რუსული სახელმწიფო ტელეკომპანია „არ-ტი“ (RT, ყოფილი „რაშა თუდეი“) ლიეტუვამ ეთერი შეუწყვიტა. ვილნიუსი ამ გადაწყვეტილებას რუსი მედია-მაგნატის, დმიტრი კისილიოვის სანქციების სიაში შეყვანით ხსნის.
მოვლენებს წინ უძღოდა ანალოგიური ნაბიჯი, რომელიც გასულ კვირას ლატვიამ გადადგა. ოფიციალურმა რიგამ მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ „არ-ტი“ რუსეთის პროპაგანდისტულ წყაროს წარმოადგენს და მას კისილიოვი აკონტროლებს.
„არ-ტის" კისილიოვი აკონტროლებს, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულია 2014 წელს, ყირიმის ანექსიის და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიმდინარე რუსეთის სამხედრო ქმედებების მხარდაჭერისთვის გაწეულ რუსულ პროპაგანდაში ცენტრალური როლის შესრულების გამო" - განაცხადა ლიეტუვას კომუნიკაციების მარეგულირებელმა სამსახურმა.
აკრძალვა მოიცავს „არ-ტის“ ხუთ არხს.
„არ-ტი“ „ავრცელებს კრემლს მხარდამჭერ მასალას“, - განაცხადა მარეგულირებელმა და განმარტა, რომ აკრძალვა საგარეო საქმეთა სამინისტროს რჩევებზე დაყრდნობით მიიღეს.
რუსეთის საელჩოს პრესსპიკერმა უარყო, რომ კისილიოვი „არ-ტის“ აკონტროლებს.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არამეგობრული გადაწვეტილება ლიეტუვის მთავრობის მხრიდან, კიდევ ერთი ნაბიჯია მათ ბრძოლაში განსხვავებულ მოსაზრებებთან და პრესის თავისუფლებასთან“, - განაცხადა პრესსპიკერმა გამოცემა „ბი-ენ-ეს“-თან საუბარში.
ლიეტუვამ კისილიოვს სახელმწიფო ჯილდო ჩამოართვა, რომელიც მან 1991 წელს ლიეტუვაში საბჭოთა არმიის შეჭრაში მისი როლის გამო მიიღო, რომლის დროსაც 14 ადამიანი დაიღუპა და 702 დაშავდა.
Facebook Forum