ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ტვიტერს" ჟურნალისტური მასალების წაშლას უფრო და უფრო მეტი მთავრობა სთხოვს


სოციალური მედიის ერთ-ერთი გიგანტი, „ტვიტერი“ აცხადებს, რომ გასულ წელს მსოფლიოს ქვეყნების არაერთი ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტების მიერ შექმნილი მასალების ჩახსნისა თუ დაბლოკვის მოთხოვნები იზრდებოდა.

სოციალური მედიის პლატფორმის გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად, რომელიც „როიტერმა“ მის გამოქვეყნებამდეც მოიპოვა, 2020 წლის მეორე ნახევარში 200-მდე ჟურნალისტისა და მედიასაშუალების გვერდები მთავრობების მხრიდან 361 მოთხოვნის სამიზნე გახდა. ესა თუ ის ხელისუფლება პლატფორმის შესაბამისი სამსახურებისგან ჟურნალისტური მასალების წაშლას ითხოვდა. ეს 26 %-ით იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე იმავე წლის პირველ ნახევარში ფიქსირდებოდა.

„ტვიტერი“ არ ასაჯაროებს მონაცემებს იმ კონკრეტული ქვეყნების შესახებ, რომელთა მთავრობებიც ამგვარი მასალების შეზღუდვას ითხოვდნენ და არც იმას ადასტურებს, რამდენი ამგვარი მოთხოვნა დააკმაყოფილა კომპანიამ. თუმცა აცხადებს, რომ პირველი, ინფორმაციასთან დაკავშირებული მოთხოვნებით ინდოეთი იყო, მეორე კი - ამერიკის შეერთებული შტატები.

„ტვიტერი“, „ფეისბუქი“, „გუგლი“ და „იუთუბი“ და მათ მიერ მასალების განთავსების პოლიტიკა ბოლო წლებში ამა თუ იმ მთავრობის ყურადღების ცენტრშია.

ორშაბათს კუბამ ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის პარალელურად „ფეისბუქზე“ და „ტელეგრამის“ მსგავს აპლიკაციებზე წვდომა შეზღუდა. გასულ თვეში ნიგერიამ ქვეყანაში „ტვიტერი“ შეზღუდა და მედიასაშუალებებს მისი ინფორმაციის მოპოვებისთვის გამოყენებაც აუკრძალა.

კომპანია ადასტურებს, რომ მან 14 500-ზე მეტი მოთხოვნა მიიღო 2020 წლის მეორე ნახევარში. ამასთან, ზოგიერთ შემთხვევაში, მოთხოვნების ნაწილი ხელისუფლებებისა თუ სხვა ორგანიზაციების მხრიდან ამა თუ იმ ფსევდონიმის მიღმა არსებული მომხმარებლების ინფორმაციის გამჟღავნებას გულისხმობდა. კომპანიამ ამ ტიპის მოთხოვნების 30 % სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ტვიტერმა“ 38 500 სამართლებრივი მოთხოვნაც მიიღო მასალის ჩახსნის მოთხოვნით. და მათგან მხოლოდ 29 % დააკმაყოფილა.

სოციალური მედიის კომპანიები, მათ შორის “ტვიტერიც”, ხშირად არიან სამიზნე კრიტიკისა, რომ წარმატებით ვერ ახერხებენ სიძულვილის ენის, დეზინფორმაციისა თუ ამ პლატფორმების ბოროტად გამოყენების სხვა შემთხვევების აღმოფხვრასა და პრევენციას.

XS
SM
MD
LG