შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების სააგენტომ ოთხშაბათს თქვა, რომ ამერიკის ფედერალურ სააგენტოებზე თვის დასაწყისში გახმაურებული კიბერთავდასხმა, შტატების და ადგილობრივ მთავრობებზეც ვრცელდება. ჰაკერების მიერ განხორციელებულ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს თავდასხმაში, ამერიკის მთავრობის მაღალჩინოსნები ბრალს რუსეთს დებენ. თუმცა, მოსკოვი ამ ბრალდების უარყოფას აგრძელებს.
ჰაკერებმა სამთავრობო უწყებებში შესაღწევად ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია "სოლარუინდსი" (SolarWinds Corp) გამოიყენეს. ორგანიზაციებში შეჭრა ამ კომპანიის პროგრამულ განახლებასთან ერთად მოხდა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერში" ფიქრობენ, რომ თავდასხმა დაახლოებით 9 თვის წინ დაიწყო.
კიბერიერიშის შედეგად, კომპრომეტირებულია ამერიკის ფედერალური, თუ ადგილობრივი მთავრობების ბევრი სისტემა. ჰაკერები შეიჭრნენ ფედერალური, შტატის და ადგილობრივი მთავრობების, ისევე როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის და სხვა კერძო სექტორის ორგანიზაციების კომპიუტერულ სისტემებში" - ნათქვამია შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუ ელექტრონული მიმოწერის გარდა, რა ტიპის ინფორმაციაა კომპრომეტირებული. "სოლარუინდსის" განმარტებით, გატეხილია მათი პროგრამა "ორიონი", რომლის განახლების დროსაც მოხდა სამთავრობო კომპიუტერულ სისტემებში შეჭრა.
კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო სრულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ აქვეყნებს. დღეისთვის დადასტურებულია, რომ ფედერალურ სააგენტოებს შორის, თავდასხმა მოხდა ხაზინაზე, ვაჭრობის, ენერგეტიკის და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტებზე.
საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" ცნობით, იერიშს ვერც თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტები გადაურჩნენ. მათი ინფორმაციით, ასევე გატეხილია ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კომპიუტერული სისტემა.
შეერთებული შტატების კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო დაზარალებულთა შორის არც კონკრეტულ შტატებს ასახელებს. "როიტერი" გასულ კვირაში წერდა, რომ რუსი ჰაკერების მსხვერპლი იყო არიზონის შტატი, კერძოდ - პიმას საგრაფო. არც შტატის, არც პიმას საგრაფოს ოფიციალური პირები მომხდარზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
Facebook Forum