ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უფლებადამცველები რუსეთში "უცხოეთის აგენტიების სიაზე” შეშფოთებას გამოხატავენ


ორმა საერთაშორისო უფლებადამცველმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის ხუთი მოქალაქე, უცხოეთის აგენტების საკამათო სიაში ჩართეს. დასავლეთი ამას რუსეთის ხელისუფლების მიერ დისიდენტების შევიწროების მცდელობად განიხილავს. ამ საკითხზე “რადიო თავისუფლებამ” დაწერა.

გაეროს ადამიანის უფლებების ოფისმა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა ეს ნაბიჯი ერთხმად დაგმეს და თქვეს, რომ ის სიტყვის თავისუფლებას და დემოკრატიულ პრაქტიკას ზღუდავს.

ეუთოს წარმომადგენლის ცალკე კომენტარში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი: “რუსეთის ფედერაციაში გამოხატვის თავისუფლების, მედიის თავისუფლების და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების სივრცეს ავიწროებს.”

ეუთოს წარმომადგენლობის წერილობით განცხადებაში ნათქვამია: “ეუთოს წევრმა ყველა არაერთხელ დაადასტურა (მათ შორის 2018 წლის მინისტერიალის საბჭოს გადაწყვეტილებით), რომ მედიას მათ ტერიტორიაზე, უცხოეთის ამბებზე და საინფორმაციო მომსახურებაზე შეუზღუდავი წვდომა უნდა ჰქონდეს: საზოგადოებას ექნება ერთნაირი თავისუფლება, საზღვრების მიუხედავად, საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე მიიღოს და გააზიაროს ინფორმაცია და იდეები, მათ შორის უცხოური გამოცემების და უცხოური მაუწყებლობის მეშვეობით. ამ უფლების გამოყენების ნებისმიერი შეზღუდვა, კანონით და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად განისაზღვრება.”

“რადიო თავისუფლებისვე” ინფორმაციით, 28 დეკემბერს რუსეთმა გამოაცხადა, რომ ხუთი ადამიანი - სამი ჟურნალისტი რომელიც “რადიო თავისუფლებასთან” თანამშრომლობდა და ორი უფლებადამცველი აქტივისტი, “უცხოეთის აგენტების კანონის” შესაბამის სიაში ჩაწერა. თავდაპირველად, 2012 წელს მიღებული საკამათო კანონის საფუძველზე შექმნილ სიაში მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები ხვდებოდნენ. მოგვიანებით, კანონი გაფართოვდა და მედია საშუალებებზე და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზეც გავრცელდა.

“რადიო თავისუფლებასთან “ დაკავშირებული, სიაში მოხვედრილი სამი პირია: ლუდმილა სტავიცკაია და სერგეი მარკელოვი, “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის დამოუკიდებელი კორესპონდენტები და დენის კამალიაგინი, ახალი ამბების ინტერნეტ-გვერდ “ფსკოვის პროვინციის” მთავარი რედაქტორი და “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურის დამოუკიდებელი კორესპონდენტი.

სიაში ასევე მოხვდნენ ცნობილი უფლებადამცველი ლევ პონომარიოვი და აქტივისტი და “წითელი ჯვრის” თანამშრომელი დარია აპახონჩიჩი.

რუსული საკამათო “უცხოეთის აგენტის კანონის” შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ავრცელებს იმ გამოცემის ან იურიდიული პირის მასალებს, რომელიც უცხოეთის აგენტად არის შერაცხული, მონაწილეობს ამ მასალის შექმნაში და საზღვარგარეთიდან უცხოურ დაფინანსებას ღებულობს, შეიძლება “უცხოეთის მედია აგენტად” გამოცხადდეს.

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ადრე განაცხადეს, რომ “უცხოეთის აგენტის კანონში” 2017 წელს მედიის ჩართვა იყო “სიმეტრიული პასუხი”შეერთებული შტატების მოთხოვნაზე, რომ რუსული სახელმწიფო არხი “რ ტ”, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციისამერიკული კანონის შესაბამისად დარეგისტრირებულიყო.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეს განცხადება უარჰყვეს და ამტკიცებენ, რომ ამერიკული და რუსული კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება და “უცხოეთის აგენტის” შესახებ კანონს, რუსეთი დისიდენტების ჩასაჩუმებლად და იდეების თავისუფლად გაცვლის შესაფერხებლად იყენებს.

ვითარებასთან დაკავშირებით შეშფოთება ევროსაბჭომაც გამო თქვა და ამბობს, რომ აღნიშნული რუსული კანონი ზოგადად - “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და გამოხატვის თავისუფლებას ახრჩობს”.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG