ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოდერნას კანდიდატი ვაქცინის დოკუმენტების ნაწილი ჰაკერებმა მოიპოვეს


"მოდერნას" მიერ შემუშავებული კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გარკვეული დოკუმენტები კიბერთავდასხმის შედეგად მესამე მხარის ხელში აღმოჩნდა. ინფორმაციას ვაქცინის მწარმოებელი კომპანია, ევროპის მედიკამენტების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით ევროპის მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოზე კიბერთავდასხმა მოხდა, რა დროსაც მესამე მხარემ დოკუმენტების ნაწილზე წვდომა მოიპოვა. მოდერნა მეორე კანდიდატი ვაქცინაა, რომელიც დამტკიცებას ელოდება.

კომპანიაში "მოდერნა" ამბობენ, რომ მარეგულირებლისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული კვლევაში მონაწილე პირების პირადი ინფორმაციები და არ არსებობს საფრთხე, იმისათვის რომ მესამე მხარისათვის ცნობილი გახდეს ამა თუ იმ პირის პირადი ინფორმაცია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ამა თუ იმ წამლის ვარგისობასა და უსაფრთხოების შესახებ გადაწყვეტილებას მედიკამენტების ევროპული სააგენტო (EMA) იღებს. მარეგულირებელმა დეკემბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ მათ სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა. მაშინ გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ჰაკერების სამიზნე "ფაიზერის" ვაქცინა და წარდგენილი დოკუმენტაცია იყო.

ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მოდერნას მიერ შექმნილი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა "უსაფრთხო და ეფექტურია". უახლოეს დღეებში, 20 დეკემბრამდე, სააგენტო სავარაუდოდ ვაქცინის საგანგებო გამოყენებას დაუჭერს მხარს.

გასულ კვირას ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ, კომპანია "ფაიზერს" ვაქცინის საგანგებო გავრცელების უფლება მისცა. ვაქცინაციის პროცესი ამერიკის შეერთებულ შტატებში ორშაბათს დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG