ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კინზინგერი: საქართველოს მთავრობის სულელური ნაბიჯი


ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს. ტვიტერზე რამდენიმე წუთის წინ მან თბილისში ამერიკის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ 23 თებერვალი ქართული დემოკრატიისთვის სევდიანი დღეა.

"საქართველოს მთავრობის წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ. სევდიანი დღე დემოკრატიისთვის საქართველოში,"- წერს "ტვიტერზე" ადამ კინზინგერი.

თავისმხრივ ამერიკის საელჩო, თბილისში, გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების პროცესში უკან დაიხია.

"დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე,"- წერია განცხადებაში.

ამ წუთებში თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება, აქციას სამთავრობო უბანში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მხარდამჭერები მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა, ნიკა მელიას და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

აქციის პარალელურად პარლამენტის და მთავრობის კანცელარიის შენობაში სპეცრაზმია მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გამთენიისას სპეციალური დანიშნულების რაზმი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეიჭრა, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებოდნენ. სპეცრაზზმა რამდენიმე საათიანი ოპერაციის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია დააკავა, მელია ამ დროისთვის რუსთავის 12-ე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.

სპეცოპერაციის დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დაზიანებეულია პოლიტიკური პარტიის ცენტრალური შენობის ინვენტარი. როგორც "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ ამოღებულია დოკუმენტაცია, სერვერი და კომპიუტერული მოწყობილობები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG