ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ რუსეთთან პროგნოზირებად ურთიერთობებს იმედოვნებს - ბლინკენი


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რომელიც უკვე ერთ კვირაზე მეტია ევროპაში ვიზიტით იმყოფება ამბობს, რომ „ამერიკა რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს იმედოვნებს“. თუმცა, აქვე ბლინკენი იტალიურ გაზეთთან „ლა რეპუბლიკა“ საუბარში განმარტავს, რომ თუ რუსეთი „აგრესიულ ქცევას განაგრძობს“ ვაშინგტონი მას პასუხს გასცემს.

„თუ რუსეთი გააგრძელებს დაუფიქრებელ ან აგრესიულ ქმედებებს, ჩვენ ვუპასუხებთ, არა კონფლიქტის მიზნებით და ესკალაციის სურვილით, არამედ იმიტომ რომ დავიცავთ ჩვენს ინტერესებსა და ღირებულებებს,“- აცხადებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი.

ინტერვიუში, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა „სოლარუინდსის“ კიბერთავდასხმისა და ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეებზეც ისაუბრა. აღნიშნული თემები 16 ივნისს პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტზეც იქნა განხილული. ბაიდენთან ჟენევაში შეხვედრისას, ვლადიმირ პუტინმა კიბერთავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აიღო ხოლო ნავალნიზე განმარტა, რომ ის დამნაშავეა.

ჟენევის სამიტის შემდეგ, მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამერიკა ადამიანის უფლებების დაცვას გააგრძელებს, მეტიც ბაიდენის თქმით თუ ნავალნი ციხეში მოკვდება ეს რუსეთს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

ჯო ბაიდენმა კიბერ-უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეულ ინფრასტრუქტურებზე კიბერთავდასხმა უნდა შეწყდეს. მან რუს კოლეგას 16 კრიტიკული მიმართულების ჩამონათვალი გადასცა, რომელზე თავდასხმასაც ვაშინგტონის მკაცრი პასუხი მოჰყვება. ბაიდენი ამ ნაბიჯის გამო გააკრიტიკეს, რადგან ოპონენტების თქმით, ჩამონათვალი, სხვა ინდუსტრიებზე კიბერ-შეტევას გზას უხსნის.

იტალიურ გაზეთთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩინეთთან ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს რთული საკითხია. ბლინკენი განმარტავს, რომ ამერიკა არ სთხოვს პარტნიორებს არჩევანი გააკეთონ ვაშინგტონსა და პეკინს შორის.

თუმცა, ბლინკენი კვლავ ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაში ჩინეთის ინვესტიციები საფრთხის მატარებელია. ერთ-ერთი ასეთი საკითხი 5ჯი (5G) სისტემაა. სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ მხრივ იტალიის მთავრობამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, ქვეყნის ინტერესების დასაცავად „არასანდო პარტნიორის“ წინაშე. მან ხაზი გაუსვა, პეკინთან ურთიერთობებში დასავლეთს ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას და დასძინა, რომ ჩინური „ჰუავეის“ მოწყობილობების გამოყენებით, ქვეყნებმა შესაძლოა საკუთარი ინტერესები რისკის ქვეშ დააყენონ.

ენტონი ბლინკენი, ერთ კვირაზე მეტია რაც ევროპაში იმყოფება. ბლინკენი ტურნეს ფარგლებში გერმანიასა და საფრანგეთს სტუმრობდა. ის გუშინ რომის პაპს შეხვდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG