ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში ეპიდ-ვითარება მძიმდება


კოვიდ-ვითარება საქართველოში 10 აგვისტოს მონაცემებით. 2021
კოვიდ-ვითარება საქართველოში 10 აგვისტოს მონაცემებით. 2021

საქართველოში, უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში კორონავირუსით 214 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკა ასეთია:

11 აგვისტო - 5352 ახალი შემთხვევა
48 გარდაცვლილი;
10 აგვისტო - 5697 - ახალი შემთხვევა
54 გარდაცვლილი;
9 აგვისტო - 2236 ახალი შემთხვევა
44 გარდაცვლილი;
8 აგვისტო - 3344 ახალი შემთხვევა
30 გარდაცვლილი;
7 აგვისტო - 4216 ახალი შემთხვევა
38 გარდაცვლილი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ სამინისტროს პაციენტების განთავსებისთვის, ალტერნატიული სივრცეების მოძიება მოუწევს.

კოვიდ-ვითარება საქართველოში, 2021 წლის 11 აგვისტოს მონაცემები
კოვიდ-ვითარება საქართველოში, 2021 წლის 11 აგვისტოს მონაცემები

„მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში, ეპიდემიის მატების ანალოგიური ტენდენცია თუ გაგძელდება, რა თქმა უნდა, მოგვიწევს დამატებითი, ალტენატიული სასტუმროების მობილიზება. მიდის საუბარი იმის შესახებ, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც აქამდე არასდროს გამოგვიყენებია“, - ამბობს თამარ გაბუნია და დასძენს, რომ ამჟამად, ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში მუშაობს. ახალ პაციენტებს უკვე გაწერილი პაციენტების ხარჯზე იღებენ, თუმცა მომავალ დღეებში 7500-მდე საწოლის მობილიზება იგეგმება.

საქართველოში აცრა, ამ დროისთვის, ფაიზერის, ასტრაზენაკას, სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინითაა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას ონლაინ რეგისტრაციის შესაძლებლობას სთავაზობს. აცრის სტატისტიკა მზარდია, თუმცა ანტივაქსერული კამპანიები კიდევ უფრო ძლიერი. ზოგიერთი ტელევიზია საქართველოში ანტივაქსერულ კამპანიას სპეციალურ ეთერსაც უთმობს. "ამერიკის ხმასთან" საუბრისას მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ ანტივაქსერული შეტევების რაოდენობამ განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის ფაიზერით აცრის შესაძლებლობა გაჩნდა.

ფაიზერის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველომ აშშ-სგან მიიღო საჩუქრად. ტვირთი საქართველოში 23 ივლისს ჩამოვიდა. ვაქცინის მიღების მსურველთა რეგისტრაცია კი მეორე დღიდანვე დაიწყო. 24 ივლისს საქართველომ კიდევ ერთი საჩუქარი მიიღო, ამჯერად ლიეტუვისგან - ასტრაზენეკას 15 000 დოზა.

ამ ფონზე, გაძლიერდა ანტივაქსერული კამპანიებიც. პროცესში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მიზანმიმართულ ონლაინ კამპანიებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიგნით არსებულ მძლავრ დაჯგუფებას.

„მედიის განვითარების ფონდის“ პროგრამა ყალბ მონაცემებს იკვლევს და "ფეისბუქზე" ნიშნავს. ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დინამიკაში დაკვირვების კვალდაკვალ, ფაიზერის შემოსვლის შემდეგ, ანტივაქსერული შეტევების რაოდენობა და კოორდინირებულობის ხარისხი გაიზარდა.

„შიშების ინსტრუმენტალიზაცია საზოგადოებაში არსებობს. ანტივაქსერული განწყობების მხრივ საქართველო არაა უნიკალური. ჩვენთან ამას ახდენენ ანტილიბერალური ჯგუფები, სასულიერო პირების ნაწილი და ეკლესიის ერთი, საკმაოდ გავლენიანი ფრთა. ასევე, რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები. რასაც ვაკვირდებით, ძალიან აქტიურობენ, ეგრეთ წოდებული, ვასაძის მხარდამჭერი, „ალტ-ინფოს“ ჯგუფები და ინდივიდუალური ანგარიშები,“ - ამბობს თამარ კინწურაშვილი..

ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში ონლაინაა შესაძლებელი
ვაქცინაციაზე რეგისტრაცია საქართველოში ონლაინაა შესაძლებელი

"ამერიკის ხმა" საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა იმის თაობაზე, თუ რამდენად ურჩევს, მოუწოდებს ეკლესია მრევლს აიცრას, დაინფიცირების დამძიმებული სტატისტიკიდან გამომდინარე. დეკანოზის თქმით, მას ახალის არაფრის თქმა შეუძლია, რადგან ეკლესიამ ვაქცინაციასთან დაკავშირებით უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია 11 თებერვალს. მას შემდეგ ეკლესიას პოზიცია არ შეუცვლია, ამბობს დეკანოზი.

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 11 თებერვლის სინოდის გადაწყვეტილება. იქ ერთ-ერთი პუნქტი კოვიდს ეხება. ესაა ჩვენი ეკლესიის პოზიცია. ესაა ეკლესიის ოფიციალური პოზიცია. ზოგადად, საპატრიარქო ახმოვანებს მთელი ეკლესიის, ანუ სინოდის გადაწყვეტილებას. თუ სინოდი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შესაბამისად, სხვა გადაწყვეტილებაც არ იარსებებს“, - აცხადებს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 11 თებერვლის განჩინებაში ნათქვამია: „საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

ამ დასკვნამდე სინოდის დადგენილებაში ჩამოთვლილია ის კითხვები, რაც საპატრიარქოს აქვს როგორც ვაქცინის, ისე ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით. მათ შორისაა ის, თუ „რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში? როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?
არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?“

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო, გასულ თვეს კი დამატებითი სახეობის ვაქცინები შემოვიდა ქვეყანაში. ამდენად, რამდენადმე სხვა მოცემულობა არსებობს ახლა, ვიდრე ეს 11 თებერვლის მდგომარეობით იყო, როდესაც სინოდის განჩინება გამოიცა. მიუხედავად ამისა, ეკლესიაში პოზიციისა და დამოკიდებულების ცვლილებები ვაქცინაციის პროცესის მიმართ არ ფიქსირდება.

„საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრის ფორმირებაზე ძალიან დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენენ ის სასულიერო პირები, ვინც შიშის კულტივირებაში იღებენ მონაწილეობას. ეკლესიაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხი. ხშირად, იმ პოსტებში, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით, ნათქვამია: „მღვდელმა მითხრა, არ გაიკეთო ვაქცინა“; „არ ჩაერიო, რადგან ეს ორ დიდ სახელმწიფოს შორის ბრძოლაა“; „ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების მიზანი აქვთ, ჩვენ უნდა გადავრჩეთ, ვილოცოთ და მხოლოდ ღმერთის იმედად ვიყოთ“... იქ, სადაც შიშებია, უფრო იოლია საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება,“ - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

მედიის განვითარების ფონდის დაკვირვებით, ანტივაქსერული კამპანია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება. „5 ივლისის შემდეგ, ეს ჯგუფები ცდილობენ ყველა იმ ადამიანის ინსტრუმენტალიზაციას, ვინც პოტენციურად, უნდობლობით უყურებს ჯანდაცვის სისტემას. იგივე, ხალხი, ხშირად, ნამოხვან-ჰესის პროფილებს იყენებს. ისინი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ ანტივაქსერულ განწყობებს და თვითონაც აქტიურად ავრცელებენ დეზინფორმაციას“, - გვეუბნება თამარ კინწურაშვილი.

მას მაგალითად მოჰყავს შემთხვევა, როდესაც „ანტივაქსერი“ ადამიანი რუსული წარმოების ვაქცინის პოპულარიზებას ახდენს პირდაპირი ეთერით.

„ერთი თვისება, რაც საქართველოში ახასიათებთ „ანტივაქსერებს“ პოლიტიკური მიკერძოებულობაა. ცნობილი „ანტივაქსერის“, თინა თოფურიას მაგალითი ავიღოთ. თუ ანტივაქსერია, ზოგადად, ვაქცინაციის წინააღმეგი უნდა იყოს ადამიანი. როდესაც ებრძვი ვაქცინებს, მაგრამ მხოლოდ რუსულ ვაქცინას ანიჭებ უპირატესობას, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ამ ანტივაქსერების გულწრფელობა. რადგან ისინი პოლიტიკური შეხედულების მიხედვით მოქმედებენ და არა სამედიცინო მიზანშეწონილებიდან გამომდინარე. ანალოგიურად იქცევიან სასულიერო პირები, ვინც ხშირად ჩნდებიან საიტზე „საქართველო და მსოფლიო“ და იგივეს იმეორებენ“, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ვთხოვეთ, გაეზიარებინა მისი პირადი დამოკიდებულება ვაქცინაციასთან მიმართებით. „ჩემ პირადულს არ აქვს მნიშვნელობა, ეკლესიის აზრი თუ გაინტერესებთ, იქ არის, სინოდის გადაწყვეტილებაში. მრევლსაც ისევე ვურჩევ, როგორც იქაა მითითებული. სინოდის გადაწყვეტილება უმთავრესია და ყველა ვალდებულია მას დაემორჩილოს“.

ეპიდ-ვითარება რომ უფრო დამძიმდეს, თქვენ რჩევის მიცემა შეგეძლებათ, ვაქცინაციასთან დაკავშირებით? - ვკითხეთ დეკანოზს დამატებით, თუმცა მისი პასუხი უცვლელი იყო. „ყველანაირი შეფასება იქაა (სინოდის გადაწყვეტილებაშია) მითითებული“, - გვითხრა მან. ამ ეტაპზე, ეკლესია მრევლს ვაქცინაციას არ ურჩევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG