ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ოკუპაცია - შემზარავი ტრაგედია ენგურზე


ენგურმა გარდაცვლილთა ცხედრები სოფელ შანგონასთან და ორსანტიასთან გამორიყა
ენგურმა გარდაცვლილთა ცხედრები სოფელ შანგონასთან და ორსანტიასთან გამორიყა

საქართველოს ოთხი მოქალაქე დაიხრჩო მდინარე ენგურში, როცა ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადმოსვლას, რუსი ოკუპანტებისგან მალულად ცდილობდნენ.

ორი გარდაცვლილი ქალი და ერთი მამაკაცი, სოფელ წარჩეში მცხოვრები ერთი ოჯახის წევრები არიან. ეს სოფელი გალიდან 17 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. მეოთხე გარდაცვლილი მამაკაცი კი ზედ საოკუპაცო ხაზის სიახლოვეს მდებარე, სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრია, იგი წარჩელებს მეგზურობას უწევდა.

გარდაცვლილთა ნათესავმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა „ამერიკის ხმას“ უთხრა, რომ სოფელში ამ ადამიანების დაკარგვის ამბავი დილიდან გავრცელდა. მოგვიანებით, სოფელ შამგონასთან ენგურმა სამი, შემდეგ კი სოფელ ორსანტიასთან ერთი ადამიანის ცხედარი გამორიყა:

წარჩელები იყვნენ, ცოლ-ქმარი, რომლებსაც 7 წლის ბავშვი დარჩათ და მათი რძალი დაიღუპა, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი დარჩა. ზუგდიდში ექიმთან და საყიდლებზე მიდიოდნენ, გამყოლი ჭუბურხინჯელი ჰყავდათ, ისიც დაიღუპა


„წარჩელები იყვნენ, ცოლ-ქმარი, რომლებსაც 7 წლის ბავშვი დარჩათ და მათი რძალი დაიღუპა, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც ორი მცირეწლოვანი დარჩა. ზუგდიდში ექიმითან და საყიდლებზე მიდიოდნენ და გამყოლი ჭუბურხინჯელი ჰყავდათ, ისიც დაიღუპა.

ბედი არ ჰქონიათ უბედურებს, როცა ენგურზე გადადიოდნენ, სადღაც დილის 4-5 საათზე, კაშხლიდან გაუშვიათ წყალი და ადიდებულმა მდინარემ ყველა გაიტაცა. ასეთი ტრაგედიები ენგურზე თითქმის ყოველ წელს ხდება, რაც რუსებმა და აფხაზებმა, გალიდან ზუგდიდში გადასასვლელები მოშალეს” - გვითხრა სოფელ წარჩეს მკვიდრმა.

რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა აფხაზეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის პოლიტიკა 2017 წლიდან ზედმიწევნით გაამკაცრა. რუსებმა მაშინ მიზანმიმართულად მოშალეს ნაბაკევი-ხურჩას, ოტობაია-ორსანტიას და საბერიო-ფახულანის დამაკავშირებელი „გამშვები პუნქტები“.

ამ გზებით, ყოველდღიურად, ოკუპირებული გალის რაიონის ათასობით მცხოვრები სარგებლობდა. დილით, ზუგდიდის რაიონში გადმოდიოდა, საღამოს, საოკუპაციო საზღვრის ჩაკეტვამდე კი ისევ უკან ბრუნდებოდა.

ბოლო ოთხი წელია, საოკუპაციო ხაზის გადალახვა მხოლოდ ენგურის ხიდით შეიძლება. ამ მიზნით სეპარატისტული რეჟიმი სპეცსაშვს გასცემს, რომლის ღირებულებაც 1000 რუსული რუბლია (44 ლარი), თუმცა საშვის აღება "აფხაზურ უშიშროებაში" გალელებისთვის სერიოზული პრობლემაა.

სამურზაყანოში სიტუაცია კრიტიკულად დამძიმდა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, როცა საოკუპაციო რეჟიმმა 2020 წლის თებერვალში ენგურის ხიდიც ჩაკეტა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, რუსმა ოკუპანტებმა 4 000-მდე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთას და სამეგრელოში გადმოსვლას სწორედ ენგურზე გადმოცურვით ცდილობდა.

ოკუპანტებმა ენგურის ხიდი 2021 წლის თებერვალში გახსნეს, თუმცა, მხოლოდ „გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის“. ამას ზედ დაერთო შეზღუდვა ოფიციალური თბილისის მხრიდანაც.

საქართველოს ხელისუფლების კოვიდ რეგულაციით ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოსულებისთვის ჯერ 12 დღიანი, შემდეგ კი 5 დღიანი სავალდებულო კარანტინი დაწესდა. ამან გალელები კიდევ უფრო მოწყვიტა დანარჩენ საქართველოს და აქეთ გადმოსვლის ერთადერთ გზად, ისევ ენგურის გადმოცურვა დარჩათ.

გარდაცვლილთა ნათესავი ფიქრობს, რომ წარჩელები ალბათ ცდილობდნენ, როგორმე თავიდან აერიდებინათ, როგორც გარანტირებული პრობლემები რუსი ოკუპანტებისგან ენგურის ხიდზე, ისე 5 დღიანი კარანტინი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში:

ენგურის გადმოცურვა ალბათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ვადაგასული საშვის გამო არ შექმნოდათ პრობლემა ხიდზე, სადაც ან გაატარებდნენ ან არა და მერე კარანტინში არ ყოფილიყვნენ ხუთი დღე, დასამალი არაა, რომ  კარანტინში მოხვედრა აქაურებისთვის ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა. უნდოდათ მალე გადმოსულიყვნენ და მალევე დაბრუნებულიყვნენ უკან


„როგორც მითხრეს, ოთხივეს ჰქონდა ეს 1000 რუბლიანი საშვი, თუმცა ორს ჰქონდა ვადა გასული, აქ ამ საშვს გარკვეული ვადით გასცემენ და ისიც სოხუმში, უშიშროებაში უნდა მიხვიდე მაგის ასაღებად.

ენგურის გადმოცურვა ალბათ, ამიტომ გადაწყვიტეს, ვადაგასული საშვის გამო არ შექმნოდათ პრობლემა ხიდზე, სადაც ან გაატარებდნენ ან არა და მერე კარანტინში არ ყოფილიყვნენ ხუთი დღე, დასამალი არაა, რომ კარანტინში მოხვედრა აქაურებისთვის ასევე ძალიან სერიოზული პრობლემაა. უნდოდათ მალე გადმოსულიყვნენ და მალევე დაბრუნებულიყვნენ უკან“ - ამბობს წარჩეს მკვიდრი.

საქართველოს მთავრობას მოქალაქეებმა ჯერ კიდევ 11 თებერვალს, პეტიციით მიმართეს და მოითხოვეს გაუქმებულიყო „დისკრიმინაციული კარანტინი აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.“ 16 მარტს ამ თემამ კიდევ ერთხელ წამოიწია, როცა ოკუპირებული გალიდან, სასწრაფოთი გადმოყვანილი 62 წლის გალელი ექთანი ნარგიზა აბუთიძე საავადმყოფოს ნაცვლად ანაკლიაში საკარანტინო ზონაში გაუშვეს, სადაც იგი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, მოხდეს ყველანაირი გამარტივება კარანტინის, იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც პანდემიის გამო არსებობს“ - ასე უპასუხა კრიტიკას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკა ტიკარაძემ.

XS
SM
MD
LG