რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ისთვის საჭირო მილსადენების პირველი რიგის მონტაჟი უკვე "წარმატებითაა დასრულებული".
სანკტ პეტერბურგში ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა აღნიშნა, რომ მილსადენების მეორე წყებაზე მუშაობა გრძელდება და მიუხედავად იმისა, რომ წყლისქვეშა ნაწილი გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენებს ჯერ კიდევ უნდა დაუკავშირდეს, რუსული ენერგოგიგანტი "გაზპრომი" "მზადაა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" მილები გაზით გაავსოს".
"გაზპრომის" აქციების ფასი ვლადიმირ პუტინის ამ კომენტარის შემდეგ 0.6 %-ით გაიზარდა და 2008 წლის შუა პერიოდში არსებულ, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ახალი რუსული მილსადენის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, გასულ თვეში რუსულ კომპანიებსა და გემებს, რომლებიც პროექტში არიან ჩართულნი, სანქციები დაუწესა. თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე გადაწყვიტა, მოეხსნა სანქციები იმ კომპანიისა და მისი ხელმძღვანელისთვის, რომელიც პროექტს ზედამხედველობს.
ვაშინგტონში ამ ნაბიჯს რესპუბლიკელები და ზოგიერთი დემოკრატიც კრიტიკით შეხვდნენ. კრემლმა კი ეს 16 ივნისს დაგეგმილ ბაიდენ-პუტინის სამიტამდე "დადებით სიგნალად" მიიჩნია.
პროექტი, რომელმაც რუსული გაზი ბალტიის ზღვის ქვეშ მდებარე მილსადენით გერმანიას უნდა მიაწოდოს, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკასა და გერმანიას შორის უთანხმოების ერთ-ერთი უმთავრესი საგანი იყო. თუმცა, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ეცდება.
ამერიკაში ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მილსადენი ევროპას რუსულ ენერგიაზე მეტად დამოკიდებულს გახდის. ამასთან, ეს გაზი ევროპას უკრაინის გვერდის ავლით უნდა მიეწოდოს. გერმანია პროექტის შეჩერებაზე უარს ამბობს და განმარტავს, რომ ეს კომერციული მნიშვნელობისა და სუვერენიტეტის საკითხია.
Facebook Forum