ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი აცრების გულის ანთებით დაავადებებთან კავშირზე დასკვნის მოლოდინშია


მომდევნო კვირაში ისრაელი უფრო დაზუსტებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს, კოვიდ-19-ის აცრების შესაძლო კავშირზე გულის კუნთის ანთებით დაავადებებთან. მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, აცრან თუ არა 12-დან 15 წლამდე მოზარდები.

განცხადება დღეს თავად ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. "საბოლოო ანგარიშს გამოვაქვეყნებთ, რომელიც იტყვის, არის თუ არა კავშირი ვაქცინას და აღნიშნულ გართულებებს შორის" - თქვა შარონ არლოი-პრეისმა.

მინისტრის განცხადებით, როგორც კი ანგარიში გამოქვეყნდება, მაშინვე გამოიცემა რეკომენდაცია მოზარდების აცრასთან დაკავშირებით, თუმცა "საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მშობლებმა უნდა მიიღონ". შარონ არლოი-პრეისი ამბობს, რომ თვითონ აუცილებლად აცრის თავის 15 წლის ვაჟს, როგორც კი ვაქცინა ავტორიზაციას მიიღებს.

აპრილში ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ამბობდა, რომ შეისწავლის მიოკარდიტების შემთხვევათა მცირე რაოდენობას, რაც "ფაიზერ-ბიონტექის" კოვიდ-19-ის ვაქცინის ადმინისტრაციის შემდეგ დაფიქსირდა. მსგავსი განცხადება ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმაც გააკეთა.

გამომძიებელთა პანელის ერთ-ერთმა ექსპერტმა დრორ მევორაჩმა თქვა, რომ იერუსალიმში მიოკარდიტის 20 შემთხვევას სწავლობენ. პაციენტები ჯანმრთელი ახალგაზრდა მამაკაცები არიან, რომელთა საშუალო ასაკი 22 წელს არ აღემატება. ინციდენტები მეორე დოზით აცრის შემდეგ, ერთიდან 4 დღემდე ვადაში დაფიქსირდა. ყველა პაციენტს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და ისინი სრულად გამოჯანმრთელდნენ.

მიოკარდიტის ინციდენტების ზუსტ რაოდენობას ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს. მედიის ინფორმაციით, მათი რიცხვი 5 მილიონზე მეტი აცრილიდან, დაახლოებით 100-ს უდრის.

ამ დროისთვის, ისრაელში მოსახლეობის ნახევარზე მეტი აცრილია. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში საშუალოდ 20 ადამიანს შეადგენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG