ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის მომხრეები ვაშინგტონში საპროტესტო აქციას მართავენ


დონალდ ტრამპის მომხრეები, ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში, ქუჩებში გამოვიდნენ არჩევნების სერტიფიცირების გასაპროტესტებლად.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრამპი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვითაც მიმართავს.

დღეს ელიან ბაიდენის სიტყვით გამოსვლასაც. არჩეული პრეზიდენტი დელავერის შტატში მდებარე თავისი სახლიდან გააკეთებს მიმართვას მას შემდეგ, რაც ეკონომიკურ მრჩეველებს შეხვდება.

დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კი კონგრესში გამართული სერტიფიცირების სხდომა იქნება. კანონმდებლებმა საარჩევნო კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სერტიფიცრება უნდა მოახდინონ და ამით დასრულდება 46-ე არჩეული პრეზიდენტის გამარჯვების გამოცხადების ოფიციალური მხარე. ბოლო ნაბიჯი კი ინაუგარაცია იქნება, რომელიც 20 იანვარს იგეგმება.

ქალაქში დაძაბულობას და არეულობას ელიან, ამიტომ მაღაზიების ვიტრინები და სხვა დაწესებულებების გარე ფასადები კვლავ ფიცრებითაა აჭედილი. ქალაქში სიტუაცია გუშინ ღამესვე დაიძაბა. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. მათი ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინიმუმ 6 ადამიანია დაკავებული პოლიციის ოფიცრის შერუაცხყოფისა და იარაღის ტარების ბრალდებით.

უსაფრთხოების გარანტირებისთვის, ვაშინგტონის მერმა მურიელ ბაუზერმა ქალაქის დასაცავად ეროვნულ გვარდიას მოუხმო. მან, ასევე, თხოვა მოქალაქეებს თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან და არ ეკამათონ დემონსტრანტებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG