ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპტიმიზმის ტრაექტორია: ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტურები 25-29 წლის ასაკში ვართ - ამერიკელი მეცნიერების ახალი კვლევა რუბრიკაში “გალილეო”


ის, რომ ოპტიმიზს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ეს უამრავი კვლევით არის დადასტურებული. ოპტიმიზმში იგულისხმება ინდივიდის მიდრეკილება, ჰქონდეს ცხოვრებისგან უფრო დადებითი შედეგების მოლოდინი. ასეთ ადამიანებს როგორც წესი, უფრო ჯანმრთელი ფსიქიკა აქვთ, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობაც უფრო დიდია, აქვთ შედარებით კარგი სოციალური ურთიერთობები და პრობლემებთან გამკლავების უკეთესი უნარი.

მაგრამ, რამდენიმე კვლევას თუ არ ჩავთვლით, არც ისე კარგადაა შესწავლილი ის, თუ როგორ იცვლება ოპტიმისტური განწყობა ასაკთან ერთად, დროთა განმავლობაში. ასევე საინტერესოა ის, თუ რა გავლენას ახდენს ოპტიმიზმზე სხვადასხვა ასაკში მიღებული დადებითი და უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება.

კალიფორნიის უნივერსიტეტის დეივისის ფილიალის მკვლევარები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ასაკთან ერთად, ადამიანის ოპტიმიზმის ხარისხი იცვლება: ის ხან იკლებს, ხან მატულობს. მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს თეორია გადაემოწმებინათ და ოპტიმიზმის ტრაექტორია და ტენდენციები მეცნიერულად შეესწავლათ. ამასთან, იმის გარკვევაც სურდათ, თუ რა როლს თამაშობს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად სქესი, ან ემიგრაცია.

ძალიან მოკლედ ახალი კვლევის შედეგები ასე შეიძლება შეჯამდეს: ოპტიმიზმი ყველაზე დაბალია 25-დან 29 წლამდე ადამიანებში. შემდეგ ის სტაბილურად იზრდება და პიკს აღწევს 55 წლის ასაკში, როცა ადამიანი ყველაზე ოპტიმისტური ხდება. ამის შემდეგ ოპტიმიზმი ისევ თანდათან იკლებს, თანაც - მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებებით.

ქალებს და კაცებს შორის დინამიკაში დიდი სხვაობა არ შეიმჩნევა. თუმცა, ოპტიმიზმის ტრაექტორია განსხვავდება მაგალითად, ამერიკაში დაბადებულ ამერიკელებს და იმიგრირებულ ამერიკელებს შორის. ამაზე ცოტა ქვევით ვისაუბრებთ.

კვლევა 7 წლის მანძილზე გრძელდებოდა და მასში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ჯგუფისთვის საორიენტაციოდ თავიდან სულ რამდენიმე ტრადიციული, ძალიან მარტივი შეკითხვა იყო შერჩეული, რომელზეც მონაწილეებს დადებითი ან უარყოფითი პასუხი უნდა გაეცათ. მათ შორის:

  • გაურკვევლობის დროს, ძირითადად საუკეთესო მოლოდინი მაქვს
  • თითქმის არ ხდება ისე, როგორც მე მინდა
  • მომავალს ყოველთვის ოპტიმისტურად ვუყურებ
  • კარგი რამ იშვიათად მემართება

შემდეგ, მონაწილეებს 54 კითხვას უსვამდნენ, რაც მათ სავარაუდო ცხოვრებისეულ გამოცდილებას უკავშირდებოდა. მაგალითად: “ბოლო 3 თვეში უარეს ბინაში გადავედი”, “გასულ წელს ძვირფასი მეგობარი/მეგობრები შევიძინე”, “ბოლო 3 თვეში სამსახური დავკარგე”, “ბოლო წელს ჩემთვის მნიშვნელოვანი განათლება მივიღე” და ასე შემდეგ.

გასაკვირი არ იყო, რომ ოპტიმიზმი იზრდებოდა იმ ადამიანებში, რომელთაც უახლოეს წარსულში ხელფასი მოუმატეს, უნივერსიტეტი დაამთავრეს, ან რომანტიულ ურთიერთობებში იმყოფებოდნენ. თუმცა, მეცნიერების გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ოპტიმისტებში უარყოფითი მოვლენების შემდეგაც კი, გამოკითხულებში ოპტიმიზმი არ მცირდებოდა. თანაც, არათუ არ მცირდებოდა, არამედ მათში ოპტიმიზმი კიდევ უფრო იზრდებოდა.

როგორც უკვე ვთქვით, ქალებს და კაცებს შორის ასაკის მიხედვით ოპტიმიზმის ტრაექტორიაში ნიშანდობლივი განსხვავება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ამერიკაში დაბადებულ და იმიგრანტ ამერიკელებს, აქ კი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო სხვაობა აღმოაჩინეს.

გაირკვა, რომ იმიგრანტებში ოპტიმიზმი სულ სხვა გრადაციებს გადის. ის 40 წლამდე ოდნავ იკლებს და შემდეგ 71 წლამდე სტაბილურად იზრდება. მაგრამ, იმის გამო, რომ კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადამიანების მხოლოდ 14 პროცენტი იყო იმიგრანტი, მკვლევარები მცირე ზომის ჯგუფის გამო აღნიშნავენ, რომ საბოლოო დასკვნების გაკეთება ნაადრევია და ეს მიმართულება შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

ნაშრომი სათაურით “ოპტიმიზმის განვითარება ზრდასრულ ასაკში და მისი კავშირი დადებით და უარყოფით ცხოვრებისეულ მოვლენებთან”, 21 მარტს გამოქვეყნდა. კვლევის დეტალების გაცნობა შესაძლებელია გამოცემა “სეიჯის” სამეცნიერო ჟურნალში Social Psychology and Personality Science.

ნაშრომის წამყვანი ავტორია ტედ შუაბა, კალიფორნიის უნივერსიტეტის დეივისის ფილიალის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი. თანაავტორები არიან: რიჩარდ რობინსი, პრიანკა შანგავი და ვიებკე ბლეიდორნი.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG