ორშაბათს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნა “იურიდიული და მორალური ვალდებულებაა” და არა ისეთი რამ, რაც შეიძლება ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების დროს ბერკეტად იქნას გამოყენებული.
ზარიფმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა: “ამან არ იმუშავა ტრამპისთვის - ვერ იმუშავებს თქვენთვის”.
ზარიფის კომენტარამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ნათელი არ არის, ამერიკული ეკონომიკური სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ირანი ბირთვული პროგრამის განვითარების შეზღუდვებს თუ დაემორჩილება.
ირანი ურანის გამდიდრებაზე 2015 წლის შეთანხმებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს მუდმივად არღვევდა. 2018 წელს პრეზიდენტმა ტრამპმა შეერთებული შტატები შეთანხმებიდან გამოიყვანა და ირანის ნავთობის, საბანკო და გადაზიდვების სექტორებს ახალი სანქციები დაუწესა, მაგრამ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომელშიც ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი არიან ჩართული.
ირანი აცხადებდა, რომ შეთანხმებაში დაბრუნების პირობა აშშ-ს მიერ სანქციების მოხსნა უნდა იყოს, აშშ კი ამბობს, რომ პირველად ირანმა უნდა დაიწყოს შეთანხმების პირობების შესრულება.
თეირანში, ირანის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ ირანსა და საერთაშორისო ინსპექტორებს შორის არსებული დროებითი შეთანხმება, ბირთვულ ობიექტებზე ჩაწერილი სათვალთვალო გამოსახულებები - დასრულდა, თუმცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ თეირანთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები კვირა საღამოს ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
Facebook Forum