"იცით, რას გეტყვით? ძალიან გაგაბედნიერებთ და გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა" - ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა რადიოწამყვან დენ ბონჯინოს, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა, აპირებდა თუ არა 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას. "ჩვენ თქვენ გვჭირდებით" - უთხრა ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ბონჯინომ, კონსერვატორმა კომენტატორმა. თუმცა, როგორც მისმა ბევრმა სხვა კოლეგამ, ცოტა გაურკვეველი პასუხი მიიღო.
საქმეში ჩახედული და ტრამპის ახლო ორბიტასთან დაახლოებული ბევრი პირი ამბობს, რომ ის მომდევნო საპრეზიდენტო მარათონში ჩართვას არ გამორიცხავს. ამას ადასტურებს ყოფილი პრეზიდენტის გახშირებული გამოჩენაც საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მათ შორის, შაბათს დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა ჩრდილოეთ კაროლინის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე.
პარალელურად, ტრამპს სერიოზული ლეგალური პრობლემებიც აქვს. სასამართლოში მას საქმე ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ ჰქონია, მაგრამ იურისტები ამბობენ, რომ დღევანდელი პრობლემები მისი კარიერის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს.
ნიუ-იორკში ტრამპის საქმესთან დაკავშირებით პროკურორთა უმაღლესი კოლეგია შეიკრიბა და სასამართლოს ორდერების გაცემაზე მსჯელობს. საქმე ყოფილი პრეზიდენტის კომერციულ საქმიანობას ეხება.
ამერიკის ისტორიაში დანაშაულში ბრალდება ჯერ არცერთი პრეზიდენტისთვის არ წაუყენებიათ. სპეციალისტების აზრით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მანჰეტენის პროკურორი საირუს ვანსი ორწლიანი გამოძიების საფუძველზე, ბრალდების წაყენებას გეგმავს.
მანჰეტენის პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაში გაერთიანებულია: ტრამპის, როგორც მაშინდელი საპრეზიდენტო კანდიდატის სახელით, მომჩივანი ქალებისთვის გადახდილი ფული; კომპანიის მიერ საგადასახადო გაყალბებები, ქონებრივი საკითხები და ტრამპის ურთიერთობები საკრედიტო კომპანიებთან. გამოძიება თვეების მანძილზე დაბეჯითებით ცდილობდა ტრამპის საგადასახადო ისტორიის მოპოვებას.
დონალდ ტრამპი მათ ქმედებას "კუდიანებზე ნადირობად" აფასებს. "ეს წმინდად პოლიტიკური საქმეა და 75 მილიონი ამომრჩევლის შეურაცხყოფას წარმოადგენს, ვინც მე ხმა მომცა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დემოკრატი პროკურორების უკიდურესად პარტიული [ინტერესებით] არის ნაკარნახევი" - განაცხადა მაისის ბოლოს, მანჰეტენის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა.
Facebook Forum