ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაქცინაციის ჩემპიონები - ისრაელის, ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების გამოცდილება


მას შემდეგ, რაც ფარამცევტული კომპანიების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტური იყო, მსოფლიოს ქვეყნებმა ვაქცინებისთვის საგანაგებო ავტორიზაციის მინიჭება და მათი გამოყენება დაიწყეს.

ბრიტანეთი მსოფლიოში პირველი იყო, ვინც ვაქცინაცია დაიწყო, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მსოფლიოში ვაქცინაციის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ისრაელს აქვს. შემდეგ მოდის ბაჰრეინი. ასევე, დიდი წარმატებით ცრის საკუთარ მოსახლეობას არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ისრაელი

„ხალხს სურვილი ჰქონდა, რომ ცოდნოდათ როგორ დაეღწიათ თავი კორონავირუსისგან და როგორ დაბრუნებოდნენ ძველ ცხოვრებას. მათ სურდათ, რომ ვაქცინა მიეღოთ და ელოდნენ, როდის ექნებოდათ შანსი, რომ ვაქცინა გაეკეთებინათ".

ისრაელმა ვაქცინაციის დაწყების შესახებ 2020 წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ დროისთვის უკვე შეთანხმებული იყო „ფაიზერთან“ და 9-მილიონიანმა ქვეყანამ საჭირო რაოდენობის ვაქცინის დოზა მიიღო. "ბი-ბი-სის" (BBC) ცნობით, ისრაელს 5 მილიონი დოზა უკვე აქვს ქვეყანაში შეტანილი. აქედან ქვეყნის მოსახლეობიდან მილიონს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს.

ვაქცინაციის დაწყებისთანავე, ისრაელში პრიორიტეტს რისკ ჯგუფები წარმოადგენდნენ. მათ პირველ ეტაპზე 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები აცრეს. შემდეგ კი მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის აცრა გადაწყვიტეს.

ექიმი შოში გოლდბერგი, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადეგენელია. ის ქვეყანაში პანდემიის დროს, საავადმყოფოებში ადამიანური რესურსების განაწილებას და ვაქცინაციის პროცესს კურირებს. გოლდბერგი ამბობს, რომ ისრაელის წარმატებული ვაქცინაციის საიდუმლო რამდენიმე ფაქტორისგან შედგება.

პირველ მიზეზად ის მთავრობის მიერ ვაქცინაციის მთავარ პრიორიტეტად დაყენებას ასახელებს. გოლდბერგი არ ყვება, რა გზებით მიაღწია ქვეყანამ „ფაიზერთან“ შეთანხმებას, თუმცა ამბობს, რომ ადრეულ ეტაპზე მოალაპარაკებების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გარდა ამისა, ისრაელს ცენტრალიზებული, კომპიუტერული სისტემა აქვს, რომლითაც მთავრობა მარტივად ახერხებს ვაქცინაციის პროცესის მოწესრიგებას. ასევე, საშუალება აქვთ, დააკვირდნენ ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ პროცესებს. მაგალითად, გვერდით მოვლენებს, პაციენტის მდგომარეობას და ა.შ სისტემა საშუალებას იძლევა მთავრობამ ზუსტად იცოდეს, რომელი კატეგორიის და რამდენი ადამიანია უკვე აცრილი და ვინ, როდის უნდა აიცრას მომავალში.

სხვა ფაქტორებთან ერთად, წარმატების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზეზად, ექიმი გოლდბერგი ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას და ხალხის ნებას ასახელებს.

„ხალხს სურვილი ჰქონდა, რომ ცოდნოდათ როგორ დაეღწიათ თავი კორონავირუსისგან და როგორ დაბრუნებოდნენ ძველ ცხოვრებას. მათ სურდათ, ვაქცინა მიეღოთ და ელოდნენ, როდის ექნებოდათ შანსი, რომ აცრილიყვნენ.

გარდა ამისა, ჩვენ უზარმაზარი საინფორმაციო კამპანია წამოვიწყეთ იმისთვის, რომ ხალხი ვაქცინაციის ცენტრებში მოგვეყვანა. შემოვიღეთ მწვანე პასპორტი [რასაც ისინი ვაქცინაციის შემდეგ იღებდნენ] და ეს იყო ძალიან ოპტიმისტური გზა იმისთვის, რომ გვეჩვენებინა, ამით შეუძლიათ გარეთ გავიდნენ, ფილმს უყურონ, ისეირნონ, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ“, ამბობს გოლდბერგი.

ისრაელი ვაქცინაციას აგრძელებს, პარალელურად კი თავის ცოდნას სხვა დაინტერესებულ ქვეყნებსაც უზიარებს. „კოლაბორაცია გვჭირდება. ეს პოლიტიკური კი არა, კლინიკური საკითხია. პროცესის გაგრძელების პარალელურად, ქვეყნებს შორის თანამშროლობა გამჭვირვალობა უნდა იყოს“, ამბობს ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წევრი.

ბაჰრეინი

„პირველი 6 კვირის განმავლობაში, ცდის პირველი ეტაპისთვის 7,500 მოხალისე მოვიდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი იყო".

ბაჰრეინი მსოფლიოში მეორე ადგილზეა ვაქცინაციის ტემპების მონაცემებით. ქვეყანამ, რომლის მოსახლეობაც 1.64 მილიონია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებული მიდგომა აირჩია. მათ ქვეყანა არ ჩაუკეტავთ, არ აუკრძალავთ ფრენები და არ დაუხურავთ სკოლები, კაფე-ბარები და სხვა დაწესებულებები. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები, როგორიცაა სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ა.შ დაწესებული იყო და დღემდე ძალაში რჩება.

ბაჰრეინმა გადაწყვიტა, რომ ჩინური ფარმაცევტული კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინის საცდელი კვლევები თავის ქვეყანაში, საკუთარ მოქალაქეებზე ჩაეტარებინა. როგორც ექიმი მანაფ ალქათანი, ბაჰრეინის კორონავირუსთან მებძროლი ეროვნული გუნდის წევრი ამბობს, მონაწილეობა ცდებში ნებაყოფლობითი იყო.

„პირველი 6 კვირის განმავლობაში, კლინიკური გამოცდის პირველ ეტაპზე, 7 500 მოხალისე მოვიდა, რაც მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებელი იყო“, ამბობს ის. მესამე ფაზის გავლის შემდეგ, ქვეყანამ ვაქცინა მიიღო.

ჩინური ვაქცინის კვლევები, რუსული ვაქცინის მსგავსად, სხვა ვაქცინებთან შედარებით, ნაკლებ გამჭვირვალეა. მათ არ გამოუქვეყნებიათ კვლევის შედეგები და ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაჩვენებლების დამამტკიცებელი დოკუმენტები. თუმცა, ბაჰრეინს ჩინური ვაქცინის გარდა, ახლა უკვე „ფაიზერის“ ვაქცინაც აქვს.

ბაჰრეინში ვაქცინაცია 2020 წლის 16 დეკემბერს დაიწყო. როგორც ექიმი ალქათანი ამბობს, ჯერ კიდევ ივნისში, ქვეყნის ხელისუფლებამ სხვადასხვა მწარმოებლებთან დაიწყო მოლაპარაკება და საკმარისი რაოდენობის დოზების გარანტირებისთვის, მაქსიმალურად, ადრეულ ეტაპზე იზრუნა.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, ბაჰრეინმა, ისრაელის მსგავსად, რისკ ჯგუფში მყოფები აცრა. ამის შემდეგ კი, „ბნელი ზონა“ დაიწყო. ხელისუფლებამ მოსახლეობის კატეგორიებად დაყოფას, არჩია გამოეცხადებინა, რომ ყველა, 18 წლიდან და ზემოთ აიცრებოდა. აცრა ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასოა.

თუმცა, სახელმწიფოს ჩართულობისა და ვაქცინების დროულად მიღების გარდა, აუცილებელია ვაქცინის დისტრიბუცია და მისი მოსახლეობამდე მიტანა. ბაჰრეინმა გადაწყვიტა, რომ მოსახლეობაში არსებული ეჭვები, მონაცემების გავრცელებით გაექარწყლებინა.

„სოციალურ ქსელებში ვაქცინების წინააღმდეგ ძალიან ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდებოდა. საუკეთესო გზა ამასთან დასაპირისპირებლად გამჭვირვალობა იყო. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ცდების შედეგები, გამოვაქვეყნეთ საგანგებო ავტორიზაციის ყველა მონაცემი და ვფიქრობ, ამის შემდეგ, ხალხი უკვე კომფორტულად გრძნობდა თავს“, ამბობს ალქათანი.

ბაჰრეინი პირველია მსოფლიოში, ვისაც მოსახლეობისთვის სპეციალური აპლიკაცია აქვს შექმნილი კორონავირუსის ვაქცინის დოზის მისაღებად. დასავლეთში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რამდენად არის მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცული ამ აპლიკაციის გამოყენებისას, თუმცა ბაჰრეინის მთავრობა ამბობს, რომ აპლიკაციის ჩამოტვირთვა ნებაყოფლობითია და მოსახლეობისთვის ის სავალდებულო არ არის.

ექიმი ალქათანი თვლის, რომ ადრეულ ეტაპზე ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებამ, ქვეყანაში ვაქცინის ტესტირების ჩატარებამ და სწორად წარმართულმა კომუნიკაციამ საზოგადოებასთან ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ, განსაზღვრა ქვეყნის წარმატებული ვაქცინაციის პროცესი.

არაბთა გაერთიანებული საემიროები

2020 წლის 14 დეკემბერს, არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი იწყებოდა. ქვეყანაში ჩინური „სინოფარმისა“ და ამერიკულ-გერმანული წარმოების „ფაიზერ-ბიონტექის“ ერთობლივი ვაქცინები აქვთ.

ექიმი ფარიდა ალ-ჰასანი, არაბთა გაერთიანებული საემიროების ჯანდაცვის სექტორის სპიკერი, ამბობს, რომ ყველა ის ფაქტორი, რამაც ისრაელისა და ბაჰრეინის წარმატება განაპირობა, მოქმედებდა მის ქვეყანაშიც. არსებობდა სახელმწიფოს ნება, მიმდინარეობდა ადრეულ ეტაპზე მოლაპარაკებები ვაქცინის მწარმოებელვთან და ასევე, ჩატარდა დიდი საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას დეტალურად აცნობდა ინფორმაციას ვაქცინების შესახებ.

„ვპასუხობდით მათ ყველა შეკითხვას, ვაცნობდით ინფორმაციას, ვუხსნიდით და ვცდილობდით, რომ ის არასწორი და ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც სოციალური ქსელებიდან მოდიოდა გაგვექარწყლებინა“, ამბობს ალ-ჰასანი.

თუმცა, წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, მას ქვეყანაში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები და ვაქცინაციის სისტემასთან ინოვაციური მიდგომა ესახება. როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროების წარმომადგენელი ამბობს, ქვეყანაში ელექტრონული სისტემა არსებობს, რომელიც საშალებას აძლევს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მონიტორინგი გაუწიონ სხვადასხვა მაჩვენებლებს. რეალურ დროში დააკვირდნენ ვაქცინაციის პროცესს და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. „ტექნოლოგია და ინოვაცია ნამდვილად არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვაქცინის წარმატებისთვის“, ამბობს ალ-ჰასანი.

სამივე ქვეყანა, ისრაელი, ბაჰრეინი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები, „აბრაამის ხელშეკრულების“ წევრები არიან. ხელშეკრულებას გასულ წელს, პრეზიდენტ ტამპის ადმინისტრაციის ინიციატივით, თეთრ სახლში, ამ ქვეყნების ლიდერებმა მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, ასევე გულსიხმობს სხვადასხვა სახის თანამშრომლობას ხელშეკრულების წევრ ქვეყნებს შორის.

სამივე ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ ერთმანეთში ინფორმაციას და გამოცდილებას ცვლიდნენ, რათა უკეთ ემართათ ეპიდემია და ვაქცინაციის პროცესი. არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ბაჰრეინი ერთდროულად იღებდნენ მონაწილეობას ჩინური ვაქცინის გამოცდაში. ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საემიროები კი მუდმივად ცვლიდნენ ინფორმაციას.

„ეს ვირუსი არ არჩევს ეროვნებას, წარმომავლობას და რელიგიურ კუთვნილებას... ერთი რაც ვისწავლე, ისაა, რომ კოლაბორაცია ქვეყნებს შორის და გახსნილი გონებით მიდგომა, არის მთავარი გასაღები ამ პანდემიის დასასრულებლად“, ამბობს ექიმი ალქათარი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG