ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ზედმეტად პოზიტიური" თუ "ნორმალიზებისთვის აუცილებელი" - ბლინკენი-ლავროვის შეხვედრის შეფასებები


“როგორ ფიქრობთ, რას უპასუხებს ვლადიმირ პუტინის გვერდით მდგომი ჯო ბაიდენი ჟურნალისტის დასმულ კითხვას: ახლაც ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი პუტინი მკვლელია? მგონი, ეს ძალიან უხერხული მომენტი იქნება“, - ამბობს დევიდ კრამერი „ამერიკის ხმასთან“ საუბარში. კრამერი ფიქრობს, რომ ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ძალიან შეუფერებელ დროს მოხდა და კონტექსტი სისუსტის ნიშნებს აჩვენებდა. მისი აზრით, ასეთივე არასწორი იქნება, თუკი ბაიდენი რუს კოლეგას ახლო მომავალში, მსგავს გარემოებებშივე შეხვდება.

ორი ქვეყნის პირველი დიპლომატები ერთმანეთს პირველად, რამდენიმე დღის წინ, რეიკიავიკში შეხვდნენ. ორი ქვეყნის პირველი დიპლომატების პირველ შეხვედრას უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ვაშინგტონისა და მოსკოვის მიღმაც დიდი ინტერესით ელოდნენ. შეხვედრა „არქტიკული საბჭოს“ სამიტის პარალელურად გაიმართა. ამერიკა ამ შემთხვევაშიც რეგიონში რუსეთის მიერ სამხედრო გააქტიურებისა და იარაღის ჟღარუნის შესახებ გამოთქვამს შეშფოთებას. მოსკოვი კი ტრადიციულად, ნატოს სდებს ბრალს.

„ეს მოსკოვს სისუსტის ნიშანს აძლევს მაშინ, როდესაც მკაცრ პოლიტიკას უნდა ვინარჩუნებდეთ. ჩვენ ვხედავთ განგრძობით რუსულ მავნებლურ ქმედებებს და ამის პასუხად ხელს ვუწვდით პუტინსა და ლავროვს. ამის აზრს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ,
- დევიდ კრამერი

„თუკი საერთო ინტერესების მიმართულებით ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა მოხერხდება, მსოფლიო უფრო უსაფრთხო გახდება“, - თქვა ბლინკენმა და დასძინა, რომ ასეთი სფერო ბევრია. თუმცა ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ არაერთ მნიშვნელოვან, მათ შორის სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, უამრავი პრობლემა არსებობს.

ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთთან სტაბილური ურთიერთობები სურს, მაგრამ აუცილებლად უპასუხებს მას თუკი „რუსეთი ამერიკის პარტნიორებისა და მოკავშირეების წინააღმდეგ“ აგრესიულად იმოქმედებს.

„ამასთანავე, არსებობს საერთო ინტერესის ბევრი სფერო და გადაკვეთის წერტილი, რომლებზეც, გვჯერა, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და ნამდვილად გავაძლიეროთ ეს ინტერესები, იქნება ეს კოვიდ-19-ის პანდემიასთან და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებთან გამკლავება, ავღანეთი, თუ სხვა“, - განმარტა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

თუმცა ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრის დღის წესრიგი მხოლოდ ცივი არქტიკის თემით არ შემოფარგლულა. საუბარი დადებითად შეაფასა სერგეი ლავროვმაც. „ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა საკითხი, გამონაკლისის გარეშე. მაგრამ იმ დათქმით, რომ დისკუსია იქნება გულწრფელი, ფაქტებზე და ორმხრივ პატივისცემაზე დაფუძნებული“, - თქვა რუსეთის პირველმა დიპლომატმა.

ანალიტიკოსებს ვაშინგტონში განსაკუთრებით ამ შეხვედრის დრო და პარალელურად მიღებული გადაწყვეტილება აშფოთებთ. ამერიკამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასა და მის აღმასრულებელ დირექტორს, ვლადიმირ პუტინის მოკავშირეს, სანქციები მოუხსნა. მილსადენის ამ განშტოებით რუსეთი გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდებას უკრაინისთვის გვერდის ავლით აპირებს.

2019 წელს, გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე კომპანიებს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აქციები დაუწესა, რის შემდეგაც, მშნებლობის დიდი ნაწილი დროებით შეჩერდა, თუმცა ამერიკაში, არჩევნებისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, პროექტი კვლავ განახლდა. ის არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ გერმანიასთან დაპირისპირების საგანი გახდა. თეთრი სახლი კი გადაწყვეტილებას სწორედ გერმანიასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივებით ხსნის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ სანქციების მოხსნის თაობაზე შეშფოთება შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე გამოთქვა და აჭნიშნა, რომ ეს რუსეთს „სერიოზულ გეოპოლიტიკურ გამარჯვებას“ მოუტანს, რეგიონში კი „ძალაუფლებისა და გავლენის ახალ გადანაწილებას“ შექმნის.

მკვლევრები ამბობენ, რომ რუსეთის განგრძობითი აგრესიის ფონზე, ეს გადაწყვეტილება და ლავროვისთვის გაწვდილი ხელი არ აგზავნის ძლიერ და მართებულ ნიშანს იმის შესახებ, მართლაც აპირებს თუ არა ადმინისტრაცია რუსეთის მრავალმხრივ აგრესიასთან დაპირისპირებას. მით უფრო, მაშინ, როდესაც ეს აგრესია არ წყდება.

დევიდ კრამერი, „ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც რეგიონის საკითხებზე წლებია მუშაობს, მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება „საშინელი იყო“.

ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ტაქტიკაა ამ ეტაპზე და სუსტია, როგორც გერმანიის, ისე - რუსეთის მიმართ. ეს მათ პოლიტიკას არათანმიმდევრულად და სუსტად წარმოაჩენს. არ მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციის ზოგადი პოლიტიკა რუსეთის მიმართ სუსტია, მაგრამ ამ ეტაპზე ის არათანმიმდევრული ჩანს,
- ჯონ ჰერბსტი

„ეს მოსკოვს სისუსტის ნიშანს აძლევს მაშინ, როდესაც მკაცრ პოლიტიკას უნდა ვინარჩუნებდეთ. უკრაინის საზღვრებთან სამხედრო მობილიზაცია კვლავ გრძელდება. დაძაბულობა თითქოს შემცირდა, მაგრამ ოკუპირებული ყირიმში და უკრაინის საზღვრებთან კვლავ მასშტაბური შეიარაღებაა; გრძელდება სირიაში ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, სირიის მოსახლეობის დაბომბვა; ვხედავთ ამერიკულ მილსადენზე კიბერთავდასხმას, რაც ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთს არ უკავშირდებოდეს; ჩვენ ვხედავთ განგრძობით რუსულ მავნებლურ ქმედებებს და ამის პასუხად ხელს ვუწვდით პუტინსა და ლავროვს. ამის აზრს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ დევიდ კრამერმა.

ანალიტიკოსების აზრით, მართალია, ურთიერთობებს დასტაბილურება ნამდვილად სჭირდება და საერთო ენის გამონახვაც აუცილებელია, მაგრამ შეხვედრის ზოგადი გზავნილები შესაძლოა „ზედმეტად პოზიტიური“ იყო. რაც თავის მხრივ, განსხვავდება ბაიდენის ადმინისტრაციის გაცხადებული, მკაცრი პოზიციისგან: რომ კრემლმა აგრესიული საგარეო პოლიტიკისთვის პასუხი უნდა აგოს:

„ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ კრემლის პროვოკაციებს მკაცრად უპასუხებდა. ახლა თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის თაობაზე გადაწყვეტილება გერმანიას მიემართება, და არა - რუსეთს. რომ ამერიკას არ სურს გერმანიასთან დაპირისპირება. თუმცა ეს გადაწყვეტილება კატასტროფულია. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამავე კონტექსტში, მალევე მოხდა შეხვედრა სერგეი ლავროვთან, რაც სავსებით არასაჭირო იყო, თუკი გადაწყვეტილება მხოლოდ გერმანიას ეხებოდა“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭო“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი და ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

ჯონ ჰერბსტი
ჯონ ჰერბსტი

„ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ტაქტიკაა ამ ეტაპზე და სუსტია, როგორც გერმანიის, ისე - რუსეთის მიმართ. ეს მათ პოლიტიკას არათანმიმდევრულად და სუსტად წარმოაჩენს. არ მიმაჩნია, რომ [ადმინისტრაციის] ზოგადი პოლიტიკა [რუსეთის მიმართ] სუსტია, მაგრამ ამ ეტაპზე ის არათანმიმდევრული ჩანს.“

თუმცა ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ძლიერ დაძაბული ურთიერთობის პირობებში ცოტაოდენი სტაბილურობა და ნორმალიზება მხოლოდ სასარგებლო იქნება:

ანჯელა სტენტი, „ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის“ პროფესორი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ განსაზღვრა, რომ მის ლიდერებს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა სურთ რუსეთთან და ახლა იმდენად რთული ეტაპია, რომ რომ ურთიერთობების მეტად ნორმალიზება, სასურველია.

ეს დასაწყისიც კი, რომ აღადგინონ ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები, მნიშვნელოვანი იქნება. გზავნილი აქედან ნამდვილად ძალიან დადებითი იყო,
- ანჯელა სტენტი

„ვფიქრობ, ეს განწყობა რუსეთის მხრიდანაც არის. მართალია, ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ არსებობს განსხვავებები და ზოგიერთი საკითხი საჯაროდ გააკრიტიკა, მაგრამ ზოგადად ისიც თქვა, რომ თანამშრომლობა სურთ. ვფიქრობ, კარგია, რომ ისინი ამბობენ, რომ სურთ სცადონ დიპლომატიურ ურთიერთობებში გარკვეული ნორმალურობის აღდგენა“, - ამბობს სტენტი და განმარტავს: „ახლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია ნებისმიერი რუსისთვის ამერიკის საელჩოში მუშაობა, რუსეთის მოქალაქეებისთვის თითქმის შეუძლებელი გახდა ამერიკის ვიზების მიღებაც. რუსმა დიპლომატებმა კი ვაშინგტონი დატოვეს. ასე რომ, ვფიქრობ ეს დასაწყისიც კი, რომ აღადგინონ ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები, მნიშვნელოვანი იქნება. გზავნილი აქედან ნამდვილად ძალიან დადებითი იყო".

სტენტი ცოტა ხნის წინ ენტონი ბლინკენის ჩინელ კოლეგებთან შეხვედრასაც იხსენებს და ამბობს, რომ შეხვედრის ზოგადი ტონი და დაძაბულობის მასშტაბები განცხადებებს მიღმა, მხოლოდ კადრებიდანაც კი ნათელი იყო. რაც მისი აზრით, განსხვავდებოდა რეიკიავიკში გამართული შეხვედრის განწყობისგან.

ივნისში ბრიუსელი ნატოს სამიტს მასპინძლობს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკვე თქვა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მოკავშირეები რუსეთის აგრესიულ ქმედებებსაც განიხილავენ. ამასთან, ამერიკული მხარე მზადაა, უახლოეს კვირებში რუსეთის პრეზიდენტთან უმაღლესი რანგის შეხვედრისთვის. თუმცა ვლადიმირ პუტინს შეხვედრაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. მოსკოვში ამბობენ, რომ პირველი დიპლომატების შეხვედრა დადებითი სიგნალია, მაგრამ პრეზიდენტს ჯერ არ გადაუწყვეტია, შეხვდება თუ არა ჯო ბაიდენს.

XS
SM
MD
LG