კოვიდ-19-ის პანდემიის დასასრულებლად და მსოფლიოს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დასაბრუნებლად აუცილებელია, რომ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ვირუსისადმი იმუნიტეტი ჰქონდეს. იმუნიტეტის შესაქმნელად კი მათი ვაქცინაციაა საჭირო. პანდემიის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, უპრეცედენტოდ მცირე დროში რამდენიმე ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს - ეფექტურობის განსხვავებული მაჩვენებლით. თუმცა 10-ზე მეტია ისეთი ვაქცინა, რომელიც სულ მცირე ერთ ქვეყანაში მაინცაა გამოყენებისთვის ავტორიზებული. ამას გარდა, არსებობს ათეულობით კანდიდატი ვაქცინა და მიმდინარეობს 200-ზე მეტი კვლევა.
1 თებერვლის მონაცემებით, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 0.71 %-ს აქვს გაკეთებული.
ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის თანახმად, 2 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ის ვაქცინების 101 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული.
იმუნიზაციის პროცესი ქვეყნებში სხვადასხვა ეტაპზეა, თუმცა უმეტესგან ჯერ კიდევ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების აცრა ხდება - ასაკის, პროფესიის თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. მონაცემთა ბაზა ძირითადად, ქვეყნების ჯანდაცვის ოფიციალური უწყებების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
რამდენი ერთეული დოზაა გაკეთებული სულ?
პროექტის თანახმად, 1 თებერვლის მონაცემებით, დოზები ასე ნაწილდება:
- ამერიკის შეერთებულ შტატებში - 31 მილიონზე მეტი;
- ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში - 12.6 მილიონი;
- დიდ ბრიტანეთში - 9.8 მილიონამდე;
- ისრაელში - 4.9 მილიონამდე;
- კანადაში - 955 ათასზე მეტი;
- არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 3.44 მილიონი;
- თურქეთში - 2.14 მილიონი;
- იტალიაში - 2 მილიონამდე;
- გერმანიაში - 2.47 მილიონი;
- საფრანგეთში - 1.53 მილიონი;
- ჩინეთის (ოფიციალური ცნობებით) - 24 მილიონი,
- რუსეთის (ოფიციალური ინფორმაციით) - 1 მილიონი,
- ბრაზილიაში - 2.12 მილიონი,
- ინდოეთში - 3.76 მილიონი.
ეს მონაცემები ნიშნავს, რომ მსოფლიოში ამა თუ იმ ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც უკვე მიიღო 55.34 მილიონმა ადამიანმა. ამერიკაში ეს მაჩვენებელი 25.20 მილიონია, ევროკავშირში - 10 მილიონზე მეტი, დიდ ბრიტანეთში - 9.3 მილიონი, ისრაელში - 3 მილიონზე მეტი, გერმანიაში - 2 მილიონამდე, საფრანგეთსა და იტალიაში კი თითქმის მილიონნახევარი.
მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც მიღებული?
ამ მონაცემებით გიბრალტარი ლიდერობს - მოსახლეობის 38.25 %-ით, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 34 ათასია. ისრაელში აცრის სულ მცირე ერთი დოზა მოსახლეობის 35 %-ს აქვს ადმინისტრირებული, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - 32 %-ზე მეტს, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში - 13.69 %-ს. ამერიკაში - 7,61 % ია მოსახლეობის ის წილი, რომელმაც ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო, გერმანიაში - 2.31 %, შვედეთი - 2.28 %, ევროკავშირში - 2.27 %, იტალიაში - 2.22 % და კანადაში - 1.41 %.
მსოფლიოში ვაქცინაციის კურსი დასრულებული აქვს მოსახლეობის მხოლოდ 0.14 %-ს.
მთლიანობაში, 1 თებერვლის მონაცემებით, ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაკეთებული აქვს მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 0.71%-ს.
ყოველ ას მოსახლეზე გაანგარიშებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველაზე მეტ ადამიანს ისრაელში აქვს გაკეთებული (56). შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული საამიროები (35), გაერთიანებული სამეფო (14), ბაჰრეინი (10), შეერთებულ შტატები (9), იტალია(3), გერმანია (3), საფრანგეთი (2) და ჩინეთი (2).
რაც შეეხება მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას - ანუ თუკი კონკრეტული ვაქცინა ორ ინექციას ითვალისწინებს, ორივე აცრა მოსახლეობის 20.68 %-ს აქვს გაკეთებული ისრაელში, 2.5 %-ს - საამიროებში, 1.71 %-ს - ამერიკაში, 1 %-ს - იტალიაში, 0.73 %-ს - ბრიტანეთში, 0.64 %-ს - გერმანიაში. ხოლო ევროკავშირში - 0.51 %-ს, კანადასა და საფრანგეთში - 0.07 %-ს.
მსოფლიოში კი ვაქცინაციის კურსი დასრულებული აქვს მოსახლეობის მხოლოდ 0.14 %-ს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად, საგანგებო გამოყენებისთვის ორი ვაქცინაა ავტორიზებული - „ფაიზერ-ბიონტექისა“ და „მოდერნას“ წარმოებული ვაქცინები. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და დიდ ბრიტანეთში ამ ორი ვაქცინის გარდა, დამტკიცებულია „ოქსფორდ/ასტრაზენეკას“ ვაქცინაც.
„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ვაქცინების მონიტორინგის პროექტის თანახმად, მკვლევრები ახლა 67 ვაქცინას ტესტავენ ადამიანებზე. 20 კი უკვე კვლევის საბოლოო ეტაპზეა გადასული. სულ მცირე 90-მდე ვაქცინა კი ამ ეტაპზე ჯერ ცხოველებზე მიმდინარე გამოკვლევების ეტაპზეა.