროპელი მოკავშირეების განცხადებისა, რომ მათ მეტი დრო სჭირდებათ, პრეზიდენტმა ბაიდენმა ავღანეთში მყოფ ძალებს უბრძანა, თვის ბოლომდე შეასრულონ ავღანეთიდან გასვლის შესახებ, თალიბანთან დადებული შეთანხმება.
თალიბების მიერ ქაბულის აღების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო ევაკუაცია განახორციელეს. მისიის ფარგლებში, 95 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათ შორის, მხოლოდ ოთხშაბათს, მისიის ფარგლებში ავღანეთის 13 400-მა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ამერიკელი ოფიციალური სამხედრო პირები აცხადებენ, რომ ქაბულის აეროპორტს თვითმფრინავი საშუალოდ ყოველ 39 წუთში ტოვებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, აგვისტოს შუა რიცხვებიდან ავღანეთი ამერიკის 4 500-მა მოქალაქემ და მათმა ოჯახის წევრებმა დატოვა.
თალიბანი აცხადებს, რომ უცხო ქვეყნების ჯარებმა ქვეყანა თვის ბოლომდე უნდა დატოვონ. ისინი, ავღანელებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ამასთან ამბობენ, რომ წასვლის ნებართვის მქონე პირებს ქვეყნის დატოვების საშუალება, ქალაქში კომერციული ფრენების აღდგენისთანავე ექნებათ.
1996-2001 წლებში, ავღანეთში თალიბანის მმართველობა საჯარო სიკვდილით დასჯითა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვით იყო გამორჩეული. ქალებს ეკრძალებოდათ განათლების მიღება და მუშაობა. 20 წლის წინ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, დასავლურმა ძალებმა თალიბანი დაშალა. მიზეზი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ყაიდას“ მებრძოლების მასპინძლობა იყო, რომლებმაც 2001 წლის 11 სექტემბერს შეერთებულ შტატებში ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს.
ახლა თალიბანი აცხადებს, რომ ისინი პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და არ დაუშვებენ ქვეყანაში ტერორისტებმა ავღანეთიდან იმოქმედონ.
განახლება
დღეს ქაბულის აეროპორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ეს თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, დეტალები შესაძლოა შეიცვალოს.
პენტაგონის პრეს-მდივანმა ჯონ კირბიმ "ტვიტერზე" აფეთქება დაადასტურა და თქვა, რომ მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. მისი თქმით, ების გასასვლელთან აფეთქება მოხდა. ეს „კომპლექსური თავდასხმის შედეგი იყო, რასაც შედეგად შეერთებული შტატების და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა“.
პენტაგონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა "როიტერს" უთხრა, რომ დაშავებულთა შორის, სულ მცირე, სამი ამერიკის შეიარაღებული ძალების წევრია.
Facebook Forum