ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპრესიები საზღვრებს მიღმა - საქართველო "ფრიდომ ჰაუზის" ახალ კვლევაში


საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუზმა“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევაში „ტრანსნაციონალურ რეპრესიებზეა“ საუბარი და შეფასებულია წლების განმავლობაში მომხდარი ის ფაქტები, როდესაც ავტორიტარული სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებს მიღმაც ახერხებენ მოწინააღმდეგეების გაჩუმებას, ხელში ჩაგდებას, და არც ისე იშვიათად - მკვლელობასაც კი. კვლევის თანახმად, საქართველოს სამეზობლოში არაერთი ასეთი ქვეყანაა: რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი. სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება საქმე, რომლის გამოც საქართველო ამ კვლევაში მოხვდა. აფგან მუხთარლის საქმე სწორედ „ტრანსნაციონალური რეპრესიის“ და მთავრობათა შორის შესაძლო თანამშრომლობის მაგალითადაა განხილული. საქართველოს, მისი სამეზობლოსა და ევრაზიის რეგიონის შესახევ კვლევის თანავტორი და „ფრიდომ ჰაუზის“ კვლევების სტრატეგიის დირექტორი, ნეით შენკანი გვესაუბრა.:

- „ფრიდომ ჰაუზისუახლეს ანგარიშში ტრანსნაციონალური რეპრესიის ფაქტები იკვლიეთ. თქვენ და მისი სხვა თანავტორები ამბობთ, რომ ეს ამგვარი რეპრესიის მასშტაბების გაგების მცდელობაა - რატომ უნდა მიაქციოს მსოფლიომ ამ პრობლემას ყურადღება სწორედ ახლა, რა მასშტაბზე საუბრობთ? რა და რატომ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

აფგან მუხთარლის საქმის სემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. ამასთან, მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს  შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ,
ნეით შენკანი

- 2018 წელს ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ ეს პრობლემა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა როგორ იღებენ მიზანში დიასპორის წარმომადგენლებსა და ქვეყნიდან გაქცეულ პირებს ესა თუ ის მთავრობები. რას ნიშნავს ის, რომ დატოვო ქვეყანა, სადაც გავიწროვებენ და რისი უფლება გაქვს სხვა ქვეყანაში, როდესაც თავშესაფარს ეძებ. ვნახეთ, რომ ბევრი, ვინც რეპრესიულ გარემოს გაურბის, კვლავაც დაშინებისა და შევიწროვების საფრთხის ქვეშააა. ქვეყანა კი, რომელიც დატოვეს, კვლავ ახერხებს მათზე ძალადობას. ჩვენ ვნახეთ, რომ არ იყო საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ ზუსტად გაგვეგო როგორი იყო ეს საფრთხეები და საიდან მოდიოდა ისინი. ასე რომ, ეს კვლევა ნამდვილად არის ჩვენი მცდელობა, რომ ამ ფენომენის გლობალური მასშტაბი აღვწეროთ, და დავინახოთ რეალური ციფრები და რეალური სახეები იმის მიღმა, რაც მსოფლიოში უამრავ ადამიანს ემართება.

- ანგარიშში მართლაც რეალური ფაქტებია ასახული- 30-ზე მეტი ქვეყნის მიერ 80-მდე ქვეყანაში თავშეფარებული დიასპორის წარმომადგენლების შევიწროვება, გატაცება, მკვლელობაც კი. აგვიხსენით, როგორ ხდებატრანსნაციონალური რეპრესიები“?

- ამგვარი რეპრესიის მეთოდები ოთხ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ყველაზე აშკარა არის პირდაპირი თავდასხმები, რაც გულისხმობს მკვლელობებსა და მოტაცებებს. შემთხვევები, როდესაც ამა თუ იმ პირის წარმოშობის ქვეყანა (მთავრობა) ფიზიკურად იყენებს საკუთარ აგენტებს იმისთვის, რომ ინდივიდს სხვა, „მასპინძელ სახელმწიფოში“ თავს დაესხას.

მეორე კატეგორია, რომელიც ყველაზე ხშირია და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი - არის ადგილობრივ მთავრობებთან თანამშრომლობა. ეს, ძირითადად, არის მასპინძელი ქვეყნის ინსტიტუტების გაცურება/მოტყუება იმისთვის, რომ ამ ინსტიტუტებმა იქ მყოფი პირის წინააღმდეგ იმოქმედონ, მათი დაკავების, დეპორტაციის ან თუნდაც მათი გატაცების ფორმით.

მესამე კატეგორია, ამ დევნილ პირთა გადაადგილების კონტროლია - ეს მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა პასპორტების გაუქმება ან სხვაგვარი მანიპულაციები, რომელთა საშუალებითაც ეს სახელმწიფო ხელს უშლის მათ საზვრების გადაკვეთაში და ახერხებს, რომ მათ ან ვერ იმოგზაურონ, ან მგზავრობისას დააკავონ.

მეოთხე სფერო კი არის ის, რასაც ჩვენ დისტანციურ საფრთხეს ვუწოდებთ. ამ დროს ძალადობის ავტორ მთავრობას, არ სჭირდება ფიზიკური წვდომა კონკრეტულ ადამიანზე. შეუძლიათ დააკავონ მათი ოჯახის წევრები, ციფრულად გაუგზავნონ მუქარა, ან ჰაკერულად დაესხნენ თავს მათ საკომუნიკაციო მოწყობილობებს, მოიპოვონ წვდომა მათი პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე ან ადგილმდებარეობაზე. ეს არის გზები, რომლებითაც ქვეყანას შეუძლია საკუთარი საზღვრების დატოვების გარეშეც მოახდინოს გავლენა მათზე, ვინც მისი იურისდიქციის მიღმა ცხოვრობს.

- მეთოდებზე საუბრისას ანგარიშში განმარტებულია, რომ ფიზიკური ტრანსნაციონალური რეპრესიების უმეტესი შემთხვევები სწორედ მთავრობებს შორის თანამშრომლობის შედეგია. აგვიხსენით, როგორ მოქმედებს რეპრესიების ეს ტიპი, როგორ ახერხებენ ავტორიტარული რეჟიმები მეზობელი თუ სხვა, ზოგჯერ დემოკრატიული სახელმწიფოების დამორჩილებას, იძულებას თუ უბრალოდ დათანხმებას ამა თუ იმ რეპრესიის მათ საზღვრებში განსახორციელებლად?

- მართალია, რეპრესიების ე.წ. „მასპინძელი“ სახელმწიფოები სულაც არაა ყოველთვის ავტორიტარული რეჟიმები და სინამდვილეში ბევრი მნიშვნელოვანი ქვეყანა დემოკრატიულია და სწორედ ამიტომ ძალიან ცხადი უნდა იყოს, რა და როგორ ხდება.

ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ასეთი მეთოდი არის ინტერპოლის მექანიზმის ბოროტად გამოყენება. ინტერპოლი არის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნები ერთმანეთს ატყობინებენ იმის შესახებ, რომ ისინი ეძებენ ამა თუ იმ ადამიანს, რომელიც სავარაუდოდ საზღვარგარეთაა. როდესაც ინტერპოლის შეტყობინებები იგზავნება, ისინი არ არის აუცილებლად კარგად გადამოწმებული და ამის შედეგად - ინტერპოლის არსებითად ყალბი შეტყობინებების საფუძველზე - ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი გვინახავს დაკავებული და დეპორტირებულიც კი, ასე რომ ესაა თანამშრომლობის მარტივი ფორმა.

თანამშრომლობის კიდევ ერთი ფორმა არის ყალბი ბრალდებები, განსაკუთრებით კი ის, რაც ფინანსურ დანაშაულს, ხშირად კი - ტერორიზმსაც უკავშირდება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ეფექტური გზაა იმისთვის, რომ მასპინძელ ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებმა ამ ბრალდებებს ყურადღება მიაქციონ. „გაიგონ“, რომ პერსონა, რომელიც მათ ქვეყანას აფარებს თავს, ტერორისტია. ხშირად საკმაოდ ადვილია გააცურონ სახელმწიფო ინსტიტუტები, დაარწმუნონ ისინი, რომ ამა თუ იმ კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მათ იურისდიქციაშია, ზომების მიღებაა საჭირო.

- თუმცა, რაზეც საუბრობთ, ეს მეტწილად მაინც სამართლებრივი ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენებაა... მაგრამ არსებობს მასპინძელ ქვეყანაზე წნეხის ფარული და არალეგალური გზებიც...

- დიახ, არსებობს არალეგალური, არაფორმალური გზებიც იმისა, რომ ამა თუ იმ ავტორიტარულმა სახელმწიფომ გააჩუმოს ან ხელში ჩაიგდოს ის ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს სხვა ქვეყნებში გაექცნენ. მე ვსაუბრობდი გზებზე, რომლებიც მეტწილად არის კანონის გაფერმკრთალებულ საზღვრებთან, მაგრამ საბოლოოდ მაინც მის ფარგლებში, ან - ზღვარზე. მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვხედავთ თანამშრომლობის ფორმებს, რომელთა დროსაც მასპინძელი ქვეყანა საკუთარი სურვილის შესაბამისად თანამშრომლობს მოტაცებაში ან სურვილისამებრ ეხმარება სხვა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს იმაში, რომ ვიღაც მათი ქვეყნიდან დააკავონ. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, დოკუმენტაცია და ოფიციალური ჩანაწერები იმის შესახებ თუ რა მოხდა, იშვიათად ასახავს რეალობას. არავინ იტყვის, რომ ქრთამი ან ზეწოლა გამოიყენეს იმისთვის, რომ ვიღაც ამა თუ იმ ქვეყნიდან გაძევებულიყო, მაგრამ ხშირად, თუკი „სტრიქონებს შორის წავიკითხავთ“, ნახავთ მძიმე პოლიტიკურ, ზოგჯერ ფინანსურ ზეწოლასაც, რომელიც გამოყენებულია ამა თუ იმ რეპრესიული რეჟიმისგან დევნილი პირის მასპინძელი ქვეყნის მიმართ. ზოგჯერ უმაღლეს საფეხურებზეც და ეს ძალიან შემაშფოთებელია.

- “ტრანსნაციონალური რეპრესია ნორმალური ფენომენი გახდა“, - ვკითულობთ კვლევაში. როგორც თქვით, ჯამალ ხაშოგის მკვლელობამ საუდის არაბეთის სტამბოლის საკონსულოში ამ შენიღბული დანაშაულის მიმართ მსოფლიო ყურადღება მიაპყრო, მაგრამ იყო კი საერთაშორისო საზოგადოების პასუხი შესაბამისი და დამაკმაყოფილებელი?

- ეს ინციდენტები და ტაქტიკები სამწუხაროდ ნორმალიზებული ხდება. არსებობს ძალიან მაღალი პროფილის, მაღალი რანგის და ცნობლი შემთხვევები. არა მხოლოდ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა, არამედ მაგალითად ძალიან ცნობილი რუანდელი აქტივისტის პოლ რუსესაბაგინას გატაცება; რამდენიმე ირანელი დისიდენტის გატაცება გასულ წელს; არაერთი ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქის მკვლელობა, განსაკუთრებით კი ევროპაში და რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირით. ეს არის ის, რაც პრაქტიკულად ყოველ კვირა ხდება. ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ ისაა, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება ამ დანაშაულისთვის. ეს მთავრობები კლავენ, იტაცებენ თავის მოქალაქეებს საზღვარგარეთ და მათთვის საზიანო შედეგებს ვერ ვხედავთ.

- საკუთარ საზღვრებს მიღმა რეჟიმებს გაქცეული მოქალაქეების შევიწროვებაში ევრაზიის არაერთი სახელმწიფოა მხილებული. რა ტენდენცია დაინახეთ რეგიონში? ვინ, როგორ და რა მიმართულებით იყენებს ამ მეთოდებს?

როდესაც საუბარი მოტაცებას შეეხება, სინამდვილეში ამ შემთხვევების უმრავლესობა მოიცავს მთავრობათაშორის თანამშრომლობას. უმეტესად გატაცება გულისხმობს უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებთან თანამშრომლობას და მუხთარლის საქმის თაობაზე,  სხვა მასალებშიც ნამდვილად არის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ იყო რაღაც ტიპის თანამშრომლობა.
ნეით შენკანი

- ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონი ჩვენს კვლევაში სწორედ ევრაზიაა და ვნახეთ, რომ 7 ქვეყანა ახორციელებს ტრანსნაციონალურ რეპრესიებს: რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ერთ-ერთი განმასხვავებელი ამ რეგიონში ისაა, რომ ქვეყნებმა, როგორც ჩანს, კარგად ისწავლეს, როგორ გამოიყენონ „ინტერპოლი“ საკუთარი მიზნებისთვის, დიასპორის წარმომადგენელთა ხელში ჩასაგდებად და არსებობს სერიოზული დაუსჯელობის სინდრომიც, სერიოზული თავდასხმების მიუხედავად. ეს მოიცავს რუსეთის მიერ მკვლელობებს ევროპაში, ასევე მოტაცებებს, მათ შორის აზერბაიჯანული მხარის მიერ აფგან მუხთარლის გატაცებას საქართველოდან, ტაჯიკი დისიდენტების გატაცებებს რუსეთიდან, იტალიიდან და სხვა...

- ის, რაც საქართველოს ამ კვლევის ნაწილად აქცევს და თქვენც ახსენეთ - არის ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმე. ანგარიშის ავტორები ამას მოტაცებას უწოდებთ. რას ნიშნავდა ეს საქმე და როგორ ფიქრობთ, იმოქმედა თუ არა მან ქვეყნის, როგორც ავტორიტარულ რეჟიმებს გამოქცეული პირების არაფორმალური თავშესაფრის იმიჯზე, და ზოგადად უსაფრთხოების აღქმაზე?

- ვფიქრობ, ამის შემდეგ საქართველო არათუ გამოიყურება ნაკლებ უსაფრთხოდ, არამედ ნაკლებ უსაფრთხო გახდა. როდესაც მთავრობის კრიტიკოსი ხარ, ამგავრი ფიზიკური, კრიტიკული საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, და იცი, რომ ვიღაცას ასე დაესხნენ თავს, რა თქმა უნდა ეს [ამ ადგილს] შენთვის ნაკლებ უსაფრთხოს ხდის. ასე რომ, ნამდვილად, მუხთარლის გატაცებამ დააზიანა საქართველოს რეპუტაცია და იმიჯი, როგორც იმ ადგილისა, სადაც დემოკრატიისთვის მებრძოლ აქტივისტებს შეუძლიათ უფრო თავისუფლად იცხოვრონ და განაგრძონ მოთხოვნა იმ დემოკრატიისა, რომელსაც იმსახურებენ.

ამასთან, როდესაც ტრანსნაციონალური რეპრესიების ფაქტებს ვიკვლევთ, ვხედავთ, რომ როდესაც საუბარი მოტაცებას შეეხება, სინამდვილეში ამ შემთხვევების უმრავლესობა მოიცავს მთავრობათაშორის თანამშრომლობას. უმეტესად გატაცება გულისხმობს უსაფრთხოების ადგილობრივ ძალებთან თანამშრომლობას და მუხთარლის საქმის თაობაზე, სხვა მასალებშიც ნამდვილად არის ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ იყო რაღაც ტიპის თანამშრომლობა.

- ავტორიტარული სახელმწიფოები, როგორც ჩანს, არაერთ სხვადასხვა ბერკეტს იყენებენ სხვა, ხშირად დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგაც კი იმისთვის, რომ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. მაგრამ თავდაცვის და წინააღმდეგობის გაწევის რა ბერკეტები აქვს საქართველოს მსგავს ქვეყანას, რომლის სამეზობლოშიც არაერთი ასეთი რეჟიმია?

- ყველა დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი, ვინც ამგავრად მოქმედებენ, ანგარიშვალდებულნი იყვნენ. საქართველოს შემთხვევაშიც ეს ნიშნავს სახელების გამჟღავნებას, დასახელებას. პასუხისმგებლობას და ორმხრივ საუბარს მეორე სახელმწიფოსთან. ასევე ზოგადად იმის ნათლად ახსნას, რომ იქნება შედეგები, რომ დიპლომატიური პერსონალი შეიძლება იყოს გაძევებული და ა.შ.

მეორე კომპონენტი არის მდგრადობა. კავშირების და ნდობის გაღრმავება იმ ჯგუფებთან, რომლებიც შენს ქვეყანაში აფარებენ თავს, სამართალდამცავებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიცემა და ა.შ. ეს ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ დემოკრატია უფრო უსაფრთხო ადგილი იყოს ავტორიტარიზმისგან გაქცეულთათვის.

საქართველო ან სხვა, პატარა დემოკრატიები, რომლებსაც ორმხრივი ურთიერთიერთობები აქვთ ასეთ ქვეყნებთან და ტრანსნაციონალური რეპრესიების ადგილად შეიძლება იქცნენ, უნდა ცდილობდნენ იმ სხვა ქვეყნებთან დაკავშირებას, რომლებიც მას მხარს დაუჭერენ. იქნება ეს ამერიკა, ევროკავშირი თუ სხვა, ვინც დაინახავს, რომ ეს მდგრადობა არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, როგორიც გვინდა, რომ საქართველო იყოს და ველოდებით, რომ გახდება. ვფიქრობ, ეს იქნება შესაძლებლობაც იმისა, რომ კიდევ ერთხელ დაადასტუროთ დემოკრატიისადმი ერთგულება.

ჩვენი მიგრაციისა და თავშესაფრის რეჟიმები უფრო ნაკლებად მტრული უნდა გახდეს იმ ხალხის მიმართ, ვინც ამერიკაში ჩამოდის. შტატებში თუ სხვა დემოკრატიებში ახლა, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ძალიან აგრესიული რეჟიმები თავისთავად  მიმართულია იქითკენ, რომ დააკავოს და ქვეყნიდან გააძევოს ესა თუ ის იმიგრანტი.  ეს კიდევ უფრო უმარტივებს ავტორიტარულ რეჟიმებს ამ ადამიანების დასჯას.

- ტრანსნაციონალური რეპრესიების უკიდურესი მეთოდები, გატაცება, მოწამვლა, მკვლელობა, მათ შორის ევროპის ტერიტორიაზეც, საერთაშორისო საზოგადოებისთვის უცხო არაა. მით უმეტეს, რომ შემთხვევათა კვალს ხშირად პირდაპირ საქართველოს ჩრდილოელ, აგრესორ მეზობელთან მივყავართ. ყველა სხვა მეთოდთან ერთად, საერთაშორისოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენება აქცევს თუ არა რუსეთს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ერთ-ერთ გამორჩეულ ავტორად მსოფლიო არენაზე? და როგორი შეიძლება იყოს ამაზე ამერიკის თუ საერთაშორისო საზოგადოების პასუხი?

- იცით, ამერიკის რეაქციაც ხშირად არათანმიმდევრული, არათანაბარი იყო ბევრი წლის განმავლობაში. თუმცა, ვფიქრობ, ნამდვილად იყო ძლიერი პასუხები კონკრეტულ თავდასხმებზე ევროპაში, იქნებოდა ეს ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწავლა თუ სკრიპალების საქმე. მაგრამ ასევე, ამას ყოველთვის იგივე მონდომებით არ შეხვედრიან ევროპელი მოკავშირეები.

ნამდვილად არსებობს პრობლემა იმისა, თუ როგორ უპასუხებენ „რეპრესიის მასპინძელი“ ქვეყნები ამ თავდასხმებს. ამერიკას შეუძლია მეტი გააკეთოს. ახალ ადმინისტრაციას ბევრი მიმართულებით აქვს სამუშაო და მათ შორის თანამშრომლობაა საჭირო მის ევროპელ მოკავშირეებთანაც რუსეთის ძალიან აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც რეალურად მზადაა მოკლას ადამიანები არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ ევროპაში და ამერიკის მიწაზეც კი.

რაც ამ პრესპრესიების კუთხით რუსეთს სხვებისგან გამოარჩევს, არის ძალადობის ექსტრემალურად მაღალი გამოვლინებები. ასევე, მისი ტაქტიკების უწყვეტობა. ჩვენ მიერ ამ 6 წელიწადში შესწავლილი მკვლელობებიდან თუ მკვლელობის მცდელობებიდან, რუსეთი 7 მათგანზეა პასუხისმგებელი. გლობალურ კონტექსტში, ეს ძალიან დიდი წილია. ესაა საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის ძალიან აგრესიული დარღვევები. ნამდვილად უნდა იყოს უფრო ძლიერი პასუხი, უფრო მაღალი დონის ინვიდუალური სანქციები. ზოგიერთი ასეთი ზომა უკვე მიღებულია ამერიკის თუ ევროკავშირის მიმართ, თუმცა ასევე, ეფექტურობისთვის საჭიროა კოორდინირებული, გაერთიანებული სტრატეგიაც იმისა, თუ როგორ გავუმკლავდეთ რუსულ რეჟიმს, რომელიც ღიად რევიზიონისტული და რევანშისტულია.

- საუბრობთ რეკომენდაციებზე საქართველოსთვის, რუსეთისა თუ სხვების წინააღმდეგ, თუმცა ვხედავთ, რომ ამერიკის უდიდესი მეტოქე სახელმწიფოები, რუსეთი, ირანი, ჩინეთი, გარკვეულწილად თურქეთიც, ახერხებენ, რომ სხვა მავნე და აგრესიულ ქმედებებთან ერთად, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას საკუთარ საზღვრებს მიღმაც. რა მდგომარეობაში აყენებს ეს ამერიკას და როგორი უნდა იყოს მისი პასუხი იმ რეპრესიულ საფრთხეზე, რომელიც დემოკრატიებს ემუქრება გლობალურად?

- ვფიქრობ, ამერიკას აქვს ორმხრივი პასუხისმგებლობა. ერთი გულისხმობს იმას, რომ ქვეყნები, რომლებიც ტრანსნაციონალურ რეპსრესიებს ახორციელებენ, იყვნენ ანგარიშვალდებულნი - იქნებიან ისინი მოკავშირეები, როგორც საუდის არაბეთი და თურქეთი, თუ მეტოქეები, როგორებიც ჩინეთი ან რუსეთი არიან. უნდა არსებობდეს ანგარიშვალდებულების სტანდარტი იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები თანმიმდევრული იყოს და ეფექტური გახდეს.

ამერიკამ უნდა გადადგას ნაბიჯები ქვეყნის შიგნითაც იმისთვის, რომ უფრო რთული გახდოს ამგვარი ქმედებები მის საზღვრებშიც. ასევე, ინფორმაციით უნდა გავაძლიეროთ საკუთარი სამართალდამცავებიც, რომ მათ ესმოდეთ საკითხი, ჰქონდეთ გავლილი შესაბამისი ტრენინგები და ჰქონდეთ მეტი დიაპაზონი იმ სტრატეგიებისა, თუ როგორ შეიძლება მოექცნენ მოწყვლად ჯგუფებს.

ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი მიგრაციისა და თავშესაფრის რეჟიმები უფრო ნაკლებად მტრული უნდა გახდეს იმ ხალხის მიმართ, ვინც ამერიკაში ჩამოდის. შტატებში თუ სხვა დემოკრატიებში ახლა, ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება სწორედ იმის გამო, რომ ჩვენი ძალიან აგრესიული რეჟიმები თავისთავად მიმართულია იქითკენ, რომ დააკავოს და ქვეყნიდან გააძევოს ესა თუ ის იმიგრანტი. ეს კიდევ უფრო უმარტივებს ავტორიტარულ რეჟიმებს ამ ადამიანების დასჯას.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ უფრო ინკლუზიური გზები იმისთვის, რომ მიგრანტების უფლებები მეტად იყოს დაცული და შევამციროთ იმის შესაძლებლობა, რომ დიასპორის წარმომადგენლებს ჩვენს საზვრებშიც მოსწვდნენ და თავს დაესხან. თავშესაფრის ძიების უფლება ჩვენივე დემოკრატიებში თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ბოლო 10 თუ მეტი წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა გვქონდეს სისტემები, სადაც გააზრებულია, რომ ადამიანებს სჭირდებათ თავშესაფრის ძებნა და მისი მიღების უფლება აქვთ. მათი მოთხოვნა გაგონილი უნდა იყოს.

ამჟამად, სიმართლე ისაა, რომ ვცდილობთ ადამიანებს დავატოვებინოთ ეს თავშესაფრები და ეს მათ უფრო მოწყვლადს ხდის. ამ სისტემის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრაქტიკაში ადამიანების დასაცავად. და ასევე მნიშვნელოვანი იქნება მთელი დანარჩენი მსოფლიოსთვის სათქმელად, რომ დემოკრატიებს სურთ, დაიცვან ადამიანები, რომლებიც საფრთხის ქვეშ არიან.

იმისთვის კი, რომ პროაქტიული იყო, საჭიროა კარგად გვესმოდეს ის გზები, რომლებსაც ავტორიტარული რეჟიმები სხვა მთავრობებთან თანამშრომლობისთვის იყენებენ. უნდა გვესმოდეს, როგორი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან ეს ადამიანები, და რომ არსებობს გზები, რომლითაც მათი დაცვა შეგვიძლია. ალბათ ესაა ნაბიჯი, რომელიც ყველაზე დიდ ცვლილებებს მოიტანს

XS
SM
MD
LG