ამერიკის წამყვან ინფექციონისტ ენტონი ფაუჩის, რომელიც ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია, ესაუბრა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი გრეტა ვან სასტერენი.
ნება მიბოძეთ ოთხ ვარიაციაზე გკითხოთ, რომლებიც პირველად ბრიტანეთში, სამხრეთ აფრიკაში, ბრაზილიაში და ჩინეთში იპოვეს. განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან, თუ ძალიან გვანან?
ყველა სარს კოვ-2-ია. მცირე განსხვავებები არსებობს, რაც შეიძლება ფუნქციურ განსხვავებებს იწვევდეს, მათ შორის - შესაძლოა ანტისხეულები მათ წინააღმდეგ ისე ეფექტურად არ მოქმედებდეს. ზოგჯერ ეს მათ გავრცელებას უწყობს ხელს და მეტიც: ამას შეუძლია ის უფრო ვირულენტური (ავადმყოფობის მეტად გამომწვევი) გახადოს, ან შეიძლება სხვა დაავადებაც კი გამოიწვიოს. ვიცით, რომ ბრიტანეთის ვარიაცია, ისევე როგორც სამხრეთ აფრიკის და დიდი ალბათობით ბრაზილიურიც, უფრო მეტად ვრცელდება. მათ ეს ფუნქციური უპირატესობა გააჩნიათ, თუმცა მაინც იგივე სარს-კოვ-2 ვირუსებია.
ახლა, როცა გვაქვს ვაქცინები: „მოდერნა“, „ფაიზერი“, „ჯონსონს და ჯონსონსაც“ ველოდებით, დაგვეხმარება ისინი ახალ ვარიაციებთან ბრძოლაში?
მათ ეს [დახმარება] შეუძლიათ. ბოლომდე ისე კარგად არა, როგორც ამას პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ აკეთებდნენ, ანუ - დასაწყისში რომელ ვირუსთანაც გვქონდა საქმე. თუმცა, მათ მაინც გააჩნიათ დაცვის მნიშვნელოვანი ხარისხი, განსაკუთრებით მწვავე დაავადების წინააღმდეგ, კერძოდ - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის მხრივ. მაგრამ ისევე კარგად არ იცავენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებისგან.
რეალურად გესახებათ [ე.წ.] ჯოგური იმუნიტეტი ამ ეტაპზე?
დიახ, თუკი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ავცრით. ვიტყოდი, რომ ეს მაინც ვარაუდია. ზუსტად არ ვიცით, თუ რა პროცენტი უნდა ავცრათ, რომ პოპულაციური იმუნიტეტი მივიღოთ. მაგრამ, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მოსახლეობის სადღაც 70-დან 85%-მდე აიცრება.
რაც შეეხება [ინფექციის] გადაცემას, შეიძლება, რომ ყუთებიდან გადაგვედოს, ან სხვა ნივთების ზედაპირიდან, რომლებიც სუპერმარკეტიდან მოგვაქვს?
თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება.
მოგზაურობას რაც შეეხება: თუ ორივე ვაქცინა გავიკეთე და მეორე დოზით აცრიდან 14 დღეა გასული, უსაფრთხოა მგზავრობა ერთი, ან ორი ნიღბით?
ასეთ რაოდენობრივ განსხვავებაზე ვერაფერს გეტყვით. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ნიღბის ტარებას გვირჩევს. ზოგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ნიღბის დამატებით ფენაში. ეს მისაღებია, ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს, სიმყუდროვეს, დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ. მაგრამ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევში ჯერ არაფერი წერია იმაზე, რომ ერთი ნიღაბი ისეთი კარგი არ არის, როგორც ორი. ისინი ამას შეისწავლიან და იმედია, ინფორმაციას ჩვენც მოგვაწვდიან.
საერთოდ, მოგზაურობაზე რა აზრის ხართ, თუკი ორივე ვაქცინა მივიღეთ და ბოლო აცრიდან გარკვეული დროა გასული?
ეს დამოკიდებულია თქვენი მხრიდან რისკის გაწევის სურვილზე. ვგულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ახლა რისკი უეჭველად ნაკლებია, რაკი აიცერით. თუ ვაქცინა 94-95% ეფექტურობის მქონეა, თქვენი ინფიცირების და ავად გახდომის რისკი გაცილებით უფრო დაბალია აცრის შემდეგ. მაგრამ, რისკი მაინც არსებობს. ამიტომ საკითხავია, რა დონის რისკზე ხართ წამსვლელი? დღეს ჩვენ ისევ ყველას ვურჩევთ, რომ არ იმოგზაურონ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის. ჯერჯერობით ეს ასეა.
მოდით, „კოვაქსზე“ ვისაუბროთ. საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც ვაქცინას მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს მიაწვდის. ასეა, არა?
დიახ, ასეა.
მომიყევით მასზე, როგორ მიაწვდის ის ვაქცინას მაგალითად, აფრიკის კონტინენტის ქვეყნებს?
აშკარად, მსოფლიოს ყველა ქვეყანას არ გააჩნია თავისი ხალხის ვაქცინაციის რესურსი და შესაძლებლობა. ამ დროს ვაქცინა დედამიწაზე ყველას სჭირდება, იმის მიუხედავად, ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობ, თუ მდიდარში. „კოვაქსი“ ქვეყნების და ორგანიზაციების კონსორციუმია, რომლებიც შეთანხმდნენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი რესურსი ჩადონ ისეთი ქვეყნებისთვის ვაქცინის მიწოდების საქმეში, ვისაც არ აქვს ვაქცინის შექმნის, ან მისი შეძენის შესაძლებლობა.
და ეს სწრაფად ხდება? ანუ, უკვე მიეწოდება ამ ქვეყნებს? ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი ამბობს, რომ ვაქცინაზე ხელი მათ ჯერ არ მიუწვდებათ.
იცით, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინა მოაკლდება ჩიკაგოს, ნიუ-იორკს ან სან-ფრანცისკოს და უცხოეთში გაიგზავნება. არავითარ შემთხვევაში! ამაზე არ არის საუბარი. ჩვენ უკვე გვაქვს კონტრაქტი საკმარის ვაქცინაზე, რათა შეერთებულ შტატებში ყველა აიცრას. ნაწილი უკვე შესრულებულია და მომავალშიც გაგრძელდება ვაქცინების პერიოდულად მიღება, ვიდრე კონტრაქტით შეთანხმებული პირობები არ შესრულდება.
ვიცი, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, მაგრამ როდის დადგება დრო, როცა ყველაფერი ძველებურად იქნება? შეიძლება დაახლოებით მაინც ვთქვათ, როდის მოვიხსნით ნიღბებს და გამუდმებით ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებთ? თუ ეს ყველაფერი ახალი ნორმა გახდება?
ვფიქრობ, ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ზომებს. ჩემი აზრით, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას, ანუ იმას, რასაც შეიძლება ნორმალური დავუძახოთ. ალბათ 100 პროცენტით არა, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ გვექნება, როგორიც ახლაა.
არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ხალხს ვაქცინის უნდა ეშინოდეს?
არა. ვაქცინები აჩვენებს, რომ ისინი უსაფრთხოა, ამას ვგულისხმობ. ისტორიულად ვაქცინები ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა. ის ვაქცინები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დოკუმენტირებულად მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა. კოვიდ-19-ის რისკი განუზომლად დიდია, ვიდრე ვაქცინების უარყოფითი ეფექტი.
დიდი მადლობა, ექიმო ფაუჩი.
სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი გრეტა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის.
Facebook Forum