ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2021 წლის პროგნოზები ეკონომიკაში, ტექნოლოგიებში და ბიზნესში - რუბრიკა „გალილეო“ 


კოვიდ-19-ის პანდემიით აღბეჭდილი 2020 წლის შემდეგ, შეიძლება ახლავე ითქვას, რომ ახალი, 2021 წელი ნამდვილად აღარ იქნება ორდინალური. რა ცვლილებებს გვპირდება მომავალი წელი ეკონომიკის, ტექნოლოგიების, ბიზნესის მიმართულებით? რუბრიკაში „გალილეო“, უამრავ მოსალოდნელ ცვლილებას შორის, რაზეც საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ საერთაშორისო პრიზების მფლობელი ჟურნალისტები წერენ, რამდენიმე საინტერესო პროგნოზი შეგირჩიეთ.

ონლაინ-სწავლის ტექნოლოგიები გაიზრდება და დაიხვეწება

მოგვწონს ეს თუ არა, ვირტუალურ სკოლებს და უნივერსიტეტებს მომავალ წელს მეტი ყურადღება მიექცევა და შესაბამისად, მათი დაფინანსებაც გაიზრდება. ინვესტიციები ახალი ტექნოლოგიების სწავლებაშიც გაცილებით უფრო მეტად ჩაიდება.

2019 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, განათლებაში ინვესტირებული 6 ტრილიონი დოლარიდან, მის ტექნოლოგიურ მხარეს მხოლოდ 2.5% მოხმარდა. „სითიგრუპის“ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომავალ წელს, პანდემიით მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ეს თანხა სულ ცოტა გაორმაგდება და 2024 წლამდე $360 მილიარდს მიაღწევს.

ზრდა 2020 წელსაც თვალშისაცემი იყო. „პირსონის“ ონლაინ ნაწილმა წლის პირველ 9 თვეში 14%-იანი ზრდა დააფიქსირა. „ქულერნ ტექნოლოგიებში“ ამბობენ, რომ 12 კლასის ჩათვლით, მათთან მოსწავლეების მიღება 225%-ით გაიზარდა და მაისში, ფინანსური წლის დასასრულს, 1.9 მილიონს მიაღწია.

2020 წელს ზრდის ტენდენცია არამარტო დასავლეთში, არამედ აზიის ქვეყნებშიც დრამატულად გამოიკვეთა. ინდოეთში, სასწავლო ტექნოლოგიურ კომპანიაში „ბიჯუ“ ინვესტიციამ 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, ჩინურ „იუანფუდაოში“ კი - 16 მილიარდი.

ეჭვგარეშეა, რომ ვირტუალური განათლების ხვედრითი წილი მომავალ წელსაც თანდათან გაიზრდება. განსხვავება ის იქნება, რომ 2021 წელი გადაწყვეტს, თუ რომელი პლატფორმა და პროვაიდერია უმჯობესი ონლაინ საკლასო ოთახისთვის.

აყვავდება ონლაინ სპორტული ტოტალიზატორების ბიზნესი

კარანტინის პერიოდულად გამოცხადების გამო და შინიდან მუშაობის აშკარა უპირატესობის შედეგად, წელს განსაკუთრებით გაიზარდა სახლში გასართობი საშუალებების ბიზნესი. კომპიუტერებთან და ლეპტოპებთან ერთად, 2020 წელს, რეკორდული რაოდენობით გაიყიდა კომპიუტერული თამაშები.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 2021 წელს განსაკუთრებით იხეირებენ სპორტული ტოტალიზატორების მფლობელი კომპანიები. წინასწარი პროგნოზებით, მათი მოგება შეერთებულ შტატებში 23 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება, რაც ნევადის ცნობილი კაზინოების ონლაინ მოგებას ორჯერ აღემატება.

ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი შემოდგომაზე გახდა. მაგალითად, ნიუ-ჯერსის შტატის სპორტული ტოტალიზატორის მოგებამ ნოემბრამდე, 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. აქედან თითქმის 90% მხოლოდ ოქტომბერში დაფიქსირდა.

საკანონმდებლო პრობლემების გამო, ამერიკაში ამ კომპანიების უმეტესი ნაწილი სამ შტატშია თავმოყრილი: ნიუ-ჯერსი, პენსილვანია და დელავერი. თუ ონლაინ კაზინოები გარკვეული უარყოფითი სტერეოტიპების მატარებელია, ფეხბურთის, კალათბურთის, თუ ბეისბოლის სპორტული ტოტალიზატორები ამ სტიგმისგან შედარებით თავისუფალია. ახალ რეალობაზე მოსარგებად საკანონმდებლო ცვლილებებს ახლა მასაჩუსეტსის, ოჰაიოს და ნიუ-იორკის შტატებშიც განიხილავენ.

შინაური ცხოველების ბუმი იმატებს

2020 წელს ძალიან ბევრმა ისარგებლა შინიდან მუშაობის უპირატესობით და სახლში შინაური ცხოველი მოიყვანა. ზრდა იმდენად დიდია, რომ სპეციალისტები ამ მოვლენას ხშირად ბუმს უწოდებენ.

შინაური ცხოველების გაყიდვის და ამასთან დაკავშირებული სამედიცინო, სავაჭრო და სხვა ტიპის მომსახურების ბიზნესების ბუმი უმეტესად ადამიანის ოთხფეხა მეგობრებს უკავშირდება. 2020-ში არამარტო ლეკვების და კნუტების გამყიდველებმა იხეირეს, არამედ იმ კომპანიებმაც, ვინც ამ შინაური ცხოველებისთვის საკვებს, წამლებს, თუ ვაქცინებს ამზადებს, ან მათ ვარცხნილობებზე ზრუნავს.

გლობალურად შინაური ცხოველების პროდუქციის გაყიდვა 125 მილიარდით გაიზარდა. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ზრდის ტენდენცია, სულ ცოტა, მომდევნო 10 წლის მანძილზე გაგრძელდება.

ამის საუკეთესო მაგალითია „ამაზონის“ მფლობელობაში მყოფი ონლაინ მაღაზია „ჩუი“. მისი გაყიდვები წელს 46%-ით გაიზარდა, აპლიკაციის - მომხმარებელთა რაოდენობა კი - 150%-ით. დღეს ამ ონლაინ პლატფორმას 18 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

„ზოეტისის“ - შინაური ცხოველების მედიკამენტების კომპანიის ზრდამ ჯერჯერობით 20% შეადგინა, თუმცა მომავალი წლიდან მათ გაცილებით უკეთესი პროგნოზები აქვთ. ამ ეტაპზე, ეჭვგარეშეა, რომ შინაური ცხოველების ბიზნესი პოსტპანდემიურ რეალობაშიც ზრდის ტრაექტორიას შეინარჩუნებს.

„ტესლას“ გაყიდვებით ჩინური „WM-მოტორი“ გაასწრებს

სპეციალისტების აზრით, შანხაიში დაფუძნებული ჩინური კომპანია „WM-მოტორი“ გაყიდვებით ამერიკულ „ტესლას“ გაასწრებს. ჩინელმა მწარმოებლებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხარისხს და ფუფუნებას, მასობრივი ბაზარი არჩიეს.

ეკოლოგიურად სუფთა ჩინური ავტომობილები უფრო ხელმისაწვდომი და ახალგაზრდებს შორის კიდევ უფრო პოპულარული იქნება. ანალიტიკოსები მოელიან, რომ გაყიდვების მიხედვით, „WM-მოტორი“ ამერიკელ კონკურენტს 2021 წლის პირველ ნახევარში დაეწევა და მეორე ნახევარში, გაუსწრებს კიდეც.

ჩინელი დამფუძნებელი ფრიმან შენი, „ტესლას“ მშობელს - ელონ მასკს ბევრ რამეში ბაძავდა, ფუფუნების სტილის გარდა. საბოლოო ჯამში კი ისე გამოდის, რომ „WM-მოტორის“ ყველაზე პოპულარული მანქანა EX5-Z, „ტესლას“ მესამე მოდელის დაახლოებით ნახევარი ფასია.

ჩინურ კომპანიაშივე მოქმედებს კვლევის და პროდუქციის შესწავლის განყოფილება, რომელიც აცხადებს, რომ წელიწადში მინიმუმ 250 000 ავტომობილის წარმოების უნარი აქვთ, რაც ყოველწლიურად გაიზრდება. ანალიტიკოსები არც იმას გამორიცხავენ, რომ ჩინურმა „WM-მოტორმა“ მომავალში კონკურენცია ისეთ გიგანტებსაც გაუწიოს, როგორიცაა „ნისანი“.

5G ტექნოლოგია ყოველდღიური რეალობა გახდება

4G ჩვენს ყოველდღიურობაში ისე დამკვიდრდა, რომ უმეტესობას არც კი შეგვიმჩნევია, მაგრამ 5G-ის, ანუ უსადენო ქსელების მეხუთე თაობის გამოჩენას, თან უამრავი შეთქმულების თეორია ახლდა. ერთ-ერთი უკანასკნელი პანდემია კოვიდ-19-საც კი დაუკავშირეს, იმის მიუხედავად, რომ სწორედ პანდემიამ შეაჩერა მისი უფრო სწრაფად დანერგვა 2020 წელს.

მაღალი სისწრაფის მობილური ტექნოლოგია ჯერ მსოფლიოში მხოლოდ ერთეულებს თუ გამოუყენებიათ. წელს, მასობრივი კონცერტების, თუ სპორტული ღონისძიებების გაუქმების ფონზე, ტელეკომუნიკაციების დიდ მაგნატებს ამ ტექნოლოგიით გაპრანჭვის საშუალება ნაკლებად ჰქონდათ.

ახლა სცენა მზადაა იმისთვის, რომ ცხოვრების ჩვეული რიტმის დაბრუნებასთან ერთად, 5G ტექნოლოგიებიც სწრაფად დამკვიდრდეს. ამის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ფასში განსხვავების მოსპობაა. მომხმარებლებში იყო გარკვეული მოლოდინი, რომ 5G-ზე გათვლილი მობილური ტელეფონები გაცილებით ძვირი იქნებოდა, რაც სინამდვილეში არ გამართლდა.

„ეფლის“ ახალი „აიფონ-12“, რომელიც მეხუთე თაობის ტექნოლოგიებს მოემსახურება, ამერიკულ ბაზარზე $799 ღირს, რაც წინა მოდელის ფასს მხოლოდ უმნიშვნელოდ აღემატება. ვინც „აიფონის“ ამ მოდელზე 2021 წელს დაგეგმილ პროგრამულ განახლებას ჩამოტვირთავს, ხელში ეკავება ტელეფონი, რომელიც 5G ქსელებში ჩაერთვება.

მდიდრებს შორის ასაკობრივი ზღვარი გაღრმავდება

კარგადაა ცნობილი, რომ ზოგადად ახალგაზრდებს, კოვიდ-19 გაცილებით უკეთ გადააქვთ, ვიდრე ასაკოვან ადამიანებს. მაგრამ, ეს ნაკლებად ეხება მათ ეკონომიკურ კეთილდღობას. პანდემიამ ახალგაზრდები, განსაკუთრებით კი ე.წ. მილენიალები, ფინანსურად ძლიერ დააზარალა. განსხვავება მომავალ წელს იმდენად შესამჩნევი იქნება, რომ სპეციალისტების აზრით, ეს საკანონმდებლო ცვლილებებს და მხოლოდ მათთვის დაწესებულ შეღავათებს გამოიწვევს.

ანალიტიკოსები აღნიშავენ, რომ ახალგაზრდების ხვედრითი წილი დასავლეთში გამდიდრებულ ადამიანთა შორის, დროთა განმავლობაში ისედაც იკლებდა. ახლა მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება. მაგალითად ამერიკაში, 2019 წელს, 40 წლამდე ადამიანები ქონების მხოლოდ 8.6%-ს ფლობდნენ. 1990 წელს კი ეს მონაცემი 16.9%-ს შეადგენდა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა ბრიტანეთში, სადაც ხანდაზმულთა ქონება დაახლოებით 20%-ით აღემატება ახალგაზრდებისას.

პანდემიის გამო შეჩერებულ ინდუსტრიებში, როგორიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და მომსახურების სხვა სფეროები, უმეტესად ახალგაზრდებმა იზარალეს. უმრავლესობა სამსახურიდან დაითხოვეს, რამაც მათი ხანგრძლივად დასაქმების პერსპექტივა და ქონების დაგროვების შესაძლებლობა მინიმუმზე დაიყვანა.

ეუთოს მონაცემებით, 15-დან 24 წლამდე ამერიკელებს და კანადელებს შორის უმუშევრობა, ამ ეტაპზე 40%-ით უფრო მეტია, ვიდრე წინა რეცესიის და ფინანსური კრიზისის დროს. ბანკებთან მათი ვალებიც 2020 წელს კატასტროფულად გაიზარდა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG