ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კოვიდ-19-ის ვარიანტის 105 შემთხვევა დააფიქსირეს


კოვიდ19-ის მუტირებული ვერსია, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით სულ ინფიცირების 105 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 11-ს საერთაშორისო მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი ამბობს, რომ სპეციალისტები დეტალურად სწავლობენ თითოეულ შემთხვევას და იმ არეალებში სადაც ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა 80 000 ადამიანს შეამოწმებენ რათა დროულად მოხდეს ახალი ვარიანტის გავრცელების შეჩერება. ამავე ტერიტორიებზე მოხდება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებაც.

"არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, იმის დასადასტურებლად, რომ ეს ვარიანტი უფრო რთულია, მაგრამ მასზე უფრო მეტი კვლევა გვჭირდება და ასეც იქნება,"- ამბობს ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეტ ჰენკოკი.

ოფიციალური მონაცემებით დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 9.2 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ბრიტანეთს უკვე შეძენილი აქვს მოდერნას და ფაიზერის ვაქცინები. ცნობილი ხდება, რომ უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ვაქცინის 40 მილიონ დოზას ფრანგული კომპანიისგან შეძენა. როგორც ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი ამბობს, ვაქცინის დამატებითი დოზები პანდემიური ვითარების კონტროლისთვის არის მნიშვნელოვანი. ფრანგული ვაქცინა ჯერ კიდევ გადის კლინიკურ კვლევებს და ის ამ დრომდე არ არის დამტკიცებული მარეგულირებლის მიერ.

იმაზე თუ რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები კოვიდ-19-ის მუტაციებთან საბრძოლველად, ამ დრომდე ოფიციალური დასკვნა არ არსებობს. სპეციალისტები კვლევებს აგრძელებენ. ფაიზერმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ მათ მიერ შექმნილი ვაქცინა 200-ზე მეტ მუტაციაზე კარგად მუშაობს.

გასულ კვირას კი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ბრიტანეთში აღმოჩენილი კოვიდ-19-ის ახალი მუტაცია უფრო მომაკვდინებელიც იყოს ვიდრე პირველად დაფიქსირებული კოვიდ-19-ის ვარიანტი.

დიდ ბრიტანეთში და სამხრეთ აფრიკაში რამდენიმე დღის სხვაობით კოვიდ19-ის მუტირებული ვარიანტები აღმოაჩინეს. ბრიტანულ მუტაციაზე წინასწარი კვლევებით ირკვევა, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება და შესაძლოა უფრო მომაკვდინებელიც იყოს, თუმცა კვლევა გრძელდება და ჯერ საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბრიტანეთში ევროპის მასშტაბით ყველაზე რთული პანდემიური ვითარებაა. კოვიდ19-ით დაღუპულთა რაოდენობა 106 000 აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG